ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისთვის ანგარსკის მკაცრი რეჟმის კოლონიაში გადასახლებული მერაბ კოსტავა 1983 წელს, გეორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან 200 წლის თავზე, ტრაქტატსა და საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე ვრცელ სტატიას წერს.

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში დაცული სტატიის ხელნაწერზე დაფუძნებით შექმნილი წიგნის (“გზა ჭეშმარიტებისა”- მერაბ კოსტავა) ელექტრონულ ვერსიას უცვლელად:


გზა ჭეშმარიტებისა

გეორგიევსკის ტრაქტატს, რუსეთის და საქართველოს წარმომადგენლებმა ხელი 1783 წელს რომ მოაწერეს, იყო არა მარტოოდენ დასაბამი ახალი ეტაპისა ამ ქვეყნების ურთიერთობაში, არამედ მთელი შემდგომი ერთობლივი ისტორიის მანძილზე დღემდე ამ ორი ერის ურთიერთ დამოკიდებულებათა უცდომელი მორალური საზომი, სიტყვაზე მტკიცედ მდგომთა მხარის გამმაგრებელი, სიტყვის გამტეხთა მქენჯნელი და მამხილებელი.

მეტი ობიექტურობისათვის საშუროდ მივიჩნიე სამი თვალსაზრისის შეწონასწორება და ამ საკითხთან მიახლება არა მარტოოდენ ქართველი კაცის, არამედ რუსის და მსოფლიო მოქალაქის პოზიციიდანაც. ამისათვის შესაძლებლობისდაგვარად რუსეთის ერის სულსაც უნდა ჩავწვდომოდი, რათა შემეგრძნო და მეაზროვნა როგორც რუს მოქალაქეს და აზრთა იმ მკვიდრ საყრდენზეც დამედო ბინა, მსოფლიოს დიდმა მოაზროვნეებმა რომ მოჰმადლეს კაცობრიობას, ან თავად ჩემში რომ განამკვიდრა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ. ჩემთვის იმთავითვე იყო ნათელი, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიასთან დაკავშირებით აზრთა ორ კატეგორიას შორის უნდა გამეკვლია გზა ჭეშმარიტებისაკენ. ერთი კატეგორია აზრებისა არსებობდა დაფარულად, შექმნილ ვითარებათა გამო დიდხანს არ ჩნდებოდა მოვლენათა ზედაპირზე, დუღდა და იცდიდა ადამიანთა გულებში, და თუკი ვინმე გაბედავდა სიტყვაში გაცხადებას მათსას, სათქმელს ხშირად ბოღმასაც ამოაყოლებდა, იმ უთქმელობისაგან დაგროვებულ ბოღმას, რომლითაც თითქოს ხელის ერთი მოსმით სურდა ჩამოერეცხა იძულებითი დუმილისაგან გამოწვეული შეურაცხყოფის გრძნობა. ეს გაბედული ადამიანები, სინამდვილის მართლაც აღმაშფოთებელი ფაქტებით სამართლიანად აღშფოთებულნი და უკომპრომისობის მორალური განცდით ატაცებულნი, ზოგჯერ ვერ ხედავდნენ, ან აღნიშვნის ღირსად არ თვლიდნენ მთელ რიგ დადებით მოვლენებსაც. მეორე სახეობა აზრებისა ოფიციოზის გარემოცვაში ყალიბდებოდა და რამდენადმე დოგმატურ ელფერს ატარებდა. საყოველთაო კეთილდღეობის სურათის წარმოდგენით იგი ცდილობდა მხოლოდ დადებითად წარმოეჩინა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია და სინამდვილის უარყოფით მხარეებს ან დუმილით უვლიდა გვერდს, ან ისტორიული გარდუვალობის მარწუხებში აქცევდა, რადგან ხანგრძლივი აღშფოთების სიმწარემ შხამი იცის, მით უმეტეს, თუ გამოსავალს ვერ პოულობს იგი, ხოლო ნიადაგ ხოტბის აღვლენამ – გულის ამსუყება, ამიტომ ფრიად ჭირდა შავი ან ფერადი სათვალის უკუგება ამ ურთიერთობათა განხილვისას.

საქართველოში ისე ვით მრავალს, მეც მისვამს ნაღველი ჩემი ერის ბედიღბალზე. მის წარსულსა თუ აწმყოზე ფიქრისას, ჩემთვისაც უცდიათ ფერადი სათვალის მორგება არსებულის მხ-ოლოდ ვარდის ფერებში დასანახვებლად. ამიტომაც არ მიმაჩნია იოლ საქმედ ისტორიკოსის ცივი და ფხიზელი გონებით მიახლება იმგვარ საკითხთან, როგორიცაა გეორგიევსკის ტრაქტატი და მასთან დაკავშირებული მოვლენების მდინარება, მაგრამ სიტყვა ითქვა, და ბარემ საცდელიც იცადოს. თავიდანვე უნდა აღვნიშნო გეორგიევსკის ტრაქტატის ერთობ მყარი და მაღალი მორალური საფუძველი, რაიც ამ ერების ურთიერთობას, მათი შეძმობისა და შეხმატკბილების საქმეს ერთობ კარგ დასაწყისსა და ჩინებულ გაგრძელებას უქადდა. ტრაქტატი სამოკავშირეოდ იწოდებოდა, რომლის მიხედვითაც ფიზიკურ ძალთა არათანაფარდობის მიუხედავად, საქართველო რუსეთის მოკავშირედ ირიცხებოდა და არა ქვეშევრდომად. ოდნავადაც არ ირღვეოდა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი. ძალაში რჩებოდა უფლებანი ტახტის მემკვიდრეობით გადაცემის,გვირგვინის მირონით კურთხევის, საკუთარი მონეტების მოჭრისა და ავტოკეფალია ეკლესიისა. ქართული ენა სახელმწიფო ენად, ხოლო ქართული მხედრობა ერის საზღვართა და ღირსებათა დამცველად იგულისხმებოდა, სავალდებულოდ ითვლებოდა პარტნიორის მოყვარისა მოყვარედ, ხოლო მტრისა მტრად შერაცხვა, სამხედრო და მორალური ურთიერთდახმარება. სახელმწიფოთა შორის ამგვარი ხელშეკრულების დადების თარიღი მართლაც რომ ზარზეიმით აღნიშვნის ღირსია, მაგრამ რისი ღირსია ყოველივე ის, ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ რომ მოხდა? რაც შემდეგ მოხდა, ამისათვის უამრავი სამწერლო და საარქივო მასალა ღაღადებს. ამ ამბავს დაწვრილებით განიხილავს აგრეთვე დიდი ქართველი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი თავისი კაპიტალური ნაშრომის „ქართველი ერის ისტორია“ მე-5 ტომში. მე მგონი მისი, როგორც მეცნიერის კომპეტენტურობასა და ობიექტურობაში ზედმეტია ეჭვის შეტანა. ფაქტი ისაა, რომ კრწანისის ომში, საეჭვო მიზეზების გამო, ჩრილოეთ კავკასიაში დაბანაკებულმა რუსთის არმიამ, არ გაუწია მეფე ერეკლეს ტრაქტატით გათვალისწინებული სამხედრო დახმარება, თუმც მის სარდლობასთან არაერთგზის აფრინეს მალემსრბოლი ქართველებმა. ხოლო ერეკლეს ვაჟის გიორგი მეთორმეტის სიკვდილისთანავე, რუსეთის იმპერატორის, პავლე პირველის საიდუმლო ბრძანებით, უკვე საქართველოში დაბანაკებულმა რუსეთის ჯარის სარდლობამ აღარ დაუშვა მისი ჩვილი მემკვიდრის მეფედ კურთხევა, დედოფალი მარიამი ძალმომრეულად გადააყენა ტახტიდან, დაატყვევა ყველა ბატონიშვილი ბაგრატიონის ვარისა, როგორც ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის პოტენციური პრეტენდენტი და დედოფალთან ერთად გადაასახლა საცხოვრებლად პეტერბურგში, რის შემდეგაც საქართველოს სამეფო გააუქმა და რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ პერიფერიულ პროვინციად აქცია. ამას მოჰყვა რუსული ენის სრული გაბატონება სახელმწიფო დაწესებულებებში, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ხელყოფა, ქართული სკოლების დახურვა და დევნა ქართული ენისა ახლადგახსნილ რუსული ტიპის სკოლებში, ძველთუძველესი ქართყლი ფრესკების გადაღებვა ტაძრებში რუს მღვდელმსახურთა ბრძანებით, რუს ჩინოვნიკთა და სამხედრო პირთა მზვაობრული თვითნებობა და აღვირახსნილობა, დამაჯერებლად რომ აღწერა თავის ქმნილებაში ალექსანდრე ყაზბეგმა. ასე რომ, რუსეთის იმპერიამ უგულებელჰყო ტრაქტატით გათვალისწინებული პირობები და ამით საგრძნობლად შეარყია ქართველების ნდობა.

ასეთ შემთხვევაში ისტორიის ბრალდება მხოლოდ ფაქტების ჩამოთვლას უნდა დაეყრდნოს, მეთოდს, რომელიც არ დაუშვებს წარსულში მომხდარი ამბების მიჩქმალვას, რადგან მხოლოდ ჭკუათმყოფელს შეუძლია მოსთხოვოს ამჟამად მცხოვრებ რუსებს პასუხი იმისათვის, რომ ოდესღაც ჩაუდენიათ მათი ერის საჭეთმპყრობელებს საქართველოს მიმართ. ფაქტების სრულად წარმოჩენა კი საშუროა თუნდაც დღევანდელი რუსების გასაფრთხილებლად და დასანამუსებლად, რათა ამ ერთა ურთიერთდამოკიდებულების პრაქტიკიდან სამუდამოდ ამოიკვეთოს ყველანაირი უსამართლობა. 

მაშ, ზეიმი ზეიმად, სიმართლე კი სიმართლედ!

მერაბ კოსტავას ხელნაწერი (2-3 გვ.), „გზა ჭეშმარიტებისა“, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი | ნეტგაზეთი

  ერთის შეხედვით მოხდა საკვირველება. ქრისტიანულმა რუსეთმა სამეფოს გაუქმებით, ქართული ენის დევნითა და ეკლესიის ავტოკეფალიის ხელყოფით ერთმორწმუნე საქართველოს გაუკეთა ისეთი რამ, რაც არ ჩაუდენია თვით სპარსეთსა და თურქეთს. სისხლის წვიმების არაერთგზის დამყენებელს საქართველოში. და ეს ყოველივე კონტაქტის დამყარებისთანავე მოხდა. რას მივაწეროთ ეს ამბავი? – დიდ და მცირერიცხოვან სახელმწიფოებს შორის სხვაგვარი დამოკიდებულების გამორიცხვას. თუ იმჟამად აღორძინებული ზოგად ევროპული კოლონიალიზმის თავისებურებას?! უშვებდნენ საქართველოს მეფენი, უპირველეს ყოვლისა კი, ერეკლე მეორე, საქმის ამგვარად შეტრიალების შესაძლებლობას, ოდეს თავგამოდებით ცდილობდნენ გამუდმებული შემოსევებისაგან სისხლდაწრეტილი ქვეყანა ეხსნათ ერთმორწმუნე ჩრდილოელთა მეშვეობით? ჩემის აზრით, არა, რადგან მათ არ იცოდნენ მათი თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის, კოლონიალიზმის და დიპლომატიის ისტორია, არა უწყოდნენ ახალი, დახვეწილი ევროპული მეთოდებისათვის, მათი ორგანიზებულობისა და თანმიმდევრულობისათვის სხვათა თუ ახალ მიწებზე ფეხმოკიდების საქმეში, რაც სავსებით განსხვავდებოდა დროებითი, პერიოდული შემოსევებისა და ხარკის დადების მოძველებული, აზიური მეთოდებისაგან, არა იცოდნენ ასიმილირების იმ უნარისა და მისწრაფებებისათვის, ახალგაზრდა მზარდ ერებს რომ გააჩნდათ. რუსეთი და საქართველო თავიანთ ისტორიულ გზათშესაყარზე, ანუ გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელის მოწერისას ერთმანეთს ერთობ ზერელედ, ან თითქმს არც იცნობდნენ. საქართველოს რომ უძველესი ისტორია და კულტურა გააჩნდა, რომელიც ჯერ კიდევ პრომეთე-ამირანის, ნოეს კიდობანის, არგონავტთა ლაშქრობის მითებიდან და ლეგენდებიდან იღებს სათავეებს, მისი გმირული წარსულის ფურცლებზე რომ ელავდნენ კოდროსზე, ლეონიდეზე, კიროსზე, მილკიადეზე, თემისთოკლეზე, ალექსანდრე მაკედონელზე, კარლოს დიდზე, ალექსანდრე ნეველზე, დიმიტრი დონელზე, გუსტავ ადოლფზე, ვილჰელმ ორანელზე, იან ჟიჟკაზე, პეტრე დიდზე, ლაიოშ კოშუტსა და თადეუშ კოსტიუშკოზე სიქველითა და ვაჟკაცობით არანაკლებად გამორჩეული სახელები, რუსეთს და საქართველოს რომ ჰყავდათ ერთიდაიგივე ქრისტიანი ნათლია, ანდრია პირველმოციქული, საქართველო სირიასთან, ბიზანტიასა და სომხეთთან რომ ინაწილებდა პიონერობას ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საქმეში, მას რომ ძალზე მდიდარი ჰაგიოგრაფიული, ბრწყინვალე საისტორიო და დიდებული საერო მწერლობა გააჩნდა და პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი V საუკუნით რომ არის დათარიღებული, ქართული კულტურა რომ იკვეთებოდა უფლისციხის, დავით-გარეჯის და ვარძიის კლდოვანებში, საქართველოს, იერუსალიმის, სინას, ათონისა და ბულგარეთის მყუდრო სამონასტრო ცხოვრებაში, მას რომ ამშვენებდა დიდებული საეკლესიო არქიტექტურა, ფრესკული და მინიატურული ფერწერა, წარმართული და ქრისტიანული ეპოქების უნიკალური ოქრომჭედლობა, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში საკუთარი სანოტო სისტემის საფუძველზე შექმნილი სუცხოო მრავალხმიანი საგალობლები, ელინურ ხანაში ფოთისა, ხოლო დავით აღმაშენებლის ეპოქაში გელათისა და იყალთოს აკადემიები, სადაც ბერძნული ფილოსოფიისა და ქრისტიანული თეოლოგიის უმაღლეს მიღწევებთან ერთად მთელ რიგ მეცნიერებებსაც ეწაფებოდნენ, კანტიკუნტად, ან სულაც არ იცოდნენ არათუ იმჟამინდელი რუსეთის მმართველმა წრეებმა, არამედ თვით პუშკინმა, ლერმონტოვმა, გრიბოედოვმა, ტოლსტოიმ, დეკაბრისტებმა, სხვათა და სხვათა. მათზე და მათ შემოქმედებაზე უდიდეს გავლენას ახდენდა კავკასიონის ზვიადი მწვერვალები. ისინი აქ პოულობდნენ ახალ თემებს, იმუხტებოდნენ მძლავრი შემოქმედებითი იმპულსებით, ექცეოდნენ უჩვეულო პოეტური ინსპირაციის არეში. საქართველოს სამხედრო გზას შემთხვევით როდი უწოდეს რუსული ლიტერატურის ისტორიის გზა. მაგრამ მაინც საკითხავია: იყო იმჟამად საქართველოს გავლენა რუს მწერლებზე სრული და ამომწურავი, თუ მხოლოდ ნაწილობრივი და ცალმხრივი? მწერალთა და ხელოვანთა შემოქმედებაზე სამი რამ ახდენს ყველაზე დიდსა და ცხოველმყოფელ ზემოქმედებას: მძლავრი ცხოვრებისეული კატასტროფებისა და ხიფათების განცდა, სიკვდილისათვის თვალის გასწორებას, სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე ცხოვრებას რომ ასწავლის მათ, კულტურისმიერი და ბუნებისმიერი ფენომენი მარათონისა და სალამინის ბრძოლებში მონაწილეობის გარეშე არ იქნებოდნენ დიდ ბერძენი დრამატურგები, დოსტოევსკის შემოქმედებაც ბევრს დაჰკარგავდა, მას რომ სიკვდილმისჯილის, ხოლო შემდეგ კატორღელის მძიმე ხვედრი არ განეცადა. არც სერვანტესი იქნებოდა თურქთა, არც გურამიშვილი ლეკთა და მაგდერბურგის ტყვეობის, არც გამსახურდია სოლოვკების, და არც დანტე ბეატრიჩეს სიკვდილით გამოწვეული მძიმე განცდისა და ხანგრძლივი ექსორიის, და არც სხვანი და სხვანი განსაცდელთა, ციხეთა, ექსორიათა, ილუზიების მსხვრევათა თუ სატრფოთა უდროოდ დაკარგვის გარეშე. რაც შეეხება კულტურისმიერ ფენომენს, საკმარისია გავიხსენოთ გოეტეს ნათქვამი, რომ იგი ვერ დააღწევდა თავს ანაზდეულ, შემოქმედებით კრიზისს, იტალიაში რომ არ ემოგზაურა და მისი გასაოცარი ხელოვნებისა და ბუნების მადლი არ განეცადა. ასევე დიდი ზემოქმედება მოახდინა იტალიამ, ბიბლიური სულისა და ანტიური ხელოვნების ამ გასაოცარი სინთეზის ქვეყანამ ბაირონის, სტენდალის, მთელი რიგი გერმანელი და ფრანგი კომპოზიტორების და სხვათა შემოქმედებაზე. ასევე წარმოუდგენელია ჰიოდდერლინისა და ჰერედიას პოეზია ბერძნული კულტურის გარეშე. ბუნებისმიერი ფენომენის ხელოვნებასა და ლიტერატურაზე ზეგავლენის თვალსაჩინო შემთხვევებია შვეიცარიის დიდებული ბუნების ზეგავლენა ბარიონსა და ნიცშეზე, ზღვის სტიქიისა – იმავე ბაირონზე, მთებისა – ვაჟა-ფშაველაზე, ბრეტანისა – მთელ რიგ გამოჩენილ მხატვრებზე და ა. შ. ასე რომ მაგალითები უსასრულობამდე შეიძლება განვავრცოთ. რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ რუს მწერლებს, მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის ომებში მონაწილეობისას ისინი არ იყვნენ ხიფათს მოკლებულნი, მათ შემოქმედებაზე საქართველოს ზემოქმედება უფრო ბუნებისმიერი იყო. და ეს ზემოქმედება ერთობ ძლიერი და მომნუსხველი აღმოჩნდა. მის ძალას იგი მიხვდება, ვისაც წაუკითხავს ანდრეი ბელის აღმაფრთოვანებელი ესსე დარიალისა და არაგვის ხეობათა გასულიერებული ბუნებისადმი. გამოდის, რომ, ერეკლე მეორეს მარტოოდენ რუსეთის ჯარისათვის როდი გაუხსნია ვახტანგ გორგასლიანის მიერ ოდესღაც მტკიცედ ჩარაზული დარიალის კარიბჭე, არამედ რამდენადმე რუსული ლიტერატურისთვისაც გაუღია აღსავლის კარები. მაგრამ იმჟამად რუს მოღვაწეთათვის საქართველოს ისტორიისა და კულტურის კარიბჭე დახშული აღმოჩნდა, რის გარეშეც შეუძლებელი გახლდათ საფუძვლიანი შეხება იბერიის ერის სულთან. მათ საქართველო იზიდავდა უფრო როგორც აღმოსავლური ეგზოტიკის ქვეყანა, ხიბლავდა ქართველთა სტუმართმოყვარეობა და ქართული სუფრის ეშხი, მამაკაცთა რაინდული სიდარბაისლე და ქალთა კდემამოსილება, გულთბილი დამოკიდებულება და ის გაგება და თავისუფალი ატმოსფერო, რასაც ესოდენ მოკლებულნი იყვნენ თავიანთ სამშობლოში. რა იცოდნენ იმჟამად საქართველოს დიდებულმა სტუმრებმა, რომ ამ ქვეყანას ჯერ კიდევ XII საუკუნეში ჰყავდა ბუმბერაზი მსოფლიო პოეზიისა, რომელმაც ქართული პოეტური გენიის პრიზმაში აღმოაბრწყინა გასაოცარი სინთეზი ძველინდური, ძველსპარსული, ელინური, ადრექრისტიანული, ქრისტიანულთეოლოგიური, შედარებით გვიანაღმოსავლური და ევროპის ქრისტიანულ-რაინდული კულტურებისა. ან ვინ იცოდა მოწინავე რუსთაგან ქართული ენა იმდენად რომ გაცნობოდა რუსთაველის, გურამიშვილის, სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებას, „ვისრამიანს“, „ქართლის ცხოვრებას“ და ქართული ჰაგიოგრაფიის ნიმუშებს. ან საიდან მოეტანათ მათი რუსული თარგმანები? რუსები იმხანად გამალებით ეწაფებოდნენ ანტიური და დასავლური ევროპული კულტურების მონაპოვარს, გუვერნიორებთან, ლიცეუმებსა და უნივერსიტეტებში სწავლობდნენ ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, ბერძნულ და ლათინურ ენებს. ევროპული ცოდნით დატვირთულებს, გასაკვირი არ არის ქედმაღლურადაც რომ გადმოეხედათ იმ ენისა და კულტურისათვის, იმჟამად მათთვის ამოუცნობ სფინქსს რომ წარმოადგენდა. ქართველოლოგიის დარგი რუსეთში გვიან იშვა და ერთობ ზანტად ვითარდებოდა. ასეთ ვითარებაში XIX საუკუნის მანძილზე და შემდეგაც ისევ ქართველებმა იპყრეს ხელთ ინიციატივა რუსთათვის ქართული კულტურის გაცნობისა, რისთვისაც დაუღალავად იღვწოდნენ პლატონ იოსელიანი, თეიმურაზ ბატონიშვილი, საგინაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, კირიონ საძაგლიშვილი, ალექსანდრე ცაგარელი, ნიკო მარი, ჩუბინიშვილი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვები. ისინი თარგმნიდნენ რუსულად ქართული ლიტერატურის ძეგლებს, აქვეყნებდნენ რუსულად შრომებს ქართული კულტურის შესახებ.

მერაბ კოსტავას ხელნაწერი (4-5 გვ.), „გზა ჭეშმარიტებისა“, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი | ნეტგაზეთი

დიახ, ისევ ქართველებმა ჩაუყარეს საფუძველი რუსულ ქართველოლოგიას და მათი დაუცხრომელი საქმიანობის შედეგად 1845 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში შეიქმნა ქართული ფილოლოგიის განყოფილება. ამ ხნის მანძილზე რუსებს არ ჰყოლიათ ეროვნებით რუსი დიდი ქართველოლოგი გი, გასაკვირია, მაგრამ იმჟამად ევროპელები მეტ ყურადღებას უთმობდნენ ქართველოლოგიის სფეროს. გავიხსენოთ თუნდაც მარი ბროსე, არტურ ლაისტი, ოლივერ და მარჯორი უორდროპები, რუსებს შორის იმჟამად არ მოიძებნებოდა ქართული კულტურის იმგვარი მოამაგე და მეგობარი, და-ძმა უორდროპები რომ იყვნენ. მაშ, რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ინგლისურად უფრო ადრე ითარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“, „ვისრამიანი“, „გიორგი ბრწყინვალის ძეგლი – „დიდება“, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ და ა. შ. „ვეფხისტყაოსნის“ ბალმონტისეული რუსული თარგმანი სწორედ უორდროპისეული თარგმანის გაცნობამ განაპირობა. მართალია, ილია ჭავჭავაძემ, ივანე მაჩაბელმა და სხვებმა ითამაშეს დიდი როლი უორდროპების საქართველოთი და ქართული კულტურით დაინტერესებაში, მაგრამ განა ისინი უარს ეტყოდნენ რომელიმე რუსთაგანს იმავე სამსახურის გაწევაში, თუკი იგი სპეციალურად შეისწავლიდა ქართულ ენას და ანალოგიური საქმიანობისათვის გულწრფელად მოინდომებდა მათთან მეგობრობას? როგორც ჩანს, ამგვარი მეგობრისათვის ვერ გადაილახა იმჟამად გარკვეული ზღურბლი. რუსეთის ინტელიგენციას ბოლომდე ვერ დაეძლია იმპერიის მოქალაქეთათვის დამახასიათებელი ქედმაღლობა, ხოლო ქართველებს სამართლიანი წყენა გეორგიევსკის ხელშეკრულების დებულებათა უგულებელყოფისა და მისი შედეგების გამო. ამიტომაც ბევრი რამ დაჰკარგა იმჟამად ქართელოლოგიის განვითარების საქმემ რუსეთში. თუმცა რას უნდა დაეძრა ეს ყინული, როდესაც თავად ქართველებს არ ჰქონიათ იმხანად ბოლომდე აღმოჩენილი, აღწერილი, კლასიფიცირებული და ფილოლოგიურად დამუშავებული თავიანთი უზარმაზარი ლიტერატურული საგანძური. დამუშავებას ვინ დაეძებს, როდესაც გამუდმებული შემოსევებისას იკარგებოდა და ნადგურდებოდა ლიტერატურისა და ხელოვნების უნიკალური ნიმუშები. უწყრდე რუსთაველის დანარჩენ პოემათა სახელწოდებანი და ხელთ არ გაგაჩნდეს, რადგან ნგრევისა და განადგურების შავბნელმა დროჟამმა შთანთქეს ისინი, ან ის ძველთაძველი ქართული საგალობლები, იგორ სტრავინსკიმ რომ მუსიკის სასწაულად მიიჩნია, სხვადასხვა დამაბრკოლებელ მიზეზთა გამო მხოლოდ XIX საუკუნის სამოციან წლებში ჩაწერო და გადაიღო ნოტებზე ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი მცოდნისაგან და ეგოდენი დაგვიანებით გააცნო არა თუ მსოფლიოს, არამედ თავად ქართველებს, ერთობ მძიმე ხვედრია ერისათვის. ერთი სიტყვით, რუსეთის ინტელიგენცია ან არ, ან ცუდად იცნობდა საქართველოს და, ალბათ, არც იყო ჩაღრმავებული იმ მოვლენათა შინაარსში, ტრაქტატით გათვალისწინებული ვალდებულების უგულებელყოფამ რომ გამოიწვია. მას არ ესმოდა, თუ რა ხდებოდა ქართველთა გულებში, რომელთაც ახსოვდათ, თუ თვალწინ როგორ დაუტევეს დედოფალი ჩვილის ყრმითა და ბატონიშვილები და როგორ გაუყენეს პეტერბურგის გზას, როგორ გააუქმეს სამეფო და გააბატონეს რუსი ჩინოვნიკები, როგორ ხელჰყვეს მათი მშობლიური ენა სახელწმიფო დაწესებულებებსა და სკოლებში. მაგრამ ყველაზე აუტანელი და შეურაცხმყოფელი უნდა ყოფილიყო ის მოულოდნელი ვერაგობა იმპერიის კარისა, ეგზომ მალე რომ გამოააშკარავა მისი ფარული მიზნები. ძველთაგანვე ქართველების წარმოდგენით საქართველოდ მიიჩნეოდა ტერიტორია, სადაც ღმერთმსახურება ქართულად სრულდებოდა. შესაძლოა, ქვეყანა დროებით დაეპყრო დუშმანს და სახელმწიფო აპარატიც მოერღვია, მაგრამ სანამ ქართველს ქრისტიანი ერქვა და ეკლესიებში ქართული წირვა იდგა, საქართველო კვლავ საქართველოდ რჩებოდა. ახლა კი მათ წარმოდგენაში ეჭვის ქვეშ დგებოდა რეალობა თავად საქართველოს არსებობისა, რადგან რუსული სამღვდელოება ეკლესიებშიც წაეპოტინა ქართულ ენას, თუმცა რას შეეძლო მისი აღმოფხვრა. ვის ძალუძდა დაეძრა და განედევნა ქართველთა გულებიდან და საქართველოს სულიერი ცხოვრებიდან ღვთაებრივი სურნელით გაჟღენთილი ენა სახარებისა, ენა დავითნისა და ლოცვანისა, გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელების და სხვათა რუდუნებით შექმნილი ენა, ენა ქართული კულტურის ქვაკუთხედად ქცეული და თავად საქართველოს უკვდავმყოფელი. დიახ, საქართველო მაინც არსებობდა და ისიც გულწრფელად უნდა ვაღიაროთ! სურდა თუ არ სურდა იმპერიის მთავრობას, საქართველომ სწორედ რუსეთთან შეერთების შემდეგ იგრძნო თავი ისეთ ერთიან ორგანიზმად, გიორგი ბრწყინვალის შემდეგ რომ არ განუცდია. ერთიან ორგანიზმად მეთქი, რომ ვამბობ, ცხადია, ძველი დიდების განცდას არ ვგულისხმობ. ვინმე რუსთაგანს ღრმად რომ სცოდნოდა მაშინ საქართველოს წარსული და ისიც, თუ რამ მიიყვანა იგი იმ მდგომარეობამდე, შესაძლოა, ქართველთა პრეტენზიებზე ასე ეპასუხა: „განა ერთიანმა საქართველომ მოაწერა ხელი გეორგიევსკის ხელშეკრულებას? არსებობდა კი იმჟამად ერთიანი საქართველო? რად იდგნენ ცალ-ცალკე და მტრობდნენ ურთიერთს იმერეთის სამეფო, აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის სამთავროები? სიტყვის გატეხვისათვის გვისაყვედურებთ, ერეკლე მეორეს რომ არ მივეშველეთ კრწანისის ომში. განა მეგრელები, გურულები და აფხაზები მიეშველნენ? სად იყო კრწანისის ის ოცდაათიათასიანი მხედრობა, თელავიდან მცხეთისაკენ რომ მიაცილებდა ერეკლეს ცხედარს უკანასკნელ გზაზე? სად იყო დანარჩენი საქართველო, როცა სამცხე-საათაბაგო შთანთქა თურქეთმა? ჩვენ გვისაყვედურებთ, საქართველოსთვის იმჟამად სავსებით უცხოსა და უცნობ ერს: სიტყვა რად გატეხეთ, ტრაქტატით გათვალისწინებული ხელშეკრულება რად დაარღვიეთო. განა ჩვენ ამით ივანე მრისხანის, პეტრე დიდისა და ეკატერინე მეორის წინაშე დადებული ფიცი დავარღვიეთ: ვიბრძოლოთ და ვიღვაწოთ რუსეთის იმპერიის გასაფართოვებლად და საკეთილდღეოდ? ასევე არ შევიერთეთ ვოლგისპირეთის, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ხალხები? კულიკოვის ველზე გამარჯვების შემდეგ ჩვენს მეფეებსა და მთავრებს თითქმის აღარც უღალატიათ ერთიანი რუსეთის იდეისათვის, რაიც ჩვენი ქვეყნის ცენტრალიზების, მისი სიმტკიცისა და ძლიერების საიმედო საწინდარი გახდა. თქვენ კი პირიქით, სწორედ იმ დროიდან აეშალენით ურთიერთს, მას შემდეგ დაიწყეთ ურთიერთისაგან განდრეკა და ქვეყნის დაქუცმაცება, თითქო დაემთხვაო ერთმანეთს ჩვენი აღმავლობისა და თქვენი დაღმასვლის საწყისი წერტილები. სიტყვის გატეხვისათვის რომ გვიყიჟინებთ, მაშინ რაღა ვთქვათ თქვენივე თავისათვის მიცემული სიტყვის არაერთგზის გატეხვაზე? განა საქართველოს სამთავროთა და საერისთავოთა მიერ ერთმანეთის წინაშე დადებული ფიცის დარღვევა საკუთარი თავისთვის მიცემული სიტყვის გატეხვასა და საკუთარი თავის ღალატს არ ნიშნავს? თუ ეს ასე არ არის, მაშ გიორგი ბრწყინვალის დროიდან დღემდე კვლავ ერთიან სამეფოდ შეკვრა რად ვერ შესძელით? რად ვერ შესწირეს თქვენმა მეფეებმა და მთავრებმა საკუთარი სიამაყისა და პრიორიტეტის გრძნობა ერთიანი საქართველოს იდეას? გაჭირვებამ რატომ გაგთიშათ უფრო და არ შეგადუღაბათ? შეკავშირებას ვიღა დაეძებს, გამუდმებით რატომ მტრობდით და ასუსტებდით ერთმანეთს? თუ თქვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენ გაგვეკეთები ნა, გაგვეერთიანებინა და ერთი ქართველი მეფის ძალაუფლებისათვის დაგვემორჩილებინა დაქუცმაცებული საქართველო? და ან საქართველოს ყველა სამთავროსთან რომ დაგვედო ცალ-ცალკე გეორგიევსკის, ან გიორგი XII-ის დროინდელი ტრაქტატის ანალოგიური ხელშეკრულება და პატიოსნად განგვეხოციელებინა იგი, რომელ თქვენგანს მივშველებოდით, თუ კვლავაც აეშლე- ბოდით ურთიერთს? განაწყენებული მხარე ხომ კვლავ გაიწვდიდა მაშველისათვის ხელებს თურქეთისა ან სპარსეთისაკენ და მდგომარეობის სტაბილიზებას არ დაადგებოდა საშველი? განა ჩვენს მოსვლამდე დაკარგული არ იყო ქართლ კახეთისათვის სამეგრელო, სამეგრელოსათვის – აფხაზეთი, აფხაზეთისათვის – გურია, გურიისათვის – იმერეთის სამეფო და ა. შ. დაგვირღვევია თუ არ დაგვირღვევია ხელშეკრულება, განა ჩვენი მეოხებით არ ჰპოვეს კვლავაც ერთმანეთი საქართველოს კუთხეებმა? შესძლებდით კია უჩვენოდ კვლავ ერთიან ორგანიზმად შენივთებას? ჩვენს გარეშე დაიბრუნებდით როდესმე სამასი წლის წინათ თურქეთთაგან მიტაცებულ მესხეთ-ჯავახეთსა და აჭარას? ვინ მოგანიჭათ საუკუნეების მანძილზე ნანატრი მშვიდობა, ჭრილობათა მოშუშების, დასვენების, მშვიდობიანი შრომისა და სწავლა-განათლების საშუალება? განა გეყოლებოდათ XIX საუკუნის დასაწყისშივე ევროპული მეცნიერებითა და ფილოსოფიით აღჭურვილი ესოდენ განათლებული პიროვნებები, როგორიც იყვნენ იოანე ბატონიშვილი, პლატონ იოსელიანი, სოლომონ დოდაშვილი და სხვანი? ჩვენს მთავარ ქალაქებში მიღებულმა განათლებამ არ შეასხა ფრთები ცოდნისა თქვენს თერგდალეულებს? რანი იქნებოდით, ჩვენ რომ არ შეგვექმნა თქვენთვის პირობები ევროპულ კულტურასთან ზიარებისა? მადლიერების გრძნობას რომ თავი დავანებოთ, სად დაჰკარგეთ ქართველებმა ობიექტურობა?”  – არა, ვუპასუხებდით ჩვენ. – ქართველებს არც ობიექტურობის და არც ცოდვა-მადლის გრძნობა დაგვიკარგავს როდესმე. ჩვენ კარგად ვუწყით იმ დადებითი იმპულსების ფასიც, რუსეთთან ურთიერთობით რომ მიიღო საქართველომ, რაც თავის დროზე დაინახეს და აღნიშნეს კიდეც თავიანთ შემოქმედებაში ნიკოლოზ ბარათაშვილმა და გრიგოლ ორბელიანმა. ვიცით, რომ მესხეთ-ჯავახეთსა და აჭარას იმჟამად რუსეთის გარეშე ვერ დავიბრუნებდით, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ოდესღაც თურქთაგან წართმეული ტერიტორიის დაბრუნების მოტივი იყო არა საქართველოს, არამედ რუსეთის იმპერიის გაფართოება, მაგრამ ამისთვისაც გმადლობთ. ვიცით, რომ რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სამეფო-სამთავროების გაუქმების შემდეგ საქართველოს ცალკეულმა კუთხეებმა შესწყვიტეს შუღლი და მტრობა და უფრო მჭიდროდ დაუახლოვდნენ ერთმანეთს. მაგრამ არც ეს ყოფილა რუსეთის იმპერიის ხელისუფალთა წინასწარგანზრახული სიკეთე. ჩემის აზრით, ეს განგებით მოვლინებულ საზღაურს უფრო ჰგავდა, რომლის სამართალი ზუსტად განსაზღვრავს მისაგებელს, აწონასწორებს მადლსა და საურავს და ყოველს მიუზღავს დამსახურებისამებრ, თავისი მოქმედებით რომ განუმზადა საკუთარ  თავს. ჩემის აზრით, განგების ხელწერა აქ ამგვარად უნდა იქნეს წაკითხული: „საქართველოს სამეფონი, სამთავრონი და საერისთაონი, ურთიერთისაგან განდრეკილნი და გაუცხოვებულნი, პირადი დამოუკიდებლობის ქედმაღლურმა სურვილმა გადასძალა თქვენში ზეჭარბი ეგოიზმის და თმობისა და ჰარმონიულობისაკენ სწრაფვის წადილი, საქართველოს ერთიანობისათვის ეგოდენ საშურო. ამიტომ დაჰკარგავთ იმასაც, რაც ერთიანი საქართველოს შექმნისათვის ვერ გაიმეტეთ. არ ისურვეთ თქვენივე გულმოდგინეობით შეკრული, მთლიანი და დამოუკიდებელი საქართველო? მაგ უკუღმართად გაგებულ დამოუკიდებლობასაც დაჰკარგავთ. დაჰკარგავთ ამგვარ დამოუკიდებლობას, მაგრამ ჰპოვებთ ურთიერთს, რათა კვლავ აღივსოს სამსხვერპლო ქართული კულტურისა ჩემთვის სასურველი განრიგით“. დიახ, ცნობილია ჩვენი მთავრებისა და ფეოდალების მზვაობრობა და წრეგადასული ინდივიდუალიზმი, არგონავტების მითისა არ იყოს, ვეშაპის კბილებიდან აღმოცენებული დევ-გმირებივით რომ ებრძოდნენ ურთიერთს და ხშირად პირადულ მოტივს ერთიანი საქართველოს იდეაზე წინ აყენებდნენ. ვიცით, რომ მხოლოდ ეგოდენი ზებუნებრივი ძალის მეფეებს შესძლებიათ ქართული ინდივიდუალიზმის დაძლევითა და ალაგმვით საქართველოს გაერთიანება, როგორიც იყვნენ ვახტანგ გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარი და გიორგი ბრწყინვალე, რაც თითქმის შეუძლებლის შეძლებას ნიშნავდა. პირველობის სურვილი და შინაითგამცემლობა დიახაც რომ ასუსტებდა და აქუცმაცებდა ქვეყანას. და ამისთვის მხოლოდ ჩვენა გვაქვს უფლება თავს ვუსაყვედუროთ, რადგან ამით ჩვენსავე თავს ვაზიანებდით და არა სხვას. მაგრამ ისიც ვიცით, რომ მიუხედავად გათიშულობისა, საქართველო ნიადაგ მთლიანი იყო სულიერად. გათიშულ სამეფო-სამთავროებს ჰყავდათ მხოლოდ ერთი კათოლიკოს-პატრიარქი, ყველგან ერთნაირად გუგუნებდნენ სააღდგომო ზარები და სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ თანამოძმეებს შესარიგებლად მოუწოდებდნენ. წირვები მთელი საქართველოსათვის ტარდებოდა. საქართველოს ეკლესია არასოდეს გათიშულა. 

 და ბოლოს, ისიც ვიცით, რომ ჩვენს ადგილას სხვა არა თუ სამეფოს, შესაძლოა, არსებობასაც ვერ შეინარჩუნებდა. განა მთელი ევროპა არ იდგა ბიზანტიის იმპერიის უკან, თურქებმა რომ იავარჰყვეს? დიახ, მსოფლიო იცნობს ოცდაათწლიანი და ასწლიანი ომების ისტორიას, მაგრამ არსებობს აგრეთვე მუდმივი, უვადო ომის ისტორიაც. ეს არის საქართველოს ისტორია. დასვენება რომ გვჭირდებოდა და სასიცოცხლო ინტერესს რომ წარმოადგენდა ჩვენთვის ევროპის კულტურის უკანასკნელ მიღწევებთან ზიარება, დღეს დამტკიცებას არ საჭიროებს, მაგრამ რუსეთისათვის ეს ვერ გამოდგება იურიდიულ გამართლებად გეორგიევსკის ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით. ქმნა სიკეთისა დაფარულად უთქვამს მაცხოვარს და მადლის მიგება არც დასაყვედრებელია და არც სალაპარაკო. მაგრამ რადგან ეგოდენი ღაღადისი შეიქნა რუსეთის მეირ საქართველოს მიმართ გაწეულს სიკეთეზე, ჩვენ, სულხან-საბას იგავის ქაში დამალული ხელმწიფის დარად, ყვირილს როდი დავიწყებთ, არამედ ორიოდე სიტყვით აღვნიშნავთ საქართველოს მიერ რუსეთის მიმართ გაწეულ სიკეთეზე. ამით არამც და არამც არ გვსურს სასწორზე მადლის წილ მადლის დადება და, ასე, ვთქვათ სიკეთით ვაჭრობა. მაგრამ საქმე ჩვენი ქვეყნის ღირსებას შეეხება და ამადაც იძულებულნი ვართ დუმილი დავარღვიოთ, თორემ ის სამსახური, რაიც კავკასიამ, სახელდობრ, საქართველომ გაუწია რუსეთს უხსოვარი დროიდან პეტრე დიდის რეფორმამდე, შესაძლოა, აზრადაც არ მოსდიოდა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და უფრო მეტიც: მრავალთა და მრავალთა როდი უწყიან, რომ ქართველი ერის ფარული მისია იყო არა თუ დაკავშირებული რუსეთის ბედ-იღბალთან, არამედ რამდენადმე განსაზღვრავდა კიდეც მის მომავალს.

საქართველო ოდითგანვე იდგა უძველეს სამხრეთელ და უახლეს ჩრდილოელ ხალხებს შორის და არ აძლევდა მათ აღრევის საშუალებას. იგი არა მარტოოდენ სივრცულ, არამედ განგებით დროთა გამყოფსა და განმწესებელსაც წარმოადგენდა, რადგან ამ ხალხების კულტურათა განვითარებას თავთავისი დრო ჰქონდა განწესებული და მათი აღრევა არც თითოეული მათგანის განვითარებისათვის იქნებოდა მიზანშეწონილი, რადგან დაირღვეოდა ხალხებისა და კულტურების თანმიმდევრულობისა და დროში მონაცვლეობის ურყევი მსოფლიო კანონი. დიახ, ნებისმიერ ხალხს გააჩნია საკუთარი მისია და თავისი დრო შემოქმედებისა ჟამთა დინებაში განფენილი ერთიანი საკაცობრიო კულტურის გრადაციის უვრცეს სხმულში. ოდითგან ასე იყო. როდესაც ერთი ხალხი ჰქმნიდა კულტურას და შემოქმედებითი ენერგიის ხარჯვის პროცესში იმყოფებოდა, მეორე იცდიდა, გარკვეულ დრომდე ცნობიერების ბავშვურ დონეს ინარჩუნებდა შემდგომისათვის, რათა მარცვალი წინა ხალხების კულტურათა მონაპოვარისა მიეღო თავის სუფთა, ხელუხლებელ წიაღში მომავლისათვის ცნობიერების უფრო აღმატებულ დონეთა დასაუფლებლად. უხსოვარი დროიდან ინდოეთის, სპარსეთის, შუამდინარეთის, ეგვიპტის, ისრაელისა და არაბეთის სამხრეთელმა ხალხებმა შეჰქმნეს მსოფლიოს უდიდესი რელიგიები და მათთან დაკავშირებული კულტურები, რომელთაც იგავურ-სიმბოლური, სურათ-ხატოვანი აზროვნება მიუსადაგეს. ცნობიერების ამგვარი დონისათვის უფრო სამხრეთის უზამთრო, მზით გამთბარ-გასხივოსნებული, შეგრძნების ორგანოებზე ინტენსიურად ზემოქმედი გარემო იყო მიზანშეწონილი და კაცობრიობის ბავშვობისა და სიყრმის ასაკიც უფრო სამხრეთის ხალხების აქტივობასთანაა დაკავშირებული. იმ ხანებში მაღალი ცნობიერება მხოლოდ მისტერიებს ზიარებული მცირერიცხოვანი ელიტის საკუთრებას წარმოადგენდა. თანამედროვე განსჯითა და გონითი აზროვნების განვითარებას კი უფრო იმგვარი გარემო შეესატყვისებოდა, სადაც ზამთარი და ზაფხული რამდენადმე გაწონასწორებულია. შემთხვევით როდი მიეწერება ფილოსოფიური და მეცნიერული სისტემების შექმნა ჩრდილოეთის ხალხთა დამსახურებას. კაცობრიობის სიჭარმაგისა და დაბრძენების ასაკი სწორედ მათი აქტიურობის ხანას ემთხვევა. დავუკვირდეთ იმ ამბავსაც, რომ წელიწადის ციკლში ადამიანის აზროვნებითი ინტენსივობის პერიოდი შემოდგომა და ზამთარია, როდესაც სითბო, სინათლე და ფერთა ელვარება კლებულობს, გარესამყარო იძარცვება და გრძნობათა ორგანოებზე ზემოქმედებას ანელებს. ეს კი იწვევს გარემოდან ადამიანის იზოლირებას და ჩაღრმავებას საკუთარ თავში, რაიც აზროვნებისა და „მე“-ს აქტივობისათვის ხელისშემწყობი პირობაა.

გარდამავალ პერიოდს ხატოვანიდან განსჯისმიერ აზროვნებაზე გადასვლისა, ანტიური ხანა წარმოადგენდა. უფრო ძველმა, წინააღმოსავლეთის, ეგვიპტისა და კრეტის კულტურებმა მისცეს ოდესღაც ბიძგი ბერძნული ხატოვან-მითოლოგიური აზროვნების განვითარებას, რომელმაც შემდგომში, შემოქმედებით ძალთა მაქსიმალური ინტენსივობის შედეგად, უმაღლესი გამოხატულება ჰპოვა ლიტერატურასა და ხელოვნებაში: ჰომეროსის, ჰესიოდეს, ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს, პრაქსიტელეს, ფიდიასის და სხვათა შემოქმედებაში.

მაგრამ ბერძნებმა გარიჟრაჟი ხატოვანი აზროვნებით რომ აღნიშნეს, მიმწუხრი თავიანთი კულტურისა ფილოსოფიით დააგვირგვინეს. შემთხვევით როდი ეკრძალებოდათ პლატონის აკადემიის შეგირდებს ჰომეროსის კითხვა. ხატოვან აზროვნებას ხელი არ უნდა შეეშალა მათთვის ლოგიკური აზროვნების ათვისებაში, რომელიც იმჟამად მსოფლიო კულტურის სავსებით ახალ მონაპოვარს წარმოადგენდა. სწორედ ამ აკადემიის შეგირდი, არისტოტელე იყო თანამედროვე გაგებით პირველი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი, რომელმაც შეიმუშავა მეცნიერული აზროვნების მეთოდი, ანუ გამომსახველი საშუალება ფილოსოიფიური და მეცნიერული სისტემების გადმოსაცემად. ცნობიერების ამ ახალმა ეტაპმა შვა სიბრძნის საყოველთაო საკუთრებად ქცევის შესაძლებლობა.

