ახალი ამბები

პარლამენტში ნამახვანჰესის წინააღმდეგ პეტიცია შეიტანეს

1 თებერვალი, 2021 • 799
პარლამენტში ნამახვანჰესის წინააღმდეგ პეტიცია შეიტანეს

პირველ თებერვალს, საპროტესტო აქციის პარალელურად, მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ.

ავტორების თანახმად, პეტიციას ხელს აწერს 10 000-ზე მეტი ადამიანი. პეტიცია ეხება ონისა და ნამახვანის ჰესებს.

ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ონისა და ნამახვანის კასკადები საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ – რაჭის, ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონების მდგრად განვითარებას.

აქტივისტებმა ხელმოწერები პირველ თებერვალს პარლამენტში შეიტანეს და განაცხადეს, რომ ასევე წარუდგენენ პეტიციის ადრესატ სამინისტროებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

პეტიციის ძირითადი მოთხოვნებია:

  1. „შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების – ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა.
  2. დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები.
  3. საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას.
  4. გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებები“

პარლამენტის გარდა, პეტიციის ადრესატები არიან:

  • საქართველოს მთავრობა;
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
  • საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტრო;
  • საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები არიან „მწვანეები“ და პლატფორმა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“. „მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადგილობრივი მოსახლეობის გათელვა და საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი და სამაგალითო პროტესტის ჩახშობა“, – წერენ ისინი.

აქცია 30 იანვარს განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. შაბათს პოლიციამ რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე აქტივისტების მიერ 96 დღით ადრე გაშლილი კარავი ძალის გამოყენებით დაშალა, აიღო მათ მიერ აღმართული ჯვარი. პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა.

როგორც ორგანიზატორები წერენ, 30 იანვარს ინვესტორმა კომპანია „ენკამ,“ „საქართველოს მთავრობისა და პოლიციის დახმარებით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყველა ძვირფასი ღირებულების ფეხქვეშ გათელვის ხარჯზე, ძალადობით განაახლა რიონის ხეობაში სრულიად დაუსაბუთებელი, სხვადასხვა ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური თუ სახელმწიფო საფრთხეების შემცველი გიგანტური პროექტის, „ნამახვანჰესის“ მშენებლობა“.

„არა ნამახვანჰესს, სოლიდარობა მოსახლეობას“ – აქცია პარლამენტთან

მასალების გადაბეჭდვის წესი