ახალი ამბები

დრო გვიჩვენებს, ეს არის რეალური წასვლა თუ მორიგი ტრიუკი – ელისაშვილი ივანიშვილზე

11 იანვარი, 2021 • 999
დრო გვიჩვენებს, ეს არის რეალური წასვლა თუ მორიგი ტრიუკი – ელისაშვილი ივანიშვილზე

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, დრო აჩვენებს, ივანიშვილის განაცხადი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ რეალურია თუ მორიგ “პოლიტიკურ ტრიუკს” წარმოადგენს.

ელისაშვილის თქმით, თუ ივანიშვილი მართლა მიდის, ეს ნიშნავს, რომ ის ცდილობს, “ქუდი დაიხუროს” და გაერიდოს სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებს, რომლებიც ქვეყანას ელის. თუ ასე არ არის, “მოქალაქეების” ლიდერის თქმით, საზოგადოება მორიგ “პოლიტიკურ ტრიუკებს” უნდა ელოდოს, რაც ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

ელისაშვილის თქმით, თუ განცხადება რეალურია, ივანიშვილი ტოვებს “ოდნავ უფრო პლურალისტურ გარემოს”, ვიდრე მანამდე არსებობდა, თუმცა, მეორე მხრივ, მეტად გაღარიბებულ ქვეყანას არაერთი სხვა პრობლემით.

“მას რომ 2013 წელს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეთქვა, ამაყი და თავაწეული მივდივარო, მართალი იქნებოდა. ახლა კი მიდის შერცხვენილი და თავლაფდასხმული. გავიხსენოთ, რა იყო მისი მთავარი დაპირებები და რომლები შეასრულა რეალურად”, – უთხრა ელისაშვილმა “ნეტგაზეთს”.

მისივე თქმით, არ ელის, რომ ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში, “ქართული ოცნება” ერთიან ძალად დარჩება იმ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რომელიც პარტიის სხვა ლიდერებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის წლების მანძილზე არსებობდა.

“ქართული ოცნებიდან” და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას დღეს სხვა ოპოზიციური პარტიებიც გამოეხმაურნენ. “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოში” ეს ნაბიჯი უპასუხისმგებლობად შეაფასეს. მათი თქმით, ივანიშვილი ცდილობს, მოსალოდნელ პრობლემებზე პასუხისმგებლობა აირიდოს და თავის გუნდს გადააბაროს ის.


დღეს, 11 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლა გადაწყვიტა. ივანიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” გუნდს შეუძლია მისი “შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება”.

ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. „ქართული ოცნების“ წესდების თანახმად, მისი ადგილი დროებით უნდა დაიკავოს გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი