ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიის ინდექსი მკვეთრად გაუარესდა

28 თებერვალი, 2025 •
საქართველოს დემოკრატიის ინდექსი მკვეთრად გაუარესდა

ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაცია The Economist Intelligence Unit-ის 2024 წლის დემოკრატიის ინდექსის თანახმად, რომელსაც ჟურნალი „ეკონომისტი“ აქვეყნებს, საქართველო 4,7 ქულით 94-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.

2023 წელს საქართველოს 10-ქულიან სკალაზე 5.20 ქულა ჰქონდა და 89-ე ადგილს იკავებდა.

დემოკრატიის ინდექსის შემადგენელ კომპონენტებში საქართველოს შედეგი ასე ნაწილდება:

  • საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი — 5.67
  • მთავრობის ფუნქციონირება — 3.21
  • პოლიტიკური თანამონაწილეობა — 5.56
  • პოლიტიკური კულტურა — 3.75
  • სამოქალაქო თავისუფლება — 5.29

საქართველო, კატართან, ქუვეითთან, ტუნისთან და ბანგლადეშთან ერთად, იმ ქვეყნების ხუთეულშია, რომელსაც ყველაზე დიდი უკუსვლა აქვს.

დემოკრატიის ინდექსის მაჩვენებლით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო მე-20 ადგილს იკავებს და ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაში რჩება. რეიტინგში საქართველოს უსწრებს მეზობელი სომხეთი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი მოლდოვა და უკრაინა.

„რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს პოლიტიკაში 2024 წელს, თუმცა, ირიბად და არა პირდაპირი ინტერვენციის გზით. 2024 წელს საქართველოს აქვს ყველაზე მკვეთრი გაუარესება რეგიონის ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით: მისი ინდექსის ქულა 2023 წელს 5,20-დან 4,70-მდე დაეცა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკამათო კანონპროექტის მიღებას დიდი პროტესტი მოჰყვა. ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნები გახდა შეჯიბრი რუსეთის და ევროკავშირის მიმართულებებს შორის. თავად კენჭისყრა ხასიათდებოდა დარღვევებით, მათ შორის ჟურნალისტებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლისა და ხმების მოსყიდვისა და ბიულეტენების ჩაყრის ბრალდებებით. ოპოზიციამ გამოთქვა შეშფოთება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გავლენის შესახებ იმ ორგანოებზე, რომლებსაც ევალებათ საარჩევნო ზედამხედველობა. არჩევნებში მოქმედმა მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა და წელიწადი დასრულდა ქუჩაში დიდი საპროტესტო აქციებით“, — ვკითხულობთ ანგარიშში.

მსოფლიოს 200 ქვეყანას შორის დემოკრატიის ინდექსის საუკეთესო მაჩვენებელი ნორვეგიას აქვს, რომელიც 9.81 ქულით პირველ ადგილს იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი