ეკონომიკა

„მაინერები“ და „უფასო დენი“ – როგორ უნდა მოგვარდეს მესტიის დენის პრობლემა

29 დეკემბერი, 2021 • 6863
„მაინერები“ და „უფასო დენი“ – როგორ უნდა მოგვარდეს მესტიის დენის პრობლემა

Მესტიაში ბოლო წლების განმავლობაში გამოვლენილი პრობლემა, – ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება, – წელს კიდევ უფრო მწვავედ გამოიკვეთა.

ქალაქში, რომლის ტურისტული ობიექტების გათბობის ძირითადი წყაროც სწორედ ელექტროენერგიაა, დენის მომარაგების შეწყვეტა უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებზე.

ტურისტული ობიექტები რთულ ვითარებაში არიან – სასტუმროებში ჯავშნების ნაწილი გაუქმდა. არ მუშაობდა საბაგიროებიც.

ადგილობრივი მთავრობა ხელს კრიპტოვალუტების მომპოვებლებს ადებს და აცხადებს, რომ „მიუღებელია, კონკრეტული ადამიანების მიერ „იოლი“ ფულის მიღების სურვილს მთელი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ინტერესი ეწირებოდეს“.

ვინ და რა უნდა გააკეთოს პრობლემის მოსაგვარებლად?

დენი გრაფიკით

ბოლო კვირებში მესტიაში დენი ხშირად და ხანგრძლივად ქრებოდა და მოსახლეობას გრაფიკითაც კი მიეწოდებოდა. ვითარება 28 დეკემბრიდან გამოსწორდა, თუმცა სრულად კვლავაც არ მოხსნილა. შექმნილი ვითარების ფონზე, სასტუმროების ნაწილის თქმით, ჯავშნების ნაწილი გაუუქმდათ.

„ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. რამდენიმე ჯავშანი გაგვიუქმდა კიდეც იმის გამო, რომ დენი არ იყო, რამდენიმე სტუმარი კი დაგეგმილზე ადრე წავიდა“, – უთხრეს „ნეტგაზეთს“ მესტიაში მოქმედ ერთ-ერთ პოპულარულ სასტუმროში.

ამის მიზეზი, სასტუმროს ვარაუდით, ის იყო, რომ საბაგიროები არ მუშაობდა, ამ სეზონზე კი მესტიას ძირითადად სრიალის მოყვარულები სტუმრობენ; თუ საბაგირო არ მუშაობს, მათთვის ნაკლებად საინტერესოა იქ ყოფნა.

„ბევრ სასტუმროს არ აქვს თავისი გენერატორი. ჩვენ ვრთავთ ჩვენს გენერატორს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული“, – ამბობს აღნიშნული სასტუმროს მენეჯერი.

„ბოლო დროს, რაც აქცია მოაწყვეს, შედარებით გამოსწოდა სიტუაცია, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან გავწვალდით. იმედია, ვითარება სრულად გამოსწორდება“, – გვითხრეს სასტუმროში.

„დენის მოხმარების რეკორდული ნიშნული“

მესტიის მუნიციპალიტეტში, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ამ პერიოდში დღიური ტემპერატურა მინუს ერთსა და პლუს ხუთ გრადუსებს შორის მერყეობს, ღამღამობით კი ყინვა უფრო მძლავრია და -9 გრადუს ცელსიუსსაც კი აღწევს.

მესტიაში ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის და ელექტროენერგიას გათბობის საშუალებადაც იყენებენ ხოლმე. ამასთან, მესტიაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგია უფასოა, – ელექტროენერგიაში ფულს მხოლოდ რეგისტრირებული სამეწარმეო ობიექტები იხდიან.

ბოლო წლების განმავლობაში, მესტიის მუნციპალიტეტი მუდმივად დგას დენის მიწოდების პრობლემის წინაშე, მდგომარეობა კი ყოველ წელს მძიმდება.

„დღეს გვაქვს მოცემულობა, სადაც ელექტროენერგიის მოხმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ჩვენ ნამდვილად გვემუქრება მუნიციპალიტეტის სრული ჩაბნელების საფრთხე, რისი თანმდევი პროცესიც, არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო დისკომფორტი, არამედ ტურისტული სეზონის ჩავარდნა იქნება“, – განაცხადა მესტიის მერიამ 24 დეკემბერს.

„პანდემიის პერიოდში, ისედაც შემცირებული ტურისტული ნაკადების ფონზე, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის“, – წერია მერიის განცხადებაში.

მიზეზი – მაინერები?

მერიის თანახმადვე, შექმნილი ვითარების „მთავარი მიზეზი „მაინერების“ მომრავლებაა“. „მაინერი“ არის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც კომპიუტერული გამოთვლების მეშვეობით გამოიმუშავებს ციფრულ ვალუტას/ კრიპტოვალუტას. კრიპტოვალუტები საბანკო სისტემის ალტერნატივას ქმნიან.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ბიტკოინი 2008 წელს შეიქმნა. მას სახელმწიფო და ფინანსური სტრუქტურები ვერ აკონტროლებენ და, შესაბამისად, ამ მეთოდით თანხის გადარიცხვა გაცილებით სწრაფი და მარტივია ტრადიციულთან შედარებით.

კრიპტოვალუტის მოპოვების ორი გზა არსებობს. პირველი, მათი ტრადიციული ვალუტებით შეძენაა. მეორე მეთოდს კი „მაინინგს“ უწოდებენ, როდესაც მომხმარებელი შესაბამისი ალგორითმის მეშვეობით კრიპტოფულს კომპიუტერული მოწყობილობებით გამოიმუშავებს. თუმცა „მაინინგს“ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიაც სჭირდება [მაინინგში ჩართვის მსურველები არჩევანს ორი ტიპის მოწყობილობას შორის აკეთებენ. მათი ფასი სიმძლავრის მიხედვით იცვლება. ვრცლად ამ საკითხზე, გირჩევთ: კრიპტოვალუტის მომპოვებელი ადამიანები საქართველოში].

მესტიის მერიის თანახმად, სწორედ კრიპტოვალუტის მომპოვებელი „მაინერები“ მომრავლდნენ მუნიციპალიტეტში, სადაც ელექტროენერგია მოსახლეობას უფასოდ მიეწოდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფოორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სრული მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით:

  • საჭიროა 7 მეგავატი ელექტროენერგია;
  • დღეს კი მოიხმარს 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას;

„საყურადღებოა ისიც რომ გასული წლების მონაცემებთან შედარებით დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი“, – აცხადებს მერია.

მერიის ცნობით, პრობლემის არსი ისაა, რომ „ელექტროგადამცემი ხაზები ვერ უძლებენ გათვალისწინებულზე ოთხჯერ მეტ დატვირთვას, რის შედეგადაც გახშირდა დაზიანებები“.

კერძოდ, მერიის განმარტებით, 24 დეკემბრისთვის დაზიანებული იყო ენგურჰესის ხაზი და ელექტროენერგიის მიწოდება ხდებოდა ალტერნატიული ხაზიდან (ლაჯანური), რომელიც ასევე დაზიანდა; არსებული ქსელის შესანარჩუნებლად კი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ უწევდა დატვირთვის შემცირება და მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება.

აქცია მერის მონაწილეობით

24 დეკემბერსვე მესტიაში საპროტესტო აქცია გაიმართა „მაინინგის“ აკრძალვის მოთხოვნა, რომელშიც მონაწილეობა მესტიის მერმა, კახა ჟორჟოლიანმაც მიიღო. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად დროებით გადაკეტეს საავტომობილო გზა.

4 დღეში, 28 დეკემბერს, „ენერგო-პრომ“ განაცხადა, რომ მესტიის მკვებავი მაღალი ძაბვის ხაზები სრულად აღადგინა და მაღალი ძაბვის ორივე ხაზი ჩაირთო.

„ენერგო პრო“ აცხადებს, რომ „ტექნიკურმა ჯგუფებმა მოკლე დროში, წარმატებით შეასრულეს ურთულესი დავალება. ვერტმფრენის თუ სხვა სპეცტექნიკის საშუალებით მოახდინეს ავარიის ადგილის იდენტიფიცირება და შემდგომ უზრუნველჰყვეს მისი აღდგენა“.

სწორედ ამის შედეგად გაუმჯობესდა მუნიციპალიტეტში მდგომარეობდა. თუმცა პრობლემები კვლავ ძალაში რჩება.

მორიგი საპროტესტო აქცია მესტიაში 29 დეკემბერს გაიმართა.

კომპანია მიუთითებს, რომ „ყველა ასეთი ღინისძიება გადის თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ზღვარზე“ და აცხადებს, რომ „ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“.

„ავარიები გარდაუვალია, ვიხსნით პასუხისმგებლობას“ – ენერგო-პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა, რომ „ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მომხარებას, რაც იქ ფიქსირდება“ და „გარდაუვალია ავარიების განმეორება“.

„შესაბამისად „ენერგო-პრო ჯორჯია“ სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენი ანალიზით, მოსახლეობის მოხმარებაც გარზრდილია, თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც უკანონოდ მიერთებული მაინერებია, რომელთა რიცხიც, ამ რთულ დღეებშიც იზრდება“, – აცხადებს ბოცვაძე. მის კომენტარს კომპანიის ფეისბუკის გვერდი ავრცელებს.

ბოცვაძის ცნობითვე, მესტიის არსებული მოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას, როდესაც „5 მილიონი ლარის მაინერი გავთიშეთ და ამოვიღეთ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად“.

მისი თქმით, მესტიაში არსებული უკანონო მაინინგი არის „მავნებლობა“ მთელი ზემო სვანეთის წინააღმდეგ და „ამის ორგანიზატორი მავნებლები აზარალებენ ადგილობრივ პატიოსან მომხმარებლებს და მთელს რეგიონს“ 2 ძირითადი მიზეზის გამო:

  1. „მნიშვნელოვნად აზიანებენ ინფრასტრუქტურას, ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მის აღდგენას 4-5 წელი დასჭირდება;
  2. აახლოებენ გადაწყვეტილებას, რომ მესტიის ყველა მომხმარებელმა დაიწყოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა“.

„მოსახლეობას უფასო დენი არ ეკუთვნის“

მიხეილ ბოცვაძემ ასევე განაცხადა, რომ მოსახლეობას უფასო ელექტროენერგია არ ეკუთვნის:

„არასდროს გვისაუბრია, თუმცა ეხლა ვაცხადებთ, რომ მესტიის მოსახლეობის უფასო მომარაგებას მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველჰყოფთა „ენერგო-პრო“. 45 მილიონი ლარია დალექილი ამ რეგიონში. აბსურდულია მოსაზრება, რომ თითქოს მოსახლეობას ეკუთვნოდა ან ეკუთვნის ეფასო ელექტროენერგია“.

ამ ფონზე, მისი განცხადებით, გამოსავალი არსებობს და „ზემო სვანეთის ენერგოკრიზისი არის გადაწყვეტადი პრობლემა“, რისი გეგმა და გამოცდილებაც კომპანიას აქვს.

29 დეკემბერს ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა მარეგულირებელმა, „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიამ“ („სემეკმა“).

კერძოდ, „სემეკის“ ხელმძრვანელმა, დავით ნარმანია ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სვანეთში უკანონო მაინერები უნდა გაითიშოს და საჭიროების შემთხვევაში დაყადაღდეს კიდეც.

„უნდა მოხდეს რეაგირება მაინინგების შეზღუდვის ნაწილში, შესაბამისად რეალურად ობიექტებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ენერგია – ტურისტულ ობიექტებს, სასტუმროებს, საბაგიროებს და ა.შ. უწყვეტად მიეწოდოთ და ყველამ უნდა გადაიხადოს ენერგიის ფული“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, ამის გარეშე სახელმწიფო ვერ მოსთხოვს „ენერგოპროს“, რომ სვანეთს მაქსიმალურად ხარისხიანად და უწყვეტად მიეწოდოს ელექტროენერგია.

„უნდა ვიცოდეთ, რომ თუ არ გადავიხდით ელექტროენერგიის გადასახადს, გვექნება ხშირი წყვეტები, იქნება ავარიები, რის შემდეგაც აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება. ეს ყველაფერი კი ტურიზმზე და მოსახლეობის კომფორტზე აისახება“, – განაცხადა მან.

ჟურანლისტის კითხვაზე, თუ რა სქემა შეიძლება მოიფიქროს სახელმწიფომ იმისთვის, რომ სვანეთი სააბონენტო სისტემაში ჩაერთოს, ნარმანიამ უპასუხა:

„უნდა გაითიშოს უკანონო მაინინგები, რომელმაც ქსელი დაამძიმა და თუ საჭიროება მოითხოვს უნდა დაყადაღდეს კიდეც. ასეთი რამდენიმე ღონისძიება გაკეთდა თავის დროზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად და მგონია, რომ ეს უნდა გაგრძელდეს“.

რა უნდა გაკეთდეს – რას ამბობენ არასამთავრობო სექტორში

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი ამბობს, რომ სვანეთში „მაინერების“ მიერ დენის მოხმარების პრობლემა წლებია, არსებობს და სახელმწიფოს საპასუხო ნაბიჯები დიდი ხნის წინ უნდა გადაედგა, ახლა კი „უცნაურია“ მუნიციპალიტეტის მერის განცხადება და პროტესტი.

„სვანეთში მაინერების გამოვლენა არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. პრობლემა ის არის, რომ ეს არ ხდება. ამაზე პასუხისმგებელი არის კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ და იმის ნაცვლად, რომ მას მოსთხოვონ პასუხი, გაუგებარი კამპანია მიმდინარეობს მოსახლეობის დანამუსების“, – ამბობს იგი.

„ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება და შეიძლებოდა დიდი ხნის განმავლობაში. მაგალითად, მოეხდინათ აღრიცხვა, შეემუშავებინათ რეგულაციები, – თუ ასაკრძალია, აკრძალოს, თუ დასაბეგრია, დაიბეგროს“, – გვეუბნება დათო ჭიპაშვილი.

მისი თქმით, საჭიროა:

  • მთელი სვანეთის მასშტაბით მოხდეს აღრიცხვა, თუ ვინ და როგორ მოიპოვებს კრიპტოვალუტებს; ამის გაკეთება შესაძლებელია ელექტროენერგიის სადენების გადამოწმებით;
  • ვინც გამოვლინდება, რომ მოიპოვებს კრიპტოვალუტებს, მათ დენი გადაიხადონ სამართლიანი ტარიფებით, როგორც სამეწარმეო სუბიექტებმა;

ჭიპაშვილი ამბობს, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა, თუმცა საჭიროა, – და აქამდეც საჭირო იყო, – სახელმწიფოს ჰქონდეს ნაფიქრი ამ საკითხზე და შესაბამისი, ეფექტური სქემა შემუშავებული.

„კრიტიკის ადრესატი უნდა შეიცვალოს და მოსახლეობაზე ხელის გაშვების ნაცვად „ენერგო-პროსკენ“ უნდა გაიშვირონ, მათ შორის მერმა, ხელი; კომპანიაზე, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი ელექტროენერგიის უკანონო მიტაცების გამოვლენაზე. სვანეთში ძალიან ბევრი მსხვილი მაინერია, რომელზეც ხმას არავინ იღებს და აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ოჯახებს რომ თითო მაინერი აქვთ, ისინი არიან ძირითადი პრობლემა“, – ამბობს ჭიპაშვილი.


მესტიის მერია აცხადებს, რომ ამჟამად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს „ინტენსიური ღონისძიებები“ იმ უბნების და ლოკაციების გამოსავლენად, სადაც ელექტროენერგიის მოხმარება კატასტროფულად მაღალია.

„გატარდება ქმედითი ღონისძიებები და შესაბამისი უწყებები, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიწყებენ უკანონო „მაინერების“ ამოღებას. ამოღებული „მაინერების“ და მათი მფლობელების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება“, – აცხადებს მერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი