ახალი ამბები

EMC: შეწყდეს უსახლკაროების დაჯარიმება კომენდანტის საათის დროს

13 ნოემბერი, 2020 • 1641
EMC: შეწყდეს უსახლკაროების დაჯარიმება კომენდანტის საათის დროს

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს „კომენდანტის საათის“ დროს ქუჩაში მცხოვრებ უსახლკაროთა დაჯარიმება.

ამ განცხადებით EMC ეხმიანება 10 ნოემბერს საპატრულო პოლიციის მიერ უსახლკარო მამუკა დიაკონიძის დაჯარიმების ფაქტს, რის შესახებაც ინფორმაცია „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა.

„ოპერაციის ფულს არ მაძლევენ, მაძლევენ ცოტას, დანარჩენი შენ დაამატეო. აგერ ვდგავარ, რუსთაველის მეტროსთან… ახლა მანქანას ვაჩერებ, ვერ გავაჩერე და პოლიციამ 2000 ლარით დამაჯარიმა. რას წაიღებენ ჩემგან, ვნახოთ. სახლი არა მაქვს, კარი არა მაქვს, აგერ ვარ, ქუჩაში“, – ამბობს იგი ვიდეოში.

„როგორც მოქალაქე და მისი ადვოკატი მიუთითებენ, იგი უსახლკარო, სოციალურად დაუცველი და შშმ პირია, თუმცა ეს გარემოება არ აღმოჩნდა მისთვის ჯარიმის გამოწერის თავიდან აცილების საფუძველი. სამწუხაროდ, ეს შემთხვევა კომენდანტის საათის დარღვევის გამო უსახლკარო პირების დაჯარიმების პირველ ფაქტს არ წარმოადგენს. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში ბათუმში უსახლკარო პირი ნაქირავებ ავტომობილში ღამის გათევისთვის 3000 ლარით დააჯარიმეს“, – წერს EMC 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ცალკეული შემთხვევების შესახებ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ საპატრულო პოლიცია ქუჩაში მცხოვრები პირების მიმართ დაჯარიმების პრაქტიკას მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ითვალისწინებს იმ გარემოებას რომ თავშესაფრის არმქონე პირებისათვის საჯარო სივრცე ერთადერთი ადგილია, სადაც მათ ფიზიკურად ყოფნა შეუძლიათ, რაც დაუშვებელია გახდეს მათი დაჯარიმების საფუძველი“, – წერს ორგანიზაცია.

EMC ასევე მიუთითებს უსახლკარობის პრობლემის სიმწვავესა და თავშესაფრის არმქონე პირების მწვავე საჭიროებებზე, განსაკუთრებით, COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ვინაიდან „თავშესაფრის არქონა ან არასათანადო საცხოვრისი პირდაპირ დაუკავშირდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის განსაკუთრებულად მაღალ რისკებს“, და წერს:

„უსახლკარო პირების დაუცველობიდან და მასთან დაკავშირებული თვითიზოლაციის შეუძლებლობიდან გამომდინარე, სათანადო საცხოვრებელზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა სახელმწიფოებს მოუწოდა, პანდემიის გათვალისწინებით დაუყოვნებლივ მიიღონ ეფექტიანი ღონისძიებები უსახლკაროთა დაცვისა და მხარდაჭერისთვის, მათ შორის, უსაფრთხო საცხოვრისებით უზრუნველყოფის გზით. ამასთან, სპეციალურმა მომხსენებელმა დაუშვებლად მიიჩნია საცხოვრისის არქონის გამო ადამიანების დასჯა ვირუსის შეკავების ღონისძიებების (მათ შორის, კომენდანტის საათის) ფარგლებში“.

„საქართველოში საცხოვრისის პოლიტიკის არარსებობისა და მინიმალური მხარდაჭერითი სერვისების არარსებობის პარალელურად, კიდევ უფრო შემაშფოთებელია სახელმწიფოს დამოკიდებულება მიუსაფარი პირების მიმართ. მათთვის სოციალური უსაფრთხოების და თავშესაფრის სერვისების შეთავაზების ნაცვლად, სახელმწიფო არ ითვალისწინებს მათ კრიტიკულ და ბაზისურ საჭიროებებს და საპასუხოდ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს. ვირუსის უპრეცედენტოდ მაღალი გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე, ზრუნვის ნაცვლად სახელმწიფო სჯის ადამიანებს უსახლკარობისთვის და პრაქტიკულად მიუსაფარ პირებს არ უტოვებს საჯარო სივრცეებს არსებობისთვის“, – წერს EMC.

„სახელმწიფოს მიდგომა, რომელიც სოციალური მხარდაჭერის ნაცვლად სადამსჯელო მექანიზმებს იყენებს მწვავე პანდემიური კრიზისის პირობებშიც კი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს. პანდემიის მიმდინარეობისას მთავრობის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფა, ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის კანონიერი და პროპორციული ღონისძიებების დაწესება და აღსრულება უნდა იყოს, თუმცა ამ პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ დასჯის ნაცვლად ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება“, – წერია განცხადებაში

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებით და შეწყვიტოს მიუსაფარი ჯგუფების მიმართ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმების ან/და სხვაგვარი სადამსჯელო ღონისძიებების გატარების პრაქტიკა;
  • მუნიციპალიტეტებთან და სოციალურ სამსახურთან თანამშრომლობით, უმოკლეს დროში უზრუნველყოს მიუსაფარი პირების პროაქტიული იდენტიფიცირება და მათი გადაყვანა უსაფრთხო თავშესაფრებში, სადაც მათ ექნებათ წვდომა მინიმალურ სერვისებზე;

საქართველოს მთავრობას კი მოუწოდებს:

  • გაატაროს დროული და ეფექტიანი პოლიტიკა უსახლკარო პირების ბაზისური სოციალური უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის;

9 ნოემბრიდან ქვეყანაში ამოქმედდა გადადგილების შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ქუჩაში გასვლა 22:00-დან 05:00 საათამდე იკრძალება. მთავრობა ამბობს, რომ ეს რეგულაცია „არ არის კომენდანტის საათი. ეს არის გადაადგილების შეზღუდვა“. თუმცა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ შეზღუდვა კომენდანტის საათის შინაარსს იმეორებს.

გარეკანზე: სქრინშოტი რადიო თავისუფლების ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი