ახალი ამბები

რელიგიათა საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ბუკნარის მოვლენების გამო

14 იანვარი, 2021 • 1412
რელიგიათა საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ბუკნარის მოვლენების გამო

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოქალაქეებს შორის მომხდარ ძალადობას გმობენ. განცხადების ხელმომწერები ხელისუფლებას მოუწოდებენ, აღკვეთოს მომხდარი, ასევე, უზრუნველყოს რწმენის თავისუფლება, ებრძოლონ ქსენოფობიასა და სიძულვილს.

“შეშფოთებას გამოვთქვამთ საზოგადოებაში მიმდინარე უახლესი მოვლენების გამო. რელიგიური ნიშნით ადამიანების ან რელიგიური თემის შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია, ასევე დევნის გამოვლინებები, შემაშფოთებლად მიება ერთმანეთს”, – წერენ ისინი.

რელიგიური გაერთიანებების თქმით, ყოვლად დაუშვებელია ადამიანებზე ძალადობა იმის გამო, რომ მათ სურთ ლოცვა და სალოცავის ადგილის გახსნა.

ხელმომწერები ასევე ეხმაურებიან რამდენიმე სასულიერო პირის ბოლოდროინდელ ქადაგებებს, ანტისემიტური გამოსვლების ტალღად მოიხსენიებენ მათ და დასძენენ, რომ “საზოგადოებამ თითქმის მდუმარებითა და კრიტიკის გარეშე მიიღო” ეს განცხადებები.

“თუმცა უნდა ითქვას, რომ საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებმაც მკაფიოდ დაგმეს ებრაელი ერისკენ მიმართული სიძულვილის რიტორიკა და ქართულ-ებრაული მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემის ტრადიციაზე ალაპარაკდნენ”, – დასძენენ ისინი.

რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას:

  • სრულად აღკვეთოს სოფელ ბუკნარში რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაული;
  • უპირობოდ უზრუნველყოს თითოეული ადამინის უფლება, ჰქონდეს სალოცავი ადგილი, ილოცოს თავის ტაძარსა თუ მეჩეთში, დაიცვას რელიგიური წესები, უზრუნველყოფილი იყოს რელიგიურ ცხოვრებაში მონაწილეობის უსაფრთხოება;
  • ქსენოფობიისა და სიძულვილის რიტორიკის პრობლემებთან, ანტისემიტიზმის გამოვლინებებთან მიმართებით იქონიოს ცხადი, არაორაზროვანი, ანტიდისკრიმინაციული და სახელმწიფოებრივი მიდგომა, იზრუნოს ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებაზე.

მიმართვას ხელს აწერენ რელიგიური გაერთიანებები:

  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო;
  • ქართველ მუსლიმთა კავშირი;
  • ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადამინისტრაცია;
  • ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია;
  • ევანგელურ–ლუთერული ეკლესია;
  • სახარების რწმენის ეკლესია;
  • ევანგელისტური ეკლესია;
  • ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა;
  • ხსნის არმია;
  • ევანგელური ეკლესია “ურყევი საფუძველი”;
  • დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია;
  • სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება;
  • მეგობართა საზოგადება – კვაკერები;
  • აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება;
  • საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო;
  • მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ბუკნარი, რომლის მოსახლეობის ნაწილი ქრისტიანია, ნაწილი კი – მუსლიმი, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ადგილად იქცა. დაპირისპირება დეკემბრის ბოლოს დაიწყო, მუსლიმების მიერ სალოცავის  გახსნის შემდეგ. ქრისტიანები ხაზგასმით და კატეგორიულად ამბობენ, რომ არ დაუშვებენ სოფელში მუსლიმური სალოცავის გახსნას.

რელიგიურ ნიადაგზე 12 იანვარს სოფლის ცენტრში დაპირისპირება მოხდა მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის. დაპირისპირების დროს ორი მუსლიმი არასრულწლოვანი დაზიანდა ისე, რომ მათ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ.  შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ვრცლად:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/322770/

მასალების გადაბეჭდვის წესი