ახალი ამბები

ჩხოროწყუში მეშვიდეკლასელებს მერიის ტუალეტი მოახეხინეს – დაწყებულია გამოძიება

1 თებერვალი, 2021 • 1935
ჩხოროწყუში მეშვიდეკლასელებს მერიის ტუალეტი მოახეხინეს – დაწყებულია გამოძიება

ჩხოროწყუს მეორე სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს მერიის ტუალეტი მოახეხინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით დაიწყო გამოძიება.

ვინ წაიყვანა ბავშვები მერიაში და რას ამბობენ დირექცია, რესურსცენტრი და მერია ამ ამბავზე?

რა მოხდა?

ვახტანგ ფირცხალავას სახელობის ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები 25 იანვარს წაიყვანეს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და სხვა ოთახებთან ერთად ტუალეტიც დაასუფთავებინეს.

„ვერ ვაკეთებ მე ამას, არ შემიძლია“, – ისმის საპირფარეშოში მყოფი ერთ-ერთი ბავშვის ხმა ვიდეოში, რომელიც „ფეისბუკზე“ გავრცელდა.

ვიდეოში ჩანს, რომ ბავშვები მერიის საპირფარეშოში, ხელსაბანის ოთახში არიან, იატაკზე ქაფიანი წყალია დასხმული და იატაკს საწმენდებით ასუფთავებენ.

კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ წმენდნენ ბავშვები მერიაში სხვადასხვა ადგილას ფანჯრებს.

გამოძიება იძულების მუხლით

„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა, როგორ აღმოჩნდნენ ბავშვები მერიის შენობაში ტუალეტის დასასუფთავებლად. ჩვენ ვცადეთ მეორე სკოლის დირექტორთან, ნონა თოდუასთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა და ჩხოროწყუს მერმა „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

„რაც მოხდა, არის, ფაქტობრივად, დანაშაული ბავშის წინაშე და კოვიდ-19-ის დროს მიღებული რეგულაციების დარღვევა, შესაბამისად, ამ საკითხს სწავლობს პოლიცია“, – გვითხრა რესურსცენტრის უფროსმა, ლია ჯალაღონიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, ანუ იძულების მუხლით არის დაწყებული.

იძულებას კანონი განმარტავს როგორც ადამიანის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა.

იძულება, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტ თვემდე.

ვინ წაიყვანა ბავშვები?

მეორე სკოლის მე-7 კლასის ქართულის მასწავლებელმა, ნაირა ციმინტიამ, — რომელიც ამბობს, რომ შემთხვევასთან უშუალოდ შეხება არ ჰქონია, — „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ ბავშვები არასაგაკვეთილო პროცესში წაიყვანეს მერიაში: „მშობლების ნებართვა ჰქონდათ და ამიტომ თქვა დირექტორმა, ჩემი საქმე არ არისო“.

მასწავლებლის თქმითვე, ბავშვებს ტუალეტი არ დაუსუფთავებიათ და „ვიდეოშიც საპირფარეშოს შესასვლელთან არიან, შიგნით არა“.

როგორც „ნეტგაზეთმა“ გაარკვია, ბავშვები მერიაში წაიყვანა მოქალაქე ეთერ ჯაფარიძემ, რომელიც არც სკოლის მასწავლებელია და არც მერიის ან გამგეობის თანამშრომელი. ის 2020 წლის 31 დეკემბრამდე მერიის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა.

რესურსცენტრის უფროსის, ლია ჯალაღონიას თქმით, ბავშვებს შეხვდა და ამ ამბავზე გაესაუბრა: „ნაწილმა თქვა, ვითამაშეთ, გავერთეთ, ფაქტი სხვა იყო და ვიდეო სხვას აჩვენებს და პრობლემა არაფერი არ არისო, მაგრამ ბავშვებზე როდესაც ძალადობენ, ისინი ხშირად ასეთ პასუხს იძლევიან. ბავშვმა, შესაძლოა, ეს ამბავი მიიღო, როგორც ჩვეულებრივი ფაქტი, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი ფაქტი, — თუ დადასტურდა, რა თქმა უნდა“.

მისი თქმით, აქტივობის შესახებ არც რესურსცენტრი ყოფილა ინფორმირებული: „რესურსცენტრმა ამ ფაქტის შესახებ გაიგო მოგვიანებით, ეს ამბავი … მოხდა რესურსცენტრის გვერდის ავლით, მკაფიოდ მინდა ეს დავაფიქსირო“.

ის ამბობს, რომ როგორც კი ინფორმაცია მიიღო, — საკუთარი წყაროებით, რადგან მისთვის განცხადებით არ მიუმართავთ, — პოლიცია და განათლების სამინისტრო ჩააყენა საქმის კურსში.

როგორ შეუშვეს მერიაში?

„მერიაში რომ გვცოდნოდა, ეგ ბავშვები აქ შემოვიდნოდნენ?“, – გვითხრა ჩხოროწყუს მერმა, დათო გოგუამ. კითხვაზე, მაშინ როგორ მოახერხა აღნიშნულმა ადამიანმა მერიის შენობაში ბავშვების შეყვანა, მან გვიპასუხა:

„ეს იყო ამ ქალბატონის თვითშემოქმედება, ბოროტად ისარგებლა დაცვის თანამშრომლების ნდობით და დაცვამაც შემოუშვა ბავშვები“.

დათო გოგუას თანახმად, როგორც კი შეატყობინეს ამ აქტივობის შესახებ, მერიას „მაშინვე გვქონდა რეაგირება და გამოვუშვით ეს ბავშვები მერიიდან“.

მისი თქმითვე, ამ ადამიანს 2020 წლის 31 დეკემბრერს ამოეწურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა: „ის არ არის არც აიიპ-ის და არც მერიის თანამშრომელი“.

განახლება: 1-ლი თებერვალი, 15:30 საათი

მეორე სკოლის დირექტორმა, ნონა თოდუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მასთან მივიდა ეთერ ჯაფარიძე, რომელიც, მისი ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი იყო, რომელმაც უთხრა, რომ „არის ერთობლივი პროეტი და ამ პროექტში ჩაერთვება თქვენი სკოლაო“…

„გასაგებია, ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მაგრამ ბავშვებს რომ ასეთი რაღაცის გაკეთება მოუწევდათ, ნათქვამი არ იყო. მიმდინარეობს მოკვლევა და ძალიან გთხოვთ, მეტ ინფორმაციას ვერ მოგცემთ“, – ამბობს დირექტორი.

ეთერ ჯაფარიძე კი ამბობს, რომ მოსწავლეები მერიაში საკუთარი ინიციატივით წაიყვანა:

„არავის დავალება არ იყო, პირადად ჩემი ინიციატივა იყო. მე მოვყევი შემცირებაში, ამ შემცირების მერე დამრჩა ერთადერთი შანსი, რომ პატარა ბავშვებისთვის ერთი მარცვალი ჩამედო“…

„ვიყავი ევროპაში. იქ არაფერი არ იყო ჩვენზე უკეთესი, არც კულტურა, არც განათლება, არც არაფერი, გარდა იმისა, რომ ტუალეტის დაწმენდაც კი არ არის სასირცხვილო მომენტი“, – ამბობს იგი.

„წავედი მეორე სკოლაში, შევუთანხმდი დირექტორს, ნონა თოდუას, შემიყვანა მე-7 კლასში, დაველაპარაკე ბავშვებს, წამოვიყვანე ბავშვები მერიაში იმიტომ, რომ ესენი უნდა გამოვიდნენ მერები, მხატვრები, ინჟინრები, იურისტები, ცნობილი პიროვნებები, მაგრამ ოჯახს რომ გაუჭირდეს, ცოლ-შვილის თუ ქმარ-შვილის გულისთვის, შეიძლება, რომ ასეთი საქმე არ ითაკილონ“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი