ახალი ამბები

უსახლკარო ვარ, „კომენდანტის საათისას“ 2000 ლარით დამაჯარიმეს – მოქალაქე

21 იანვარი, 2021 •
უსახლკარო ვარ, „კომენდანტის საათისას“ 2000 ლარით დამაჯარიმეს – მოქალაქე

მოქალაქე გიორგი გველესიანი ამბობს, რომ უსახლკარობის მიუხედავად, პოლიციამ „კომენდანტის საათის“ დროს ქუჩაში ყოფნის გამო 2000 ლარით დააჯარიმა.

ინფორმაცია „გირჩი ტვ-ის“ ჟურნალისტმა, ნინა საჯაიამ გაავრცელა. 21 იანვარს მის ფეისბუკ-ლაივში მოქალაქე გიორგი გველესიანი ამბობს, რომ უსახკლაროა, წასასვლელი არსად აქვს და ვერც ჯარიმის გადახდას მოახერხებს.

მისი თქმით, 2000 ლარით პოლიციამ წინა დღით დააჯარიმა. ლაივში ჩანს, რომ 21 იანვარს  ის კვლავ ჰყავს პოლიციას გაჩერებული და  მის ხელახალ დაჯარიმებას აპირებენ.

„ყველაფერი დამიკარგია, რაღა ვუყო… არც სახლი მაქვს, არც კარი… 2000 ლარი საიდან უნდა ვიმუშაო… ქუჩაში დავდივარ და ვათენებ“, – ამბობს მოქალაქე.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სამართლიანად მიაჩნიათ, რომ 2000 ლარით დღესაც დააჯარიმონ, თან იმის ფონზე, როცა მეორე დაჯარიმების შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსით აღიძვრება მასზე საქმე, პოლიციის თანამშრომელი პასუხობს, რომ არკვევენ, მართლაც აქვს თუ არა სახლ-კარი მოქალაქეს.


„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC-მ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში მოუწოდა, შეწყვიტოს „კომენდანტის საათის“ დროს ქუჩაში მცხოვრებ უსახლკაროთა დაჯარიმება.

ამ განცხადებით EMC გამოეხმაურა 10 ნოემბერს საპატრულო პოლიციის მიერ უსახლკარო მამუკა დიაკონიძის დაჯარიმების ფაქტს, რის შესახებაც ინფორმაცია „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა.

„ოპერაციის ფულს არ მაძლევენ, მაძლევენ ცოტას, დანარჩენი შენ დაამატეო. აგერ ვდგავარ, რუსთაველის მეტროსთან… ახლა მანქანას ვაჩერებ, ვერ გავაჩერე და პოლიციამ 2000 ლარით დამაჯარიმა. რას წაიღებენ ჩემგან, ვნახოთ. სახლი არა მაქვს, კარი არა მაქვს, აგერ ვარ, ქუჩაში“, – ამბობს იგი ვიდეოში.

„როგორც მოქალაქე და მისი ადვოკატი მიუთითებენ, იგი უსახლკარო, სოციალურად დაუცველი და შშმ პირია, თუმცა ეს გარემოება არ აღმოჩნდა მისთვის ჯარიმის გამოწერის თავიდან აცილების საფუძველი. სამწუხაროდ, ეს შემთხვევა კომენდანტის საათის დარღვევის გამო უსახლკარო პირების დაჯარიმების პირველ ფაქტს არ წარმოადგენს. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში ბათუმში უსახლკარო პირი ნაქირავებ ავტომობილში ღამის გათევისთვის 3000 ლარით დააჯარიმეს“, – წერს EMC 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

EMC: შეწყდეს უსახლკაროების დაჯარიმება კომენდანტის საათის დროს

მასალების გადაბეჭდვის წესი