ახალი ამბები

ივანიშვილმა თავისი გუნდი მიატოვა – ნაცვლიშვილი

11 იანვარი, 2021 • 1587
ივანიშვილმა თავისი გუნდი მიატოვა – ნაცვლიშვილი

პარტია “ლელოს” სპიკერის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი გუნდი მიატოვა. ასე გამოეხმაურა ის ივანიშვილის განცხადებას “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

ნაცვლიშვილის თქმით, პოლიტიკურ კომენტატორებს დაუთმობს მსჯელობას იმის შესახებ, მართლა ტოვებს თუ არა ივანიშვილი პოლიტიკურ სივრცეს, თუმცა ფაქტია, რომ “მისი პასუხისმგებლობაა ყველა ის კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაშია”.

“არ უნდა დაგვავიწყდეს ის რეალობა, რომელსაც, როგორც თავად ამბობს – წამსვლელი – გვიტოვებს: უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში ჩაფლულ, კიდევ უფრო გაღატაკებულ ქვეყანას, რომელშიც არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ ფუნქციონირებს და მიტაცებულია სხვადასხვა ძალაუფლებრივი ჯგუფების მხრიდან. ეს არის ის, რასაც ივანიშვილი ტოვებს”, – ეუბნება ანა ნაცვლიშვილი “ნეტგაზეთს”.

“ლელოს” სპიკერი აღნიშნავს, რომ ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება თავისით არ მიუღია და ამისათვის რიგი წინაპირობები დაგროვდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ:

“თავისი სურვილით ეს არ გაუკეთებია მას. [ის აიძულა] შექმნილმა ვითარებამ, რომელიც თავისით არ მოსულა. ხომ პარადოქსია, რომ “გამარჯვებული” ძალის ლიდერი პოლიტიკიდან მიდიოდეს 1 და 2 თვეში?

ანუ, არჩევნების შედეგმა, არჩევნების შედეგად გამოწვეულმა რეზონანსმა, იმ უმძიმესმა სურათმა, რომელიც ქვეყანაშია, მარცხმა, რომელიც მან განიცადა… ამ ყველაფერმა მას აიძულა, რომ ასეთი ნაბიჯი გადაედგა”.

ნაცვლიშვილის განცხადებით, ივანიშვილმა მიატოვა გუნდი, რომელსაც აღარ გააჩნია განახლების რესურსი.

“ფაქტია, რომ მან თავისი გუნდი მიატოვა ამ რთულ ვითარებაში. “ქართულ ოცნებას” გუნდი უწოდო, ესეც ცოტა რთული ამბავია, რადგან გუნდი ნიშნავს ერთი ღირებულებითი სისტემის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებს, რომელთაც მწყობრი ხედვა, გეგმა და საერთო შინაგანი კონსტიტუცია აქვთ.

ჩვენ ყველა არჩევნების წინ შეცვლილი, ვითომ გადახალისებული გუნდი ვნახეთ, რომლის მიზანიც განახლების [ილუზიის] შექმნა იყო. განახლების რესურსი ამ პარტიას არ აქვს და ლიდერი რომ მას ტოვებს, ესეც ამის მანიშნებელია”, – დასძენს ის და ამატებს, რომ ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო, რათა საზოგადოებამ “მიტაცებული და ჭაობში ჩაფლული სახელმწიფო დაიბრუნოს”.

“ქართული ოცნებიდან” და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას დღეს სხვა ოპოზიციური პარტიებიც გამოეხმაურნენ.

“ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოში” ეს ნაბიჯი უპასუხისმგებლობად შეაფასეს. მათი თქმით, ივანიშვილი ცდილობს, მოსალოდნელ პრობლემებზე პასუხისმგებლობა აირიდოს და თავის გუნდს გადააბაროს ის. “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი დასძენს, რომ დრო აჩვენებს, ივანიშვილი მართლა მიდის თუ ეს არის მომდევნო “პოლიტიკური ტრიუკი”.


დღეს, 11 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლა გადაწყვიტა. ივანიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” გუნდს შეუძლია მისი “შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება”.

ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. „ქართული ოცნების“ წესდების თანახმად, მისი ადგილი დროებით უნდა დაიკავოს გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის

მასალების გადაბეჭდვის წესი