საზოგადოება

ევროპელი მწვანეები საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ემხრობიან

8 ივნისი, 2022 • 1420
ევროპელი მწვანეები საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ემხრობიან

ევროპის მწვანეთა პარტიამ, რომლის წევრიცაა საქართველოს მწვანეთა პარტია, უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო, სადაც ასევე ნათქვამია, რომ პარტია მხარს უჭერს საკუთრივ უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

რეზოლუციაში, რომელიც პარტიამ 3-5 ივნისს რიგაში მიიღო, ნათქვამია, რომ პუტინის რეჟიმი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეწევა რეგიონის დესტაბილიზაციას, რის მაგალითადაც, მათ შორის, მოყვანილია 2008 წლის ომი საქართველოს წინააღმდეგ.

დოკუმენტის მე-10 პუნქტში კი ყურადღება მახვილდება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე.

„უკრაინელი ხალხი იბრძვის დემოკრატიული, თავისუფალი უკრაინის მომავლისთვის. ევროკავშირის ინსტიტუტებს ევალებათ იმუშაონ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და გააძლიერონ ძალისხმევა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე რაც შეიძლება სწრაფად ინტეგრაციისთვის.

გარდა ამისა, ძალისხმევა უნდა გასწიონ საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად“, – წერია დოკუმენტის ტექსტში.

მანამდე, ცოტა ხნით ადრე, საქართველოს მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო ევროპელი ლიბერალების (ALDE) პარტიამ, რომლის წევრებიც ქართული პარტიები არიან, მათ შორის: რესპუბლიკური პარტია, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო, გირჩი – მეტი თავისუფლება და თავისუფალი დემოკრატები.

ივნისის პირველ ნახევარში ევროკომისია საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოსაზრების დოკუმენტს წარადგენს, რომელზე დაყრდნობითაც მოგვიანებით გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს.

ნეტგაზეთი გთავაზობთ იმ სცენარებს, რომელთაც, შესაძლოა, მოსაზრების დოკუმენტი საქართველოს შესახებ შეიცავდეს:

მასალების გადაბეჭდვის წესი