ახალი ამბები

ივერი მელაშვილი მასზე სიტყვიერ თავდასხმას პროპაგანდას უკავშირებს

1 თებერვალი, 2021 • 1744
ივერი მელაშვილი მასზე სიტყვიერ თავდასხმას პროპაგანდას უკავშირებს

ივერი მელაშვილს, რომელიც ე.წ. კარტოგრაფების საქმის გამო იყო დაკავებული და რამდენიმე დღის წინ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ტექნიკის მაღაზიაში თავს სიტყვიერად დაესხნენ. შემთხვევა დღეს, პირველ თებერვალს მოხდა.

ინციდენტის ამსახველ ვიდეოს “ფორმულას” თანამშრომელი სოფო სამუშია ავრცელებს. მისი თქმით, მაღაზიის დაცვა მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ივერი მელშვილმა მაღაზია დატოვა.

“ჩოჩქოლი იყო რეალურად, შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანს. რომ მოვტრიალდი, შემრჩა ივერი მელაშვილი. იყო ძალიან უსამართლო, აგრესიული გარემო, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ამ ერთ ადამიანს ესხმოდა თავს. იყო ეს პიროვნება, რომელიც ვიდეოშია ჩაწერილი, მაგრამ სანამ ვიდეოს გადაღებას დავიწყებდი, კიდევ სხვა ადამიანებიც ემატებოდნენ. სალაროებიდანაც იყო გადმოძახილი. მე რომ ვითხოვდი დაცვას, ყურადღებასაც არ მაქცევდნენ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ივერი მელაშვილმა დატოვა მაღაზია, მერე გამოჩნდა ორი დაცვა და მენეჯერმა მერე დაიწყო ამ აგრესიული ადამიანის გაყვანა”, — ამბობს ვიდეოს ავტორი “ფორმულასთან”.

თავად ივერი მელაშვილი კი მასზე სიტყვიერ თავდასხმას მის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას უკავშირებს.

“მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ პროვოკაციაა თავდასხმა. უკვე გადაღებულია? კადრები გავრცელდა? მე ვფიქრობ, რომ პროპაგანდის არის თუ ვიღაცებმა რაღაც გადაბრუნებული და ამოჭრილი ლაპარაკი რომ აჩვენეს, ალბათ, იმის შედეგი შეიძლება იყოს. რაიმე ისეთი არ მომხდარა, უბრალოდ, რაღაც მაკადრა, ხმამაღლა მელაპარაკა და ეგ იყო. მე ვფიქრობ, რომ ეს, ალბათ, ერთ-ერთი მათგანია, ვინც პროვოკაციებს აწყობს ხოლმე”, — განაცხადა მელაშვილმა “ტვ პირველთან”.

ინციდენტს გამოეხმაურა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძეც და თქვა, რომ არანაირი თავდასხმა მისაღები არ არის.

“ფორმას არ აქვს მნიშვნელობა, არანაირი თავდასხმა მისაღები არ არის თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და ამას უნდა გაემიჯნოს ყველა, ეს იქნება ხელისუფლების წარმომადგენელი თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე. რაც შეეხება წახალისებას, წარმოუდგენელია დღევანდელ სიტუაციაში “ქართული ოცნების” დამოკიდებულება ადამიანების მიმართ იძლეოდეს იმის თქმის საშუალებას, რომ ვიღაცას ახალისებს დღევანდელი ხელისუფლება. ეს წინა ხელისუფლების ხელწერაა, ჩვენ მსგავსი ხელწერა არ გვახასიათებს. რაც შეეხება კრიტიკას, ჩვენს დამოკიდებულებას ყოველთვის გამოვხატავთ, მით უმეტეს, ასეთი სენსიტიური და ეროვნული თემების მიმართ. თან, ეს ეროვნული ინტერესი როდესაც გამყარებულია კონკრეტული მტკიცებულებებით”, — განაცხადა მდინარაძემ.

ნეტგაზეთი აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათ პასუხს მიღებისთანავე გაგაცნობთ.

28 იანვარს “ტვ პირველის” ეთერში მელაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ საზღვრის დადგენის პროცესში კონტრპროდუქტიულია მოლაპარაკების წარმოება ხისტი პოზიციით, ამით მტრულად განაწყობ პარტნიორ ქვეყანას.

“ეუბნები, რომ “მოდი, ვიმსჯელოთ”. მიდგომა “არა, გინდა თუ არა ჩვენია”, ჩათვალეთ [საქმის] გაფუჭებაა. მოლაპარაკება რა არის? მოლაპარაკება არის, რომ იწყებ რაღაც საწყისიდან, რაღაც ეტაპიდან, თანხმდები და ნელ-ნელა მიჰყვები ამ ყველაფერს… როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია… როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი, ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს. ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი და არ დაგითმობს არასოდეს. იმ საშუალებას, რაც მანამდე გვქონდა, აფუჭებ, მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას”, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

ივერი მელაშვილის ეს განცხადება კრიტიკის საფუძველი გახდა ხელისუფლების მხრიდან.

მოგვიანებით მელაშვილმა მის მიერ გაკეთებულ განცხადება განმარტა და თქვა, რომ მიზანი მიიღწევა არა “ურაპატრიოტული” დავის წარმოებით, არამედ ცივილიზებული მოლაპარაკებით, და სწორედ ამ ორ მიდგომას შორის განსხვავებებზე საუბრობდა.

მელაშვილის განმარტება: “მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალებაა მოლაპარაკება”

მასალების გადაბეჭდვის წესი