ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა – The Economist

22 იანვარი, 2020 •
საქართველოს დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა – The Economist

ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაცია The Economist Intelligence Unit-ის 2019 წლის დემოკრატიის ინდექსის  თანახმად, რომელსაც ჟურნალი “ეკონომისტი” აქვეყნებს, საქართველო 165 ქვეყანას შორის, ჰონდურასთან ერთად, 89-ე ადგილს იყოფს, ხოლო მისი ქულა წინა წელთან შედარებით 0.08-ით გაუარესდა.

საქართველო, ისევე როგორც გასულ წელს, ქვეყნების საერთო რეიტინგში 89-ე ადგილს იკავებს.

10-ქულიან სკალაზე საქართველოს საერთო ქულა 5.42-ია, მაშინ, როცა 2018 წელს 5.50 იყო. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი (3.21 ქულა) საქართველოს მთავრობის ფუნქციონირების კომპონენტში აქვს, ყველაზე კარგი კი (7.83 ქულა)- საარჩევნო პროცესის და პლურალიზმის ნაწილში. 6.11 ქულა აქვს საქართველოს პოლიტიკური თანამონაწილეობის კომპონენტში, 4.38 – პოლიტიკური კულტურის,  ხოლო 5.59 – სამოქალაქო თავისუფლებების კომპონენტში.

დემოკრატიის ინდექსის მაჩვენებლით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო მე-19 ადგილს იკავებს და ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაში რჩება. რეიტინგში საქართველოს უსწრებს მეზობელი სომხეთი, რომლის  მაჩვენებლის გაუმჯობესება, “ეკონომისტის” თანახმად, მეტწილად სხვა ქვეყნების შეფასებების ვარდნამ განაპირობა.  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეტინგში 7.90 ქულით ესტონეთი ლიდერობს. საქართველოს მეზობლებს შორის ყველაზე ცუდი რეიტინგი აზერბაიჯანს აქვს, რომელიც 146-ე ადგილზეა. 134-ე ადგილს იკავებს რუსეთი, ხოლო 110-ეს – თურქეთი.

მსოფლიოს 167 ქვეყანას შორის (165 სუვერენული სახელმწიფო და 2 ტერიტორია) დემოკრატიის ინდექსის საუკეთესო მაჩვენებელი ნორვეგიას აქვს, რომელიც 9.87 ქულით პირველ ადგილს იკავებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი