ახალი ამბები

აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ლიდერები ნავალნის დაკავებას აკრიტიკებენ

18 იანვარი, 2021 • 1488
აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ლიდერები ნავალნის დაკავებას აკრიტიკებენ

აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების ლიდერები კრიტიკულად ეხმაურებიან რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას და რუსეთის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ალექსეი ნავალნი, რომელიც ნერვული აგენტით მოწამვლისა და გერმანიაში მრავალთვიანი მკურნალობის შემდეგ, 17 იანვარს, გვიან ღამით დაბრუნდა მოსკოვში, აეროპორტშივე დააკავეს. სასამართლო პროცესამდე პერიოდს ის იზოლატორში გაატარებს.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ნავალნი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. „მასზე გაუგონარ თავდასხმაში დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ“, – დაწერა მან.

მოქმედმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ გმობს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დააკავონ ნავალნი. ასევე ხაზი გაუსვა:

„უაღრეს შეშფოთებას გამოვხატავთ, რომ მისი დაკავება არის ბოლო ეპიზოდი სხვა ოპოზიციონერი ფიგურებისა და რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი, დამოუკიდებელი ხმების გაჩუმების მცდელობების სერიაში“.

პომპეომ ასევე განაცხადა, რომ „საკუთარ თავში დარწმუნებულ პოლიტიკურ ლიდერებს კონკურენტუნარიანი ხმების არ ეშინიათ“.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „სერიოზულადაა შეშფოთებული“ ალექსეი ნავალნის დაკავებით: „ამ საშინელი დანაშაულის მსხვერპლის დასჯის ნაცვლად, რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს, თუ როგორ მოხდა ქიმიური იარაღის გამოყენება რუსეთის მიწაზე“.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი „მიუღებელს“ უწოდებს ნავალნის დაუყოვნებლივ დაკავებას მოსკოვის აეროპორტში და ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ნავალნის გარშემო ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ გირჩევთ:

ნავალნი „ეფესბემ“ ნოვიჩოკით მოწამლა | bellingcat-ის გამოძიება

ნავალნი „ეფესბემ“ ნოვიჩოკით მოწამლა | bellingcat-ის გამოძიება

მასალების გადაბეჭდვის წესი