ახალი ამბები

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით აქციები გაიმართება

22 იანვარი, 2021 • 1635
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით აქციები გაიმართება

მწვანე მოძრაობა სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის, იგივე მწვანეები, საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის მეტროსა და ავტობუსების აღდგენას ნაცვლად პირველი მარტისა, პირველი თებერვლიდან ითხოვს.

ისინი ამ მოთხოვნით ორშაბათს, 25 იანვარს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქციის გამართვას გეგმავენ.

კვირას აქციის გამართვას გეგმავს მოქალაქე გიორგი ჩოგოვაძეც, რომელმაც საპროტესტო აქციის ღონისძიება სოციალურ ქსელ Facebook-ში შექმნა, რომელსაც სხვა მოქალაქეებიც უერთდებიან. ეს აქციაც მთავრობის ადმინისტრაციის წინ გაიმართება.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან ერთად, ე.წ. “კომენდანტის საათის” გაუქმებასაც ითხოვს.

“ჩვენ გვსურს, რომ პირველი თებერვლიდან აღდგეს საზოგადოებრივ ტრანსპორტი და ასევე გაუქმდეს 9 საათის შემდგომ გადაადგილების შეზღუდვა. ახლა იმაზე მეტი ადამიანი მოძრაობს ე.წ. საშვებით გარეთ, ვიდრე ეს კომენდანტის დაწესებამდე იყო. ასევე, როდესაც ამბობენ, რომ სავაჭრო ცენტრები უნდა გაიხსნას, მაშინ რა აზრი აქვს ამ ყოველივეს, თუ ადამიანები იქამდე ვერ მივლენ. ყველა ადამიანს არ აქვს იმის ფული, რომ სულ ტაქსით გადაადგილდეს, ამიტომ ვფიქრობ რომ ეს შეზღუდვები უნდა მოიხსნას”, – აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.

მწვანეების ერთ-ერთი წევრი გიორგი ფცქიალაძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, “რომ საჯარო ტრანსპორტის ამუშავების კიდევ ერთხელ გადადება არის ღარიბი მოსახლეობის საწინააღმდეგოდ მიმართული დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, ხოლო უცხოეთში ჩატარებული კვლევებით მტკიცდება, რომ საზოგადოებრივ ტრანპორტში ვირუსის გავრცელების რისკი გაცილებით დაბალია, ვიდრე, მაგალითად, ოფისებში”.

“უპასუხისმგებლოა საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს, 22 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება. მთავრობა, ერთი მხრივ, ხსნის მოლებსა და სხვა სავაჭრო დაწესებულებებს, ხოლო, მეორე მხრივ, ზღუდავს ადამიანების გადაადგილების საშუალებას. გარდა სავაჭრო ცენტრებისა, ადამიანებს სჭირდებათ, რომ წავიდნენ სხვადასხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილებში, მაგალითად, საავადმყოფოებში. ასეთ ადამიანებს შესაძლოა არ ჰქონდეთ ტაქსების ფული, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაძვირდა, და ასევე, არ ჰყავდეთ საკუთარი მანქანები. ამ შემთხვევაში სახელმწიფო გვეუბნება, რომ არ აინტერესებს საზოგადოების იმ ნაწილის ბედი, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალება”, – განაცხადა გიორგი ფცქიალაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.

ფცქიალიძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ თბილისში გაიზარდა კერძო ავტომობილების გამოყენების მაჩვენებელი, რაც მისივე თქმით, “ნეგატიუარად აისახება ჰაერის ხარისხსა და ეკოლოგიაზე”.

“გარდა გამონაბოლქვისა, მთელი დღე ქალაქში არის საცობი”, – აცხადებს იგი.

მწვანეებში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის საჯარო ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვა, ნეგატიურად აისახება მოსახლეობის ემოციურ ჯანმრთელობაზე.

“პანდემიის დროს კიდევ უფრო დამძიმდა ადამიანების ემოციური ჯანმრთელობა, რაც ე.წ. “ჩაკეტვებითა” და სამსახურის დაკარგვითაა გამოწვეული. იმ დროს, როდესაც თბილისში ისედაც არაა ბევრი მწვანე სივრცე და მოქალაქეებს გასეირნებისთვის და სტრესის მოსახსნელად უხდებოდათ ტრანსპორტის გამოყენება, რათა საკუთარი უბნებიდან პარკებამდე და სკვერებამდე მისულიყვნენ, ამ ფონზე საზოგადოებრივი ტანსპორტის აღდგენის კვლავ გადადება არის უპასუხისმგებლობა”, – მიაჩნია ფიორგი ფცქიალაძეს.


დღეს 22 იანვარს, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ იგეგმება ქვეყანაში დაწესებული რიგი შეზღუდვების შემსუბუქება მომდევნო თვეების განმავლობაში.

მთავრობის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი პირველი მარტიდან აღდგება.

დამატებით, თუ რა ცვლილებები იგეგმება დაწესებული შეზღუდების გამარტივების მიმართულებით, იხილეთ ნეტგაზეთის სტატია.

რა შეზღუდვები იხსნება და რჩება თებერვალ-მარტში

მასალების გადაბეჭდვის წესი