კომენტარი

3 პრობლემა, რასაც “ბასლეინში” ტაქსი გამოიწვევს | ექსპერტის შეფასება

28 აპრილი, 2023 • 3171
3 პრობლემა, რასაც “ბასლეინში” ტაქსი გამოიწვევს | ექსპერტის შეფასება

სატრანსპორტო საკითხებში ექსპერტი ელენე ხუნდაძე აკრიტიკებს თბილისის მერიის ბოლო გადაწყვეტილებას ავტობუსების ზოლებში ტაქსების  დაშვების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ეს, საბოლოო ჯამში, დააზიანებს სრულიად სატრანსპორტო რეფორმას, რასაც მერია რამდენიმე წელია ახორციელებს.

მან “ნეტგაზეთთან” განმარტა მიზეზები, თუ რატომ და რა პრობლემები შეიძლება შექმნას A კატეგორიის ტაქსებისთვის საავტობუსო ზოლებში მოძრაობის უფლების მინიჭებამ.

პირველ რიგში, ხუნდაძე განმარტავს, რომ ე.წ. ბასლეინები უბრალოდ ავტობუსის გადასაადგილებლად შექმნილი ზოლები არ არის და მას სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. კერძოდ, ეს არის სწრაფი საავტობუსო დერეფანი [BRT], რაც თვისობრივად ჩვეულებრივი ავტობუსის სამოძრაო ქსელისგან მკვეთრად განსხვავდება.

კერძოდ, მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში გადაადგილების ძირითადი საშუალება არა მეტრო და ტრამვაი, არამედ ავტობუსები და მიკროავტობუსებია, ბასლეინების შეკრულმა სისტემამ მათი მაგივრობა უნდა გაწიოს. ანუ ეს უნდა იყოს მეტროსა და ტრამვაის ალტერნატივა და ამ გზით მგზავრებს შეუფერხებლად და სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობა უნდა მისცეს.

ხუნდაძის შეფასებით, ტაქსების საავტობუსო ზოლებში დაშვება ამ სისტემის მუშაობას შეაფერხებს. ამის დასადასტურებლად 3 ძირითადად ფაქტორს გამოყოფს:

შეფერხება შუქნიშნებზე

ხუნდაძის განმარტებით, სწრაფი ავტობუსის დერეფნის დაგეგმვისას ე.წ. ბასლეინები იხაზება ისე, რომ ერთ ზოლში ბევრმა ავტობუსმა არ იაროს და შუქნიშანზე, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა ავტომობილები ერთმანეთს ხვდებიან, პრიორიტეტი საზ. ტრანსპორტს მიენიჭოს.

მისი თქმით, ასეთ ადგილებში ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების განთავსება იგეგმება, რომელიც შეძლებს ავტობუსის ამოცნობას და მისთვის პრიორიტეტის მინიჭებას.

ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ხშირი პრიორიტეტი ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს თითო შუქნიშანზე ერთიდან ორ წუთამდე დროს მოაგებინებს, რამაც საბოლოო ჯამში, მთლიანად მარშრუტზე შეიძლება 30 წუთიც კი შეადგინოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ საუბარია შორ მანძილზე გადაადგილებაზე.

მისი განმარტებით, ბასლეინებში ტაქსების დაშვება ამ სისტემას ხელს შეუშლის, რადგან გაიზრდება ხაზების გადატვირთვის საფრთხე და შუქნიშნები ვეღარ შეძლებენ ავტობუსებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას.

“სწორედ შუქნიშნის პრიორიტეტის გამო დავთმეთ ბევრი პირდაპირი ხაზი (ანუ ერთი უბნიდან პირდაპირ მეორე უბანში მიმავალი ტრანსპორტი). ამის მიხედვით ავაწყვეთ მოძრაობის ხაზები, სიხშირეები, ავტობუსების ზომები და მთლიანად სტრუქტურა ამაზე იყო გათვლილი. ანუ მთელი სტრუქტურული და საინვესტიციო ცვლილებები ამაზე იყო მიმართული.

მთელი ეს სქემა, რომ ავტობუსის ზოლებში პრიორიტეტის შესაძლებლობა არ დაგვეკარგა, უცბად წყალში გადაიყარა. ეს აბსურდია. რამდენი დრო, ფული და ინვესტიცია გადაიყარა წყალში”, – ამბობს ხუნდაძე.

შეფერხება საზ. ტრანსპორტის გაჩერებებზე

ხუნდაძის განმარტებით, სწრაფი საავტობუსო დერეფნის გამართული ფუნქციონირებისთვის კიდევ ერთი ფაქტორია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებები.

კერძოდ, მისი განმარტებით, გაჩერებისთვის გამოყოფილი სივრცეები ისე იგეგმება, რომ ერთდროულად რაც შეიძლება მეტი ავტობუსი ან სამარშრუტო ტაქსი დაეტიოს, ასევე მგზავრები რაც შეიძლება სწრაფად ავიდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დატოვონ ის. ამავდროულად, გათვალისწინებულია, რომ ეს პროცესი მეტად კომფორტული იყოს მგზავრებისთვის და ამავდროულად არ გამოიწვიოს ქაოსი, რადგან ეს მთელ ქსელზე აისახება “დომინოს ეფექტით”.

ავტობუსი თბილისში. ფოტო: თაზო კუპრეიშვილი/ნეტგაზეთი

ხუნდაძის განცხადებით, ამ ყველაფრის გათვლაზე დაიხარჯა დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი. ტაქსების დამატებით კი გაუთვალისწინებელი ქაოსი დაემატება, რადგან ისინი ავტობუსის გაჩერებაზე დაყოვნების დროს გაზრდიან, რის შედეგადაც საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შესაძლოა თითო გაჩერებაზე 10-20 წამი დაკარგოს, თუმცა, საერთო ჯამში, რამდენიმე გაჩერებაზე დაკარგული ეს დრო მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევს.

შეფერხება ე.წ. ბასლეინებზე მოძრაობისას

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ხუნდაძე საუბრობს, ე.წ. ბასლეინებზე მოძრაობის შეფერხებაა. ხუნდაძის განმარტებით, სისტემის გამართულობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს.

ექსპერტის განცხადებით, სწორედ ამიტომ აიკრძალა სპეციალურად განკუთვნილი სივრცეების გარდა სხვა ადგილებში მიკროავტობუსების გაჩერება, რადგან ეს ავტობუსებს გადაადგილებისას დამატებით დაბრკოლებას შეუქმნიდა.

მისი თქმით, რაც მეტი დაბრკოლება შეხვდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს გადაადგილებისას, მით უფრო შეუძლებელი გახდება მისი A წერიტილიდან B წერტილამდე მისვლის დროის განსაზღვრა. სისტემის გამართულობისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ცნობილი იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების ზუსტი დრო, თუ როდის მივა ის შუქნიშანთან ან გაჩერებაზე.

“ბევრმა თქვა, რომ ავტობუსის ზოლში ტაქსების საცობი იქნებაო, მაგრამ ასე არ მოხდება. ეს პრობლემა ასეთი ხილული არ იქნება, რაც შეიძლება გამართლებადაც გამოიყენონ, რომ საცობი არაა და ტყუილად შექმენით პანიკაო.

მაგრამ ამის მიუხედავად ძალიან ბევრ შეფერხებას გამოიწვევს. მაგალითად, რუსთაველის გამზირზე საცობი გახსოვთ ოდესმე? არა, მაგრამ ავტობუსის ზოლი იმიტომ დაიხაზა იქ, რომ მანქანების ერთი ზოლიდან მეორეში გადასვლა და იქ გაჩერება ავტობუსების მოძრაობას აფერხებდა. იგივე პრინციპით აიკრძალა მიკროავტობუსების ყველგან გაჩერებაც, თუმცა დაემატა ტაქსი, რომელსაც შეუძლია ზოლში მგზავრების ჩასხმა და გადმოსხმა”, – განმარტა ხუნდაძემ.


მისი თქმით, ამ სამი კომპონენტის: შუქნიშნის, გაჩერებების და ზოლში მოძრაობის პროცესის გაუმართაობის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა შეფერხდება:

“სწრაფი საავტობუსო დერეფანი ფაქტობრივად ტრამვაის ტიპის მომსახურებაა, სადაც სწრაფად უნდა იარონ ავტობუსებმა. ამის გამო ბევრი რაღაც დავთმეთ ქსელის მოწყობისას და გამოვიდა, რომ მთელი რესურსი რაც ჩავდეთ, ქსელის მოწყობის მთავარი პრინციპები, ეს ყველაფერი ტაქსების აბსოლუტურად უადგილო ჩასმამ გააუქმა. დღეს კიდევ არის ის მოცემულობა, რომ შესაძლოა ტაქსებით გამოწვეული პრობლემები ჩაიკარგოს, მაგრამ იმ ყველაფერს, რისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით, ძალიან ცხადად გადაეღობება წინ”, – აცხადებს ხუნდაძე.

რამდენად პრობლემურია 3 500 ტაქსი?

თბილისის მერიის მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში ამჟამად A კატეგორიის 35 000 ტაქსია რეგისტრირებული, თუმცა მათგან მხოლოდ 3500 აკმაყოფილებს ე.წ. ბასლეინზე მოძრაობის პირობას. ანუ არის A კატეგორიის ტაქსი და ავტომანქანის ასაკი არ აღემატება 10 წელს.

ხუნდაძის შეფასებით, ეს რაოდენობა უკვე საფრთხეს უქმნის ქალაქში ტრანსპორტის გამართულად მოძრაობას, რადგან “მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ მოძრაობის და ბასლეინში გადასვლის სიხშირე”. “შეიძლება სულ ერთი ტაქსი გადავიდეს, მაგრამ ტაქსი ხომ მუდმივად გადაადგილდება, ცირკულირებს ქალაქში. ამიტომ ამ მინიჭებულ პრიორიტეტსაც მუდმივად გამოიყენებს.

მიკროავტობუსი ქალაქში სულ 1000 ცალია, თუმცა ყველგან მათი გაჩერება მაინც აიკრძალა, რადგან აფერხებდა გადაადგილების პროცესს. მაშინ რატომ დავუშვით ტაქსები?”, – ამბობს ხუნდაძე.

მისი შეფასებით, ვითარება განსაკუთრებით პრობლემური გახდება წვიმიან ამინდში, რადგან ამ დროს ადამიანები მეტად ცდილობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ტაქსებით გადაადგილებას და ტაქსები მეტად იმოძრავებენ საავტობუსო ზოლში, რაც კიდევ უფრო შეაფერხებს ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებს.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, სისწრაფის გარდა, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია მისი სანდოობა. შენ ყოველთვის იცი, რომ ავტობუსი კონკრეტულ დროს მოვა და კონკრეტულ დროს მიგიყვანს დანიშნულების ადგილზე და არც ავარია, არც წვიმა და არც სხვა ფაქტორი ხელს არ შეგიშლის.
ანუ დანარჩენი ქაოსი მგზავრებზე არ აისახება. მაგრამ თუ არ იცი, რა გელოდება, ერთ დღეს სწრაფად გაივლი და მეორე დღეს თუ ორჯერ მეტი დრო დაგჭირდება, ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიზიდულობას გააქრობს”, – განმარტა ხუნდაძემ.

ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

მისი თქმით, მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობის დამატება ვერ მოაგვარებს ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რადგან ეს მეტად გადატვირთავს საავტობუსო ზოლებს და შეაფერხებს მოძრაობას იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გამართული სისტემა სრულად.

“უბრალოდ ავტობუსების დამატება არ იძლევა ეფექტს და ამაზე თვითონაც საუბრობენ ხოლმე. თუ ის ყველაფერი არ იქნება, რაზეც ვისაუბრეთ, ავტობუსების დამატებას პირიქით, უკუეფექტი ექნება. მაგრამ ავტობუსის მაგივრად ტაქსები დაგვიმატეს ავტობუსის ზოლში, რაც აბსურდია.

ავტობუსის ზოლების მოწყობით მიღებულ ეფექტს ცალსახად გააუარესებს [ეს გადაწყვეტილება] და გვიკარგავს უფრო დიდი ეფექტის შესაძლებლობას, რაც იყო დაგეგმილი”, – აცხადებს ხუნდაძე.


თბილისის სატრანსპორტო რეფორმის შესახებ წაიკითხეთ აქ.

ნეტგაზეთი მზადაა მკითხველს გაუზიაროს მერიის არგუმენტებიც საავტომობილო ზოლებში ტაქსების დაშვების გადაწყვეტილებაზე.

გარეკანის ფოტოში გამოყენებულია კადრი BMG-ის სატელევიზიო ეთერიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი