ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნახიჩევანის კორიდორი – რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

13 ნოემბერი, 2020 • 6362
ნახიჩევანის კორიდორი – რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

10 ნოემბრის ღამეს მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის საბძოლო მოქმედებების დასრულების სამმხრივი შეთანხმება შედგა, რომლის მე-9 პუნქტი ითვალისწინებს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სატრანსპორტო დერეფნით დაკავშირებას დანარჩენ აზერბაიჯანთან, რასაც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ძალები გააკონტროლებენ.

შეთანხმების ტექსტის გასაჯაროების შემდეგ სოცქსელების ქართველ მომხმარებლებში დაიწყო დისკუსია იმის თაობაზე, ხომ არ გამოიწვევს ეს გადაწყვეტილება, მისი აღსრულების შემთხვევაში, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციის შესუსტებას.

რამდენად რეალურია აღნიშნული პუნქტის შესრულება – შესაბამისად, რამდენად მოსალოდნელია ნახიჩევანსა და სომხეთზე გამავალი ახალი სატრანსპორტო კვანძის შექმნა, რომელიც ერთმანეთს თურქეთსა და აზერბაიჯანს დააკავშირებს, და რა გავლენა შეიძლება ამან იქონიოს საქართველოზე? ანალიტიკოსები, რომლებსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ერთი მხრივ, ეჭვის თვალით უყურებენ ამ კორიდორის სრულფასოვნად ამუშავების შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშანვენ, რომ თუ ეს ასე მოხდა, ეს რეგიონში სტაბილურობას მოასწავებს, რითიც საქართველო არათუ იზარალებს, არამედ -პირიქით.

სად მდებარეობს ნახიჩევანის კორიდორი

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის სახელმწიფოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიისგან იზოლირებულია და მდებარეობს სომხეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ნახიჩევანს ორი მხრიდან ირანის ისლამური რესპუბლიკა ესაზღვრება, ასევე მცირე საზღვარი აქვს თურქეთთანაც, საიდანაც მარაგდება კიდეც.

სახმელეთო გზით აზერბაიჯანისა და ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დაკავშირება ამ დრომდე სხვა ქვეყნების საშუალებით ხდებოდა. არსებობს ამის ორი საშუალება. პირველი აზერბაიჯანიდან გადის საქართველოსა და თურქეთზე, რის შემდეგაც ხვდება ნახიჩევანში. ეს შედარებით გრძელი მარშრუტია და ხშირად აერთიანებს სახმელეთო გადაზიდვების რამდენიმე სახეობას, როგორიცაა სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვები. მეორე მარშრუტი აზერბაიჯანიდან ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლით მიემართება ნახიჩევანში, რაც შედარებით მოკლე მანძილია.

საქართველოს ტერიტორიაზე გადის აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი არაერთი სატრანზიტო პროექტი, მათ შორის, ბაქო-თბილისი-სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი. აგრეთვე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და წითელი ხიდი-სარფის სწრაფმავალი ავტომაგისტრალი, რომლითაც ქვეყნებს შორის ტვირთების გაცვლა მიმდინარეობს.

ე.წ. ნახიჩევანის კორიდორი, რომელიც შეიძლება სომხეთის სამხრეთ ნაწილში შეიქმნას, თეორიულად ორ მარშრუტს მოიაზრებს. პირველი იწყება სომხეთის სოფელ სიუნიქში, შემდგომ კი კაპანი-მეღრის გზით, ნახიჩევანის საზღვრამდე მიდის. მეორე მარშრუტი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის უკიდურესი სამხრეთი წერტილიდან იწყება და მდინარე არაქსს მიუყვება, შემდგომ კი იმავე კაპანი-მეღრის გზით უკავშირდება ნახიჩევანს. ორივე მარშრუტი მთიან გეოგრაფიულ არეალშია.

ნახიჩევანი და შესაძლო კორიდორები სამხრეთ სომხეთში

ნახიჩევანის კორიდორის არსებობით, აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირის დაშლისა და ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ პირველად, მართალია, მეორე ქვეყნის გავლით, თუმცა უმოკლესი გზით დაუკავშირდება ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას, შესაბამისად- თურქეთსაც.

რა მნიშვნელობა აქვს კორიდორს რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის

ისტორიკოსი ბექა კობახიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო კორიდორი უაღრესად მნიშვნელოვანია თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის.

“თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე თურქეთის იდეოლოგიურ ჩარჩოებს, რაც არის ნეოოტომანიზმისა და პანთურქიზმის ერთგვარი ნაზავი, ეს კორიდორი განიხილება, როგორც პირდაპირი წვდომა მოძმე აზერბაიჯანზე. მეორე მხრივ, აზერბაიჯანში ყოველთვის იყო ეს ოცნება, რომ ნახჩევანზე გასასვლელი და, შესაბამისად, პირდაპირი კავშირი ჰქონოდათ თურქეთთან, მაგრამ ამის არანაირი ლეგალური საფუძველი არ არსებობდა. ახლა პირველად ისტორიაში ჩნდება ეს საფუძველი საერთაშორისო შეთანხმებიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანმა არა უახლოეს მომავალში, მაგრამ მაინც, გარკვეული აგრესიული ქმედებები განახორციელოს  აღნიშნული კორიდორის მიმართულებით, რასაც შეიძლება ჰქონდეს ლეგიტიმური საფუძველი “, – აცხადებს ბექა კობახიძე.

მისივე განცხადებით, აღნიშნული კორიდორის შექმნით შეიძლება შეიქმნას ახალი კონფლიქტის ზონა სამხრეთ კავკასიაში. ასევე, შეთანხმებაში ბუნდოვანია, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის მშენებლობის, ხოლო შემდგომ -კორიდორის უსაფრთხოების მექანიზმი.

“ეს არის საფრთხის შემცველი. ვხედავთ, რომ სომხეთში არის რევანშისტული განწყობები. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ კონფლიქტი დასრულდა. მართალია, მეორე ომი დასრულდა, თუმცა არ დასრულებულა კონფლიქტი. სიძულვილი ხალხებს შორის კიდევ უფრო გაიზარდა და სურვილი, რომ ეს ნახიჩევანისკენ მიმავალი გზები ჩაიკეტოს, სომხეთში კვლავ იქნება, რაც აზერბაიჯანს მისცემს ლეგიტიმაციას, რომ ძალით გაჭრას ეს გზები”, – განუცხადა ნეტგაზეთს კობახიძემ.

ისტორიკოსი ბექა კობახიძე © თავისუფალი უნივერსიტეტი

ნეტგაზეთის კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კორიდორი საერთოდ ვერ შეიქმნება ან მომავალში მას სომხეთი დაიკავებს, შესაძლებელია თუ არა, რომ აზერბაიჯანმა დაარღვიოს შეთანხმების სხვა ნაწილები, მაგალითად, დაიკავოს სტეფანაკერტი, ბექა კობახიძე პასუხობს, რომ მთიან ყარაბაღში სამომავლო მოქმედებები რუსეთის ინტერესებზე იქნება დამოკიდებული.

“თეორიაში ასეა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სომხურ ანკლავში იქნებიან რუსული ძალები, ხოლო რუსებმა ყველაფერს მიაღწიეს, რაც სურდათ და სტატუს-კვო მათ აძლევთ ხელს, ამიტომ არ ველოდები, რომ უშუალოდ ყარაბაღში იქნება რაიმე გართულება. თუ აზერბაიჯანი შეეცდება სტატუს-კვოს შეცვლას, მაშინ რუსეთი სომხურ მხარეს დაიჭერს, თუ სომხეთი არ შეასრულებს შეთანხმების პირობებს, მაშინ, ალბათ, რუსეთი მოქმედების თავისუფლების საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს”, – აცხადებს ბექა კობახიძე.

ნეტგაზეთმა კობახიძეს ასევე ჰკითხა ენერგომარშუტებზეც. გარდა სატრანსპორტო გადაზიდვებისა, ხომ არ შეიძლება, რომ აღნიშნული მიმართულებით მომხდარიყო ენერგეტიკული პროექტების განხორციელება, რაზეც ის პასუხობს, რომ აზერბაიჯანი სომხეთს არ გადასცემს საკუთარი ეკონომიკის კონტროლის საშუალებას.

“ეს შეუძლებელია, აზერბაიჯანის ხელისუფლებაში საკმაოდ პრაგმატულად და ფრთხილ გადაწყვეტილებებს იღებენ. თუ აზერბაიჯანი თავის ძირითად რესურსებს (მილსადენები და რკინიგზა) გაატარებს სომხეთის ტერიტორიაზე, პოტენციური კონფლიქტის შემთხვევაში ის მძევლად უტოვებს ამ რესურსებს სომხეთს. კიდევ ვიმეორებ, კონფლიქტი არ დასრულებულა. არავის აქვს იმის მოლოდინი, რომ “შენგენის ზონა” შეიქმნება კავკასიაში”, – ამბობს კობახიძე.

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი დერეფნის გახსნით შესაძლოა დაზიანდეს საქართველოს სატრანზიტო ინტერესები, მაგრამ სატრანსპორტო ფუნქცია სრულად ვერ გადაიხედება.

“აზერბაიჯანი ამჟამად თავს გამარჯვებულად თვლის და, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ მაქსიმალურ წარმატებას მიაღწიოს შეთანხმების დროს. ამიტომაც, მას სურს დაუკავშირდეს თურქეთს, მის მთავარ მოკავშირეს, სატრანსპორტო გზებით. ეს მოკლე ვადაში არ მოხდება, მაგრამ 21-ე საუკუნეში ნებისმიერი გეოგრაფიული სირთულე გადალახვადია”, -აცხადებს თინა ხიდაშელი.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ კორიდორი, რომელიც ნახიჩევანს დააკავშირებს თურქეთსა და აზერბაიჯანთან, პირველ რიგში, რეგიონის ქვეყნებს მოუტანს სარგებელს. ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის ცნობით კი, მალე დაიწყება თურქეთი-ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც გაზრდის ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვას.

ნეტგაზეთის კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ მართლაც დადგება ასეთი გამოწვევა, რომ ნახიჩევანის კორიდორის მშენებლობით საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს შეიძლება საფრთხე შეექმნას, რა უნდა იყოს ქართული სახელმწიფოს შესაძლო ნაბიჯი, თინა ხიდაშელი პასუხობს, რომ საქართველომ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს საკუთარ პარტნიორებთან, რომ მისი სატრანზიტო ფუნქცია არ გადაიხედოს.

“საქართველომ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს აზერბაიჯანთან და თურქეთთან, რადგან, მიუხედავად მთავრობების ცვლილებისა, საქართველო მუდმივად იყო კეთილსაიმედო პარტნიორი ტვირთების ტრანზიტის საქმეში. ამ საკითხის მნიშვნელობა ყველა მთავრობას ესმოდა და ამდენად, არავითარი პრობლემა არ შექმნილა. გარდა ამისა, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ აშშ-სა და ევროპასთანაც, რადგან სწორედ მათი პროექტები, სატრანზიტო ხაზები გადის საქართველოს ტერიტორიაზე”, – ამბობს თინა ხიდაშელი.

მისი განცხადებით, საქართველოს გაუჭირდება პარტნიორებთან ურთიერთობა იმ შემთხვევაში, თუ შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ქვეყანა ნდობას დაკარგავს.

“იმ დროს, როდესაც ქვეყანას მართავს მთავრობა, რომელსაც აქვს რთული საგარეო ურთიერთობები, ასეთი შეთანხმებების მიღწევა გაუჭირდება. მაგალითისთვის, იმდროინდელი ხელისუფლების მიერ ორი გაყალბებული არჩევნების შემდეგ, 2008 წელს, საქართველოს პოზიციები შესუსტდა და ერთგვარ იზოლაციაში აღმოჩნდა ჯერ ბუქარესტის სამიტზე, შემდეგ კი, აგვისტოს ომის დროს. იგივე არ უნდა გაიმეოროს ახლანდელმა ხელისუფლებამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეროვნული ინტერესები დაზიანდეს”, – განაცხადა ხიდაშელმა.

რონდელის ფონდის მკვლევარი და საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში ამ დერეფნის გახსნის შემთხვევაში სტრატეგიული სურათი მნიშვნელოვნად არ იცვლება.

“აღნიშნული გზა გაივლის სომხეთის ტერიტორიაზე და სომხეთის გარდა მისი სტაბილურად ფუნქციონირება დამოკიდებული იქნება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ძალებზე. ამ გზით შეიძლება ისარგებლოს თურქეთმა და აზერბაიჯანმა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ტვირთები იქნება გადასატანი აზერბაიჯანის სამხრეთ ტერიტორებსა და ნახიჩევანს შორის. აზერბაიჯანი ამ დრომდეც არ იყენებდა საქართველოს ტერიტორიას ნახიჩევანთან დასაკავშირებლად, შესაბამისად, ამ კუთხით სტრატეგიული სურათი მნიშვნელოვნად არ იცვლება”, – აცხადებს გიორგი ბადრიძე.

გიორგი ბადრიძე © Legatum Institute, დიდი ბრიტანეთი

გიორგი ბადრიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ნახიჩევანის დერეფნის გახსნის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველომ დაკარგოს გარკვეული ტვირთები, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო ის ეკონომიკური სარგებელი, რასაც საქართველოც მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ რეგიონი დასტაბილურდება, გაცილებით ძვირფასია, ვიდრე ტვირთების გატარებით მიღებული შემოსავალი.

“დერეფანმა რომ შეიძინოს სტრატეგიული დანიშნულება, რათა გატარდეს მილსადენები და რკინიგზა, ამას დასჭირდება სამარადჟამო მეგობრული შეთანხმება. ეს რამდენად შესაძლებელია, ძნელი სათქმელია. ამ მომენტში ეს შეთანხმება უფრო ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებაა, ვიდრე სამშვიდობო წინადადება. ასევე გამოვრიცხავ იმას, რომ სომხეთისკენ გადაინაცვლებს ყველა სატრანზიტო მარშრუტი, რაც ახლა საქართველოზე გადის, მაგრამ ეს ასეც რომ მოხდეს, ამაზე არავინ უნდა იდარდოს, რადგან ეს ნიშნავს ისეთ სერიოზულ გარღვევას რეგიონის სტაბილურობის ჩამოყალიბებაში, რომლითაც საქართველო მხოლოდ ისარგებლებს. საქართველო ზარალდება მაშინ, როცა რეგიონში არასტაბილურობაა, ხოლო თუ აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობები გაუმჯობესდება, ეს საქართველოს მხოლოდ წაადგება. ეს თუ მოხდა, საქართველოსთვის ბევრად მეტია, ვიდრე სატრანზიტო დანაკარგები, რადგან სტაბილურობის პირობებში საქართველო გახდება უფრო მიმზიდველი ინვესტიციებისა და ტურიზმისთვის”, – მიაჩნია ბადრიძეს.


მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს დაიწყო. ომის განმავლობაში სამი ჰუმანიტარული ზავი გაფორმდა, ორჯერ რუსეთის, ხოლო ერთხელ აშშ-ს შუამავლობით, თუმცა სამივე შემთხვევაში მხარეები აცხადებდნენ, რომ მოწინააღმდეგე ზავის პირობებს არ იცავდა. საბოლოოდ, აზერბაიჯანის არმიამ შეძლო აეღო დასახლებები ფუზულის, ჯაბრაილის, გუბადლის, ხოჯევანდის, ხოჯალის, ლაჩინის რაიონები. ასევე ქალაქები ჰადრუთი და შუშა, რომლებიც ომის შემდგომ ძირითადად მხოლოდ სომხური მოსახლეობით იყო დასახლებული. 10 ნოემბრის ღამეს, სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ომის დასრულების შეთანხმებას ალიევთან და პუტინთან ერთად, რომლის ტექსტიც დაუჯერებლად მტკივნეული იყო სომეხი ხალხისთვის. შეთანხმება 9 პუნქტისგან შედგება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნებას, რუს მშვიდობისმყოფელებსა და ლაჩინისა და ნახიჩევანის კორიდორების შექმნას გულისხმობს. ფაშინიანის გადაწყვეტილებას სომხეთის დედაქალაქში პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტებმა დაიკავეს მთავრობისა და პარლამენტის შენობები, ასევე თავს დაესხნენ პარლამენტის სპიკერს. 17 პარტიისგან შემდგარი კოალიცია ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი