ახალი ამბები

„გადადგეს მერი“ – აქცია ჩხოროწყუში მოსწავლეების მიერ ტუალეტის გახეხვის გამო

1 თებერვალი, 2021 • 1180
„გადადგეს მერი“ – აქცია ჩხოროწყუში მოსწავლეების მიერ ტუალეტის გახეხვის გამო

პირველ თებერვალს ჩხოროწყუს საკრებულოში ხმაური მოჰყვა მეშვიდეკლასელების მიერ მერიის ტუალეტის მოხეხვაზე ინფორმაციის გავრცელებას. პარალელურად, მერიასთან აქციაზე მერის გადადგომა მოითხოვეს.

მერიაში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ არ იცოდნენ და როგორც კი გაიგეს, მაშინვე მიიღეს ზომები, აქციას კი პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობად აფასებენ.

ენმ-მ და „ევროპულმა საქართველომ“ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. პარალელურად, მერიის შენობასთან ოპოზიციის მომხრეების აქცია გაიმართა.

„ჩვენი მოთხოვნაა, სამარცხვინო მერმა დატოვოს ჩხოროწყუს მერის თანამდებობა, ხომ ხედავთ, საკრებულო რა დღეშია, ამ ყველაფერს „აპრავებენ“… აქ გული არ შესტკივათ იმაზე, რომ ის ბავშვები დაიჩაგრნენ. ამ ბავშვებს ეს გაჰყვებათ მთელი ცხოვრების მანძილზე“, – განაცხადა ჟურნალისტებთან რამაზ გულუამ, ენმ-ის ადგილობრივმა წარმომადგენელმა.

მერაბ შელიამ, „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივმა წარმომადგენელმა და ყოფილმა გამგებელმა თქვა: „თავის დონეზე რომ ყოფილიყო სამსახურები დაყენებული მერიაში, მაშინ ეს თემა არ მოხდებოდა“.

მერის მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ამბბოს, რომ მერია გმობს აღნიშნულ ფაქტს: „ეს არის უკიდურესად მიუღებელი თითოეული ჩვენგანისთვის… დღევანდელი დღე მათ პოლიტიკურ ასპარეზად აქციეს და ამ სამარცხვინო ფაქტს იყენებენ თავიანთ საკეთილდღეოდ“.


ვახტანგ ფირცხალავას სახელობის ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები 25 იანვარს წაიყვანეს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და სხვა ოთახებთან ერთად ტუალეტიც დაასუფთავებინეს.

„ვერ ვაკეთებ მე ამას, არ შემიძლია“, – ისმის საპირფარეშოში მყოფი ერთ-ერთი ბავშვის ხმა ვიდეოში, რომელიც „ფეისბუკზე“ გავრცელდა.

ვიდეოში ჩანს, რომ ბავშვები მერიის საპირფარეშოში, ხელსაბანის ოთახში არიან, იატაკზე ქაფიანი წყალია დასხმული და იატაკს საწმენდებით ასუფთავებენ.

კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ წმენდნენ ბავშვები მერიაში სხვადასხვა ადგილას ფანჯრებს.

როგორც „ნეტგაზეთმა“ გაარკვია, ბავშვები მერიაში წაიყვანა მოქალაქე ე.ჯ-მ, რომელიც არც სკოლის მასწავლებელია და არც მერიის ან გამგეობის თანამშრომელი. ის 2020 წლის 31 დეკემბრამდე მერიის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა.

ჩხოროწყუს მერის, დათო გოგუას თანახმად, როგორც კი შეატყობინეს ამ აქტივობის შესახებ, მერიას „მაშინვე გვქონდა რეაგირება და გამოვუშვით ეს ბავშვები მერიიდან“.

„ეს იყო ამ ქალბატონის თვითშემოქმედება, ბოროტად ისარგებლა დაცვის თანამშრომლების ნდობით და დაცვამაც შემოუშვა ბავშვები“.

ვრცლად:

ჩხოროწყუში მეშვიდეკლასელებს მერიის ტუალეტი მოახეხინეს – დაწყებულია გამოძიება

მასალების გადაბეჭდვის წესი