ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის ერთობლივი განცხადება – რაზე შეთანხმდნენ ლიდერები

11 იანვარი, 2021 • 2899
პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის ერთობლივი განცხადება – რაზე შეთანხმდნენ ლიდერები

მოსკოვში გამართული სამხრივი შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც მხარეები რეგიონში სამომავლო მოქმედებებზე შეთანხმდნენ.

შეთანხმება სულ 4 პუნქტისგან შედგება და სრულ ტექსტს კრემლის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

      1. ნომებრერში მიღწეული შეთანხმების მე-9 პუნქტის შესრულებისათვის, რათა გაიხსნას ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები რეგიონში, მხარეები მხარს უჭერენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეებიც იქნებიან აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერები.
      2. სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას გამართავს 2021 წლის 30 იანვრამდე, რომლის შედეგების საფუძველზეც ჩამოაყალიბებს ნოემბრის შეთანხმების მე-9 პუნქტის განსახორციელებლად გასატარებელი სამუშაოების სიას. პრიორიტეტი მიენიჭება გზისა და რკინიგზის კომუნიკაციებს, ასევე რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის [შემდგომში მხარეები] განსაზღვრულ სხვა სფეროებსაც.
      3. სამუშაოების განსახორციელებლად სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები დაამტკიცებენ საექსპერტო ჯგუფების შემადგენლობას. საექსპერტო ჯგუფები სამუშაო ჯგუფის შეხვედრიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგენენ პროექტების სიას, მათი განხორციელებისთვის აუცილებელი რესურსებისა და სამუშაოების დასაბუთებით.
      4. 2021 წლის პირველი მარტისთვის სამუშაო ჯგუფი მხარეებს უმაღლეს დონეზე დასამტკიცებლად წარუდგენს იმ ღონისძიებათა სიასა და გრაფიკს, რაც ითვალისწინებს ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ან აღდგენას, რაც საერთაშორისო გადაზიდვების შესასრულებლად და მათი უსაფრთხიებისთვის აუცილებელია და რომლებიც ხორციელდება აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით. აგრეთვე, გადაზიდვებისთვის, რომლებიც ხორციელდება აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ და რომელთა შესასრულებლადაც საჭიროა აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიის გადაკვეთა.

მხარეებს შორის მიღწეული 2020 წლის ნოემბრის შეთანხმების მე-9 პუნქტში ნათქვამია, რომ “ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი რეგიონში გაიხსნება. სომხეთი უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირებს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ხელი არ შეეშალოს მოქალაქეთა და ტვირთის გადაადგილებას ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლი განხორციელდება რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ. შეთანხმების მიხედვით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა დაიწყება, რომლებიც დააკავშირებენ ნახიჩევანის ავტონომიურ რეპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან”.

მხარეებს შორის შეხვედრის შემდეგ გაიმართა პუტინისა და ალიევის შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგაც ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ შეთანხმებით შესაძლებელი გახდება აზერბაიჯანის გავლით სომხეთისა და რუსეთის, ასევე, სომხეთისა და ირანის დაკავშირება, ხოლო აზერბაიჯანი დაუკავშირდება ნახიჩევანის რესპუბლიკას, შემდგომში კი -თურქეთს.

მისივე თქმით, მოხდება რუსეთისა და თურქეთის რკინიგზების ერთმანეთთან დაკავშირებაც.


მოსკოვში გამართული შეხვედრა იყო მხარეებს შორის გამართული პირველი ღონისძიება მას შემდეგ, რაც ყარაბაღის მეორე ომი დასრულდა.

ნახიჩევანის კორიდორი – რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი