ახალი ამბები | ,

ვიმსჯელებთ სწავლისა და საზ. ტრანსპორტის მუშაობის ნაადრევ აღდგენაზე — გახარია

28 იანვარი, 2021 | | 705
ვიმსჯელებთ სწავლისა და საზ. ტრანსპორტის მუშაობის ნაადრევ აღდგენაზე — გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, 28 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4%-თან მიახლოებულია და თუ ეს მაჩვენებელი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, მთავრობას “ფრთხილად, მაგრამ გონივრულად” შეეძლება ეკონომიკის გახსნა და შეზღუდვების იმაზე ადრე მოხსნა, ვიდრე ეს დაანონსებულია. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

“დღეის მონაცემებით შემიძლია გითხრათ, რომ 18 ათასი აღებული ტესტიდან, რომელიც გუშინ გაკეთდა, დადებითი მხოლოდ 723-ია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს დიდი რიცხვია, მაგრამ უკვე მიუახლოვდა 4%-ს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც გვექნება დადებითობის მაჩვენებელი 4%, უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა და, როგორც ჩანს, დღევანდელი მაჩვენებლები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას. ამიტომ, ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე როგორც ზაფხულში გავაკეთეთ, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ”, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, მთავრობა თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო დაწესებულებებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენაზე იმსჯელებს ეტაპობრივად.

“პირველ რიგში ეს [შეზღუდვების მოხსნა] ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, კლასებში დაიწყონ სწავლა. რა თქმა უნდა, ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ერთობლივი მუშაობის და შრომის შედეგად”, – განაცხადა გახარიამ.

26 იანვარს სააქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ თბილისში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი უახლოეს ერთ კვირაში 4%-ს ჩამოსცდება, მთავრობა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენასა და ეკონომიკის  გახსნაზე დაიწყებს საუბარს.


საქართველოს მთავრობამ 22 იანვარს ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა წარმოადგინა. გეგმის მიხედვით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა პირველი თებევრლიდან დაიწყება.

პირველ ეტაპზე აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, გაიხსნება სკოლები, მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები. ასევე, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, თუმცა არ აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი და სკოლები. აჭარაში კი კვების ობიექტებს გარე სივრცეებში სტურმების მიღება შეეძლებათ. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისით იმ წესების დაცვით, რაც დღეისთვის მოქმედებს.

მეორე ეტაპზე, ანუ 15 თებერვლიდან, ყველა ქალაქში გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები.

პირველი მარტიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა და სწავლა განახლდება სკოლებში. მთავრობაში ასევე ამბობენ, რომ ყველა ქალაქში საბავშვო ბაღების, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან, თუმცა – „ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი