საზოგადოება

საქართველოს დემოკრატიის ინდექსი გაუარესებას განაგრძობს

10 თებერვალი, 2022 • 2278
საქართველოს დემოკრატიის ინდექსი გაუარესებას განაგრძობს

ჟურნალ „ეკონომისტის” ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაცია The Economist Intelligence Unit-ის 2021 წლის დემოკრატიის ინდექსის თანახმად, საქართველოს ქულა წინა წელთან შედარებით გაუარესდა.

10-ქულიან შკალაზე საქართველოს საერთო ქულა 5.12-ია, მაშინ, როცა 2020 წელს 5.31 იყო. დემოკრატიის ინდექსი 2006 წლიდან ქვეყნდება. ინდექსში დემოკრატიის მაქსიმალური ქულაა 10, ხოლო მინიმალური – 0. საქართველოს  ყველაზე მაღალი ქულა (5.95) 2013 წელს ჰქონდა და რეიტინგში 78-ე ადგილს იკავებდა. ბოლო წლებში საქართველოს ქულა დემოკრატიის ინდექსში კლების ტენდენციით ხასიათდება.

დემოკრატიის ინდექსი 2006-21 წწ.

2021 წლის დემოკრატიის ინდექსში საქართველო, ისევე როგორც წინა წელს, 167 ქვეყანას შორის 91-ე ადგილს იკავებს და ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაში რჩება.

„ეკონომისტი“ დემოკრატიის დონეს ზომავს ხუთ კომპონენტში. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი (3.57 ქულა) საქართველოს ისევ მთავრობის ფუნქციონირების კომპონენტში აქვს, ყველაზე კარგი კი (7.42 ქულა) — საარჩევნო პროცესის და პლურალიზმის ნაწილში, თუმცა ეს ქულა 2020 წელთან (7.83) შედარებით შემცირებულია. გაუარესებულად არის შეფასებული, 5.56 ქულით (6.11 ქულა 2020 წელს) პოლიტიკური თანამონაწილეობის კომპონენტში. საქართველოს 3.75 ქულა აქვს პოლიტიკური კულტურის, 5.29 კი — სამოქალაქო თავისუფლების კომპონენტში.

ანგარიშში ნათქვამია, რეგიონის ჰიბრიდულ რეჟიმებს შორის საქართველო და უკრაინა აგრძელებენ ბოლოდროინდელი ვარდნის ტენდენციას, ხოლო გაუმჯობესება შეინიშნება სომხეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში.

„საქართველო ჩვენს გლობალურ რეიტინგში 91-ე ადგილს ინარჩუნებს, მოქცეულია ლიბერიასა და ჰონდურასს შორის, მაგრამ  2020 წელთან შედარებით  2021 წელს მისი ქულა 5,31-დან 5,12-მდე დაეცა. სოციალური ერთიანობა დაზარალდა და რამდენიმე ტურბულენტურმა მოვლენამ შეაფერხა დემოკრატიული პროცესები. მმართველ პარტია „ქართული ოცნებასა“ და ოპოზიციურ ოარია  „ნაციონალური მოძრაობას“ შორის დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებით. საერთაშორისო დამკვირვებლების თანახმად, ადგილობრივი არჩევნები დააზიანა დარღვევებმა. მმართველი პარტია მნიშვნელოვანი ფინანსური და ოპერაციული უპირატესობებით სარგებლობს, რაც ხელს უშლის საარჩევნო კონკურენციას და გამჭვირვალობას. პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად გაღრმავდა საზოგადოების დაყოფა“, — წერია ანგარიშში.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის დემოკრატიის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ესტონეთს. რეგიონის 28 ქვეყანას შორის საქართველო  19-ე ადგილს იკავებს — ეს უკრაინაზე და სომხეთზე ცუდი მაჩვენებელია, რუსეთზე და ბელარუსზე კი— უკეთესი.

მსოფლიოს 167 ქვეყანას შორის დემოკრატიის საუკეთესო მაჩვენებლი აქვთ ნორვეგიას, ახალ ზელანდიას, ფინეთს, შვედეთსა და ისლანდიას, ხოლო რეიტინგის ბოლო ხუთეულში შედიან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩრდილოეთ კორეა, მიანმარი და ავღანეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი