ახალი ამბები

ასოცირების შეთანხმების 30%-მდე გვაქვს შესრულებული – მახარობლიშვილი

1 თებერვალი, 2021 • 936
ასოცირების შეთანხმების 30%-მდე გვაქვს შესრულებული – მახარობლიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დაახლოებით 30% აქვს იმპლემენტირებული.

ამის შესახებ მახარობლიშვილმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიში მოისმინეს.

მახარობლიშვილის თქმით, 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია არ შენელებულა.

“ზოგადად რთულია [ასოცირების შეთანხმების იმპემლემენტაციის პროგრესის] ციფრებში ასახვა, რადგან ასოცირების შეთანხმება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს — როგორც საკანონმდებლო აპოქსიმაციას, ისე პოლიტიკურ განზომილებას, ასევე, ინსტიტუციონალურ დაახლოებას, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტისთვის ჩვენ სადღაც 30%-მდე გვაქვს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია განხორციელებული და 2024 წლისთვის, პროცესის ეფექტურად განხორციელების პირობებში, გვექნება, ალბათ, დაახლოებით 60-65% ასოცირების შეთანხმების გადმოტანილი და ინტეგრირებული ჩვენს კანონმდებლობაში და ინსტიტუციონალურ მოწყობაში”, – განაცხადა მახარობლიშილმა.

მისი თქმით, ეს პროცენტული მაჩვენებელი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ქართულმა მხარემ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთოს. “ქართულ ოცნებას” ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთება 2024 წლისთვის აქვს დაანონსებული.

ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, რთულია იმის თქმა, თუ რა დრო დასჭირდება განაცხადის გაკეთების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ თუ 2024 წელს ასოცირების შეთანხმების 60-65%-ის იქნება იმპლემენტირებული, ეს საკმაოდ კარგი საწყისი წერტილი იქნება პროცესების შემდგომი განვითარებისთვის.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ჩათვლით, 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში გაფორმდა და  სრულად ძალაშია 2016 წლის პირველი ივლისიდან.

შეთანხმება მიზნად ისახავს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას. შეთანხმება ითვალისწინებს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას და ევროკავშირის ხელშეწყობით კონკრეტული რეფორმების გატარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატია და კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, კვლევა და ტექნოლოგიები, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სამოქალაქო საზოგადოება, რეგიონული განვითარება და სხვა.

ამ თემაზე:

რიგითი წინასაარჩევნო განცხადება თუ რეალური გეგმა – რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი