ახალი ამბები

8 ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება

20 იანვარი, 2021 • 2596
8 ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილები, რომლითაც ცალკეული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები ზუსტდება.

კანონპროექტით, მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ზუსტად განისაზღვრება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (ლსდ), მდმა, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული 8 ნივთიერება შეირჩა პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებიდან გამომდინარე. 

აღნიშნული ნარკოტიკული ოდენობები (გრამებში), შესაბამისად, შემდეგნაირად განისაზღვრა:

  1. ამფეტამინი — 0,005 (მცირე); 0,1 (დიდი); 1 (განსაკუთრებით დიდი).
  2. დეზომორფინი — 0,001 (მცირე); 0,01 (დიდი); 1 (განსაკუთრებით დიდი).
  3. ლიზერგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი — 0,00002 (მცირე); 0,0002 (დიდი); 0,001 (განსაკუთრებით დიდი).
  4. მდმა (3,4-მეთილენდიოქ-სიმეტამფეტამინი) — 0,05 (მცირე); 0,5 (დიდი); 1 (განსაკუთრებით დიდი).
  5. მეთადონი (ფუძე და მარილები) — 0,005 (მცირე); 0,2 (დიდი); 1 (განსაკუთრებით დიდი).
  6. მეთკათინონი (ეფედრონი) — 0,005 (მცირე); 0,1 (დიდი); 1 (განსაკუთრებით დიდი).
  7. მეტამფეტამინი (ფუძე და მარილები, მიუხედავად თანმხლები ნივთიერებების არსებობისა) — 0,005 (მცირე); 0,1 (დიდი); 1 (განსაკუთრებით დიდი).
  8. ჰეროინი — 0,005 (მცირე); 0,2 (დიდი); 1 (განსაკუთრებით დიდი).

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მოქმედ კანონმდებლობაში განსაზღვრული არ არის ნარკოტიკულ საშუალებათა გარკვეული ნაწილისთვის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, რაც პრაქტიკაში და კანონის აღსრულების კუთხით პრობლემას ქმნის. საკანონმდებლო ცვლილებებით კი, ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში ხდება სუფთა სუბსტანციის სახით.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების გამოთვლის წესშიც შედის ცვლილება, რაც გულისხმობს, თითოეული ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების და გავლენის გათვალისწინებით, სუფთა სუბსტანციაზე დაყრდნობით ოდენობების გამოთვლას.

“ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკულ საშუალებას არ აქვს მცირე ოდენობა განსაზღვრული, ეს იწვევს მცირე დოზით ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა მიმართ მრავალწლიან არაპროპორციულ საპატიმრო სასჯელს. ამ კანონის მიღება კი მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის გატარებისთვის. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ არ ხდება ნარკოდანაშაულის რამე ფორმით დეკრიმინალიზაცია და, მით უმეტეს, ლეგალიზაცია. კანონპროექტი, ასევე, გავლენას ვერ იქონიებს გასაღების, რეალიზაციის კვალიფიკაციაზე”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონს ექნება უკუძალა, რადგან ცალკეულ შემთხვევებში ამ კანონის მიღებამ შესაძლოა გააუქმოს ან შეამსუბუქოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ ქმედებისთვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

საკანონმდებლო ცვლილების პროექტზე მუშაობა იუსტიციის სამინისტროს თავმჯდომარეობით მოქმედი ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში 2017 წლიდან მიმდინარეობდა. ამჟამად, კანონპროექტის ინიციატორები, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, არიან დეპუტატები: თეა წულუკიანი, დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე და ალუდა ღუდუშაური.


საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 2 აგვისტოს გამოიტანა გადაწყვეტილება სახალხო დამცველის კონსტიტუციურ სარჩელზე, რომლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების მიზნით, მცირე ოდენობით, უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის ან/და მოხმარებისთვის დაწესებული ისეთი სანქციები, როგორიცაა ადმინისტრაციული პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა, კონსტიტუციით გარანტირებული ღირსების შემლახავი სასჯელის აკრძალვის პრინციპს ეწინააღმდეგებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა ნარკოტიკული საშუალების, პრეკურსორის, მისი ანალოგის მოხმარების და ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით შეძენის, შენახვისა და დამზადებისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის თუ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა კონკრეტული ტიპის ნარკოტიკულ საშუალებებზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი