ისრაელში Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზით აცრიდან კვირაზე მეტი ხნის შემდეგ ვირუსი ვაქცინირებული მოქალაქეების 0.01%-ზე ნაკლებს დაუდასტურდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ Reuters ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, 128 600 ადამიანიდან, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, ვირუსი მხოლოდ 20-ს შეეყარა.
ისრაელმა Pfizer-ის ვაქცინით აცრები 19 დეკემბერს დაიწყო. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის პროვაიდერები აცხადებენ, მონაცემები პირველადია, თუმცა დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.
20 პაციენტიდან, რომლებსაც ვაქცინაციის მიუხედავად COVID-19 მაინც განუვითარდათ, ნახევარს ქრონიკული დაავადებები აქვს, თუმცა ჰოსპიტალიზაცია არცერთ მათგანს დასჭირვებია. გამოცემა წერს, რომ ყველა პაციენტს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა, როგორიცაა თავის ტკივილი, ხველა და ზოგადი სისუსტე, არცერთ მათგანს 38.5 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა არ დაფიქსირებია და მათმა დიდმა უმრავლესობამ ტესტირება დადსტურებულ პაციენტებთან კონტაქტის შემდეგ ჩაიტარა.
ისრაელის 9- მილიონიანი პოპულაციიდან ვაქცინის თითო დოზა 2.6 მილიონ ადამიანს აქვს მიღებული, ორივე დოზით კი სრულად აცრილია 1.2 მილიონი მოქალაქე.
ქვეყანაში 600 000-მდე ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 4 478 ადამიანი გარდაიცვალა.