საზოგადოება

საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებიდან — ევროპარლამენტი

5 აპრილი, 2022 • 1700
საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებიდან — ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის აპრილიდან საქართველომ სერიოზულად უკან დაიხია ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების მხრივ.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველო-ევროკავშრის ასოცირების შეთანხმების განხორციელების განახლებულ შეფასებაში, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) მოთხოვნით ევროპარლამენტის კვლევის სამსახურმა (EPRS) მოამზადა.

„მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში, დემოკრატიული ინსტიტუტები თანდათან იფიტებოდა მათი ძირითადი არსიდან და მმართველი კოალიცია სულ უფრო მეტად აქცევდა ძალაუფლებას თავის ხელში. ასევე, ის ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის. კანონის უზენაესობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რასაც მოწმობს ოპოზიციის გახმაურებული ლიდერების დაკავება, 2019 წლის ივნისიდან 2021 წლის ივლისის პერიოდის ძალადობრივი ინციდენტების ეფექტური გამოძიების ნაკლებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება. 2020 წლიდან სასამართლო სისტემაში განვითარებულმა მოვლენებმა (კერძოდ, ნაჩქარევი და მოსამართლეთა არაგამჭვირვალე დანიშვნები, გენერალური პროკურორის დანიშვნის რეფორმის წარუმატებლობა, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები) ხაზგასმით გამოავლინა ძირითადი ჩავარდნები ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში. 2020-21 წლებში დანერგილი ცვლილებები არ ეფუძნება მმართველ კოალიციასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსს ან სამოქალაქო საზოგადოების ფართო მონაწილეობას“, — ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რჩება რეგიონულ ლიდერად კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ანტიკორუფციული რეფორმები ბოლო წლებში შენელდა, მაღალი დონის კორუფციის ეფექტური გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა კი მთავარი გამოწვევაა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ სურათი არაერთგვაროვანია. ქართული მედიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა — მიუხედავად იმისა, რომ მედიაგარემო პლურალისტურია, მედიის პოლარიზაცია გაიზარდა პოლიტიკური კრიზისის პარალელურად.

„სამუშაო გარემო, რომელშიც ჟურნალისტები მუშაობენ საქართველოში, უფრო რთული გახდა მედიის მუშაობაში პოლიტიკური ჩარევის, ასევე, ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების გამო“, — ნათქვამია ანგარიშში.

შეფასების თანახმად, სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაცია და დანაშაული საქართველოში მთავარ პრობლემად რჩება.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, ევროპარლამენტის ანგარიშის შეფასებით, ძლიერია, თუმცა მასზე გავლენას ახდენს ქვეყანაში მზარდი პოლიტიკური ანტაგონიზმი.

მიღწევებს შორის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020-21 წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი ზომები მიიღო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და სამსახურში გენდერული თანასწორობის გასაუმჯობესებლად. ბავშვის უფლებათა კოდექსი მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად არის შეფასებული. აღნიშნულია, რომ მიუხედავად COVID-19 პანდემიის მიერ წამოჭრილი გამოწვევებისა, შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოებით, მოსალოდნელია დასაქმებულთა უფლებების არსებითი გაუმჯობესება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში საქართველომ დაიწყო მნიშვნელოვანი დეცენტრალიზაციის რეფორმები ძირითადი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ფინანსური და ტერიტორიული შედეგებით, თუმცა ის, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო უფრო ეფექტური მენეჯმენტის და ინვესტიციის ხელშეწყობისთვის, ვიდრე ადგილობრივ დონეზე ეფექტური მმართველობის სურვილით.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2020 წლიდან საქართველო მუდმივად ასრულებს უვიზო რეჟიმით დადგენილ ევროკავშირის ძირითად მოთხოვნებს და ეფექტურად თანამშრომლობდა ევროკავშირის სააგენტოებთან და წევრ ქვეყნებთან კრიმინალთან ბრძოლაში.
დადებითად არის შეფასებული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაც, თუმცა ნათქავმია, რომ საქართველომ უარი თქვა შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

„2020-21 წლებში საქართველოს ეკონომიკა მძიმედ დაზარალდა COVID-19-ის პანდემიით, თუმცა აქვს პოტენციალი, განაგრძოს თავისი საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) განხორციელება. ეს, იმის მიუხედავად, რომ კორექტირების მაღალი ხარჯები უნდა გაიღონ ბიზნესაქტორებმა ევროკავშირის მიახლოებითი კანონმდებლობის აღსრულებისას, განსაკუთრებით, სანიტარული და ფიტოსანიტარული ღონისძიებების სფეროში. საქართველო საკანონმდებლო პროცესების კუთხით სწორ გზაზეა, თუმცა ენერგეტიკისა და გარემოს თვალსაზრისით კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით, ენერგოეფექტურობის კუთხით. თუმცა პროგრესი მიღწეულია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით“, — ნათქვამია ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი