ახალი ამბები

ონკოპაციენტებისთვის 25-ათასიანი ლიმიტი რჩება, თუმცა წამლები ცალკე დაფინანსდება — მინისტრი

5 აპრილი, 2024 • 925
ონკოპაციენტებისთვის 25-ათასიანი ლიმიტი რჩება, თუმცა წამლები ცალკე  დაფინანსდება — მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ონკოპაციენტების დაფინანსებისთვის განსაზღვრულ წლიურ 25 000-ლარიან ლიმიტს მედიკამენტების ხარჯები გამოეყოფა. ეს მედიკამენტები სხვა სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდება. ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, ვისაც ამ დროისთვის უკვე ამოწურული აქვთ აღნიშნული ლიმიტი.

სარჯველაძის თქმით, ონკოპაციენტების წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლა იყო ერთ-ერთი პირველი დავალება, რაც მინისტრად დანიშვნის შემდეგ პრემიერ-მინისტრისგან მიიღო.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 000-იანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. ამგვარად, პრაქტიკულად გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი“ ,— განაცხადა სარჯველაძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები გაიარეს კლინიკებთან, ფარმაცევტულ სექტორთან, პარლამენტთან, ასევე, თავად ონკოპაციენტებთან. გარდა ამისა, საჯრველაძის თქმით, სამინისტრო იმუშავებს იმაზე, რომ „ადგილი არ ჰქონდეს და გამოირიცხებოდეს პაციენტების ინტერესებთან არათავსებადი გადახარჯვების შემთხვევები.“

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის წინა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, თანამდებობის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ გამოავლინა ფაქტები, როდესაც „საეჭვო ქვეყნიდან“ ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა. მისი თქმით, ამ სქემაში, სავარაუდოდ, მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული.

უფრო კონკრეტულად, ამ ონკოლოგების მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შედიოდა როგორც სამინისტროში, ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება. აზარაშვილის ინფორმაციით, ამ საკითხის შესაბამისი შუალედური განხილვა უკვე მოხდა პროფესიულ საბჭოზე და საქმის მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ სტრუქტურებში.


ონკოპაციენტები უკვე რამდენიმე კვირაა, აქტიურად მოითხოვენ 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმებას. მათ არაერთი აქცია გამართეს ჯანდაცვის სამინისტროსთან, მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან. მომდევნო აქცია, სახელწოდებით „მინდა ვიცოცხლო!“, დაანონსებული ჰქონდათ ორშაბათს, 8 აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი