ახალი ამბები

მახარობლიშვილი საქართველოს პირველი ელჩია, ვისაც ბრიუსელში ახსნა-განმარტებებისთვის იბარებენ – სამადაშვილი

22 სექტემბერი, 2021 •
მახარობლიშვილი საქართველოს პირველი ელჩია, ვისაც ბრიუსელში ახსნა-განმარტებებისთვის იბარებენ – სამადაშვილი

პარლამენტის წევრი და ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, სალომე სამადაშვილი ვახტანგ მახარობლიშვილის ბრიუსელში დაბარებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის საქართველოს პირველი ელჩია, ვინც ევროკავშირში დაიბარეს.

“ვატო მახარობლიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს მეოთხე ელჩია ევროკავშირში. რთული პოსტია ევროკავშირში მისია, მისი ყველა ხელმძღვანელი, ჩემი ჩათვლით, გაცილებით დიდ ხანს დარჩა პოსტზე, ვიდრე ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა. ის პირველია, ვისაც ახსნა-განმარტებებისთვის იბარებენ ევროპულ სტრუქტურებში”, – წერს სამადაშილი სოციალურ ქსელში.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, სავარაუდოდ სუს-ის მიერ დიპლომატების მოსმენის გამო ბრიუსელში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი დაიბარეს.

ამასთან, ჰარცელი აღნიშნავს, რომ დიპლომატების მოსმენა ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება და საქართველოს მსგავსი პარტნიორი ქვენისგან ელჩების მოსმენა არაბუნებრივად მიაჩნიათ.


ფაილებიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, იკვეთება, რომ უწყება უსმენს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. მასალებს შორისაა ათეულობით ცნობა, რომლებიც აღწერენ ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების საუბრებს ერთმანეთთან თუ მესამე პირებთან.

რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი გამოეხმაურა ცნობას სუს-ის მიერ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის სავარაუდო მოსმენის შესახებ.

“ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რადგანაც მას მოჰყვება შედეგები ვენის კონვენციის ჩარჩოს ფარგლებში. ჩვენ ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს ამ კონტექსტში, ისევე როგორც ყოველთვის ვაკეთებთ მსგავს სიტუაციებში, მაგრამ სავარაუდო ინცინდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ დროისთვის მეტს ვერ ვიტყვით”, — განაცხადა რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანომ.

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, კი “დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარული მოსმენა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს მათზე არ არის მიმართული, წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევას”.

“წვდომა ჰქონდათ მოსმენების სამსახურთან” — პრემიერი გახარიას გუნდზე

მასალების გადაბეჭდვის წესი