როდესაც ანტიკური კულტურის მიმწუხრისას ბერძნული ფილოსოფია და რომის იურისპრუდენცია არნახულ პროგრესს განცდიდა, ჩრდილოეთ და შუა ევროპის ხალხები ჯერ ისევ ბავშვური, ხატოვანი აზროვნების დონეზე იმყოფებოდნენ. წარმართობიდან ქრისტეს სჯულად მოქცევის შემდეგ საკმაო დროს უნდა გაევლო, ვიდრე ჩაიდებოდა მათში მარცვალი არა მარტოოდენ ბერძნულ-ლათინური, არამედ აგრეთვე არაბული კულტურის მონაპოვარისა. ეროვნული კულტურების ნამდვილი აღორძინება ამ რეგიონში რეფორმაციის ეპოქის შემდეგ დაიწყო, რასაც ხელი შეუწყო ბიბილიის თარგმნან და ღმერთმსახურების შემოღებამ ამ ხალხთა მშობლიურ ენაზე, ლათინური ენის ბატონობისაგან თავის დაღწევამ და მეცნიერული აზროვნების გამოთავისუფლებამ ვატიკანის ზედამხედველობისაგან. წმინდა გონითი და ახლად აღორძინებული ემპირიული მეთოდების გვერდიგვერდ არსებობამ, ემპირიული, განსჯითი და გონითი საწყისების გამთლიანებამ და შემეცნების სამსახურში დაყენებამ უზარმაზარი ძვრები მოახდინა ადამიანის თვითშემეცნებისა და მსოფლშემეცნების სფეროში, რამაც მძლავრი ნახტომი გამოიწვია ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების საქმეში. ტექნიკის განვითარებამ გაზარდა დედამიწაზე გადაადგილების ტემპები და უსაფრთხოება. ამ უკანასკნელმა კი დააჩქარა ახალი მიწების აღმოჩენა, ათვისება და კოლონიზება და გააძლიერა კონტაქტები დედამიწის უშორეს კუთხეებს შორის. თანდათან მთელი დედამიწა მოექცა ევროპელთა ხედვის არეში თავისი ხალხებით, ფლორით, ფაუნითა და მინერალურ-წიაღისეული საუფლოთი. ევროპის კულტურამ ერთობ ფართე, გლობალური მასშტაბები მიიღო, რასაც ხელს უწყობდა ზეეროვნული ბუნება და ყოვლისმომცველობა აზროვნებისა. აქედან გამომდინარე, არნახული გაქანება მიიღო ფაქტობრივი მასალის დაგროვებამ, ისტორიის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, საბუნებისმეტყველო, სამედიცინო და სხვა მეცნიერებების განვითარებამ. სხვადასხვა ხალხთა და ეპოქათა ადამიანებს მიეცათ მათი რეტროსპექტიული ჭვრეტის საშუალება, ანალიზური და სინთეზური აზროვნების ინტენსიფიკაციამ შეჰქმნა საფუძველი სამყაროს მრავალმხრივი შემეცნების ერთიანობაში მოქცევისა და სისტემატიზებისა. დაიძლია გარკვეული სკეპსისი გრძნობათა ორგანოებისა და აზროვნების მიმართ. როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ობიექტი არის რეალობა, რომ აზროვნებას ძალუძს შეიმეცნოს საგანი თავისთავად, რომ მეცნიერება უმაღლეს დონეზე სხვა არაფერია, თუ არა სამყაროთმცოდნეობა, რომელსაც თავად შემომქმედის ლაბორატორიაში შეჰყავხარ, რომ აზროვნება ერთდროულად არის ობიექტური სამყაროს, ანუ სულიერი და ფიზიკური რეალობის შემეცნების საშუალებაც და როგორც სუბიექტურ%ი პროცესი, ადამიანის „მე“-ს გამოხატულებაც. ემპირიული დაკვირვებისა და ცდის ობიექტად იქცა არა მარტოოდენ ბუნება და გარე სამყარო, არამედ თავად აზრები და აზროვნების პროცესი, რამაც გაზარდა მედიტაციის უნარი და სიმახვილე ინტუიციური წვდომისა, ამ უკანასკნელმა კი გააფართოვა ცოდნა ადამიანისა და მის სამყაროსადმი მიმართების შესახებ. კაცობრიობა თანდათან უახლოვდებოდა ცნობიერების ახალი ეტაპისა და ახალი უნივერსალური შემეცნების, ანთროპოსოფიის კარიბჭეს. მსოფლიოს წამყვან კულტურათა თანამიმდევრობის მანძილზე ზღაპრების საუფლოში მიკარგული და მხოლოდ კიევისა და ნოვგოროდის სამთავროთა შექმნიდან რუსეთად სახელდებული სკვითეთი იცდიდა. ბერძნული მართლმადიდებლობის მიღებამ თუმცა რამდენადმე გამოაცოცხლა, მაგრამ ბოლომდე ვერ გამოიყვანა იგი ატავისტური ძილქუშიდან, ვერ მოაბრუნა დღის ცნობიერებისაკენ. მისთვის განწესებულ დროს ელოდა იგი, ელოდა, ვიდრე მსოფლიო კულტურა გლობალურ მასშტაბებს მიაღწევდა, რათა ეროვნული სამშვინველის გაუკვალავ ყამირზე მიეღო იმპუსლები მხოლოდ გლობალური ახალ ევროპული კულტურისა, შორეულ მომავალში ცნობიერების უფრო აღმატებულ დონეთა დასაუფლებლად. მანამდე კი იგი დაცული უნდა ყოფილიყო ქრისტიანამდელი რელიგიებისა და კულტურების ზეგავლენისაგან. აქ უნდა ვეძიოთ ერთ-ერთი ახსნა უკანასკნელის პირველად ქცევის სახარებისეული გამონათქვამისა. ხალხი, რომელიც კულტურათა თანამიმდევრობის პროცესში ყველაზე მეტს იცდის და ინახავს შემოქმედებით ენერგიას, უფრო მასშტაბური კულტურის იმპულსთა მისაღებად ამზადებს თავს და ცხადია წინარე, უკვე კონსერვირებული კულტურების მქონე ხალხებთან შედარებით მომდევნო ეტაპზე მან სულიერი განვითარების კიდევ უფრო მაღალ დონეს უნდა მიაღწიოს. ოდითგანვე მეზობლების მიმართ აგრესიული, მაგრამ აგრესორთა წინააღმდეგ ნიადაგ მედგრად მებრძოლი საქართველო თითქმის გამორიცხავდა სკვითეთში სამხერეთელი ხალხების შეჭრას და სლავურ მოსახლეობაზე მათი უძველესი კულტურების ზეგავლენას, კულტურებისა, რომელნიც უფრო ეროვნული, ლოკალური ხასიათისანი იყვნენ და რომელთა ზეგავლენა ხელს შეუშლიდა რუსეთს თავისი კუთვნილი და საბოლოო მისიის განხორციელებაში. შემდგომშიც, ჩვენ და სომხები ვიდექით კავკასიონის კარიბჭის დარაჯებად, როგორც სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ წაწეული ფორპოსტები ქრისტიანობისა და ვაკავებდით ისლამურ ურდოებს. ჩვენს ფარზე ბლაგვდებოდა სიბასრე მათის მახვილისა, ჩვენ ვაცლიდით მათ კავკასიონის იმიერ მოქმედების უნარს. თუმცა მეათე საუკუნის შემდეგ სომხეთი, როგორც სამეფო აღარ არ- სებობდა, მაგრამ სომხების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საუკუნეების მანძილზე აუტანელი რელიგიური დევნის მიუხედავად, მათ მაინც შესძლეს ქრისტიანობის შენარჩუნება. რუსები სიამაყით აღნიშნავთ: რუსეთმა შეაკავაო მონღოლთა ურდოები და იხსნა ევროპა განადგურებისაგან. რად არ უკვირდებით იმ ამბავს, რომ ჩვენს გამო ვერ მოაღწიეს თქვენამდე არაბთა, თემურ ლენგის, სპარსთა და ოტომანთა იმპერიის ურდოებმა. მონღოლი დამპყრობლები საქართველოსაც სწვევიან და ისიც ვუწყით რომ მათ არა ჰქონიათ რაიმე რელიგიური სისტემა და ამიტომ რელიგიურ დევნასაც არ ეწეოდნენ. ქრისტიანულ რელიგიას თითქმის არ განცუდია რუსეთში დევნა. მაგრამ ზემოხსენებული ისლამური ურდოები რომ შეესეოდნენ რუსეთს, შესძლებდა კია იგი ქრისტიანული რელიგიის შენარჩუნებას? გაუძლებდა იგი იმგვარ რელიგიურ დევნას, ჩვენ რომ ვიწვნიეთ, მით უმეტეს, რომ ქრისტიანობა რუსეთში არც თუ დიდი ხნის წინათ გახლდათ ფეხმოკიდებული? ხომ შესძლეს სამხრეთელმა დამპყრობლებმა ჯერ კიდევ თემურ ლენგის დროში ჩრდილოეთ კავკასიის გამუსულმანება? ამგვარი ხვედრი შესაძლოა რუსეთსაც არ ასცდენოდა, რადგან ეს ურდოები არა მარტოოდენ დამპყრობლურ, არამედ გააფრთებულ რელიგიურ ომებსაც ეწეოდნენ და თავიანთ რელიგიას ფანატიური გულმოდგინებით ახვევდნენ თავს არამუსულმან ხალხებს. ქრისტიანობის დაკარგვით კი წერტილი დაესმებოდა რუსეთის კულტურის შემდგომ ევოლუციას. მოგვიანებით თურქეთის იმპერიას, ევროპას რომ აზანზარებდა, სამი დაბრკოლება არ უღობავდა გზას რუსეთისაკენ: შავი ზღვა, კავკასიონი და საქართველო? ბიზანტიის იმპერიის მსგავსად, მათ რომ საქართველოს სამეფოს მოშლა მოეხერხებინათ, ვიღა შეუშლიდათ ხელს თავიანთი იმპერიისათვის შემოემტკიცებინათ ჩრდილოეთ კავკასიის მუსულმანი ხალხები და უშუალოდ ხმელეთიდან დაკავშირებოდნენ ყირიმის სახანოს? მაშინ ხომ მთელის ძალებითა და ფართე ფრონტით მიადგებოდნენ რუსეთს, პეტრე პირველამდელი რუსეთის სამეფოს, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰყავდა ევროპულ ყაიდაზე გაწვრთნილი რეგულარული ჯარები და ყირიმის სახანოსაც კი ძლივს უმკლავდებოდა? ასე რომ, ნუ გიკვირთ თქვენის აღმასვლის საწყისი წერტილი ჩვენი დაღმასვლისას რომ დაემთხვა. ჩვენზე გადატყდა იმჟამად მსოფლიოს ყველაზე აგრესიული ანტიკულტურული ძალების ქარტეხილი და არა თუ ჩვენს ადგილას, არამედ უჩვენოდ შესაძლოა არსებობაც ვერ შეგენარჩუნებინათ. საქართველო თხუთმეტი საუკუნის მანძილზე ამაოდ როდი იქნევდა ხმალს ქრისტიანობის შესანარჩუნებლად. მას მუსულმანური გარემოცვის ცენტრში უნდა შეენარჩუნებინა ქრისტიანული სამეფო, თუნდაც წერტილისოდენა არე ქრისტიანული საუფლოსი და არ მიეცა ამ გარემოცვისათვის რკალის შევიწროების საშუალება. ამაში გამოიხატებოდა იმჟამად ქართველი ერისა და საქართველოს, როგორც სამეფოსა და სახელმწიფოს მისია. მოგვიანებით, ამ რეგიონში, მსოფლიო ისტორია დილემის წინაშე აღმოჩნდა. ან ჩრდილოეთ კავკასიის მუსულმანური გარემო უნდა შეერთებოდა თურქეთს ან სპარსეთს, რისთვისაც მათ ერთობლივი ძალით უნდა გაერღვიათ ერთადერთი დაბრკოლება და საქართველოს სამეფოს შთანთქმით მოესპოთ ქრისტიანობა ამერიკავკასიაში, ან პირიქით, რუსეთ-საქართველოს ქრისტიანულ სამყაროთა შესაყრელად ჩრდილოეთ კავკასიის მუსულმანური კედელი უნდა გარღვეულიყო. ამ დილემის დადებითად გადაწყვეტას მომავლისათვის არა იმდენად რელიგიური, რამდენადაც კულტურული თვალსაზრისით ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან ისიც კარგად ვუწყით, რომ ქრისტიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ რელიგია, რომ უპირველეს ყოვლისა იგია ადამიანთმსახურება, მოყვასთადმი უსასყიდლო ფანტაზიის საფუძველი და მხოლოდ შემდეგ ღვთისმსახურება. ამიტომაა იგი თანამედროვე გაგებით მაღალი ჰუმანისტური კულტურის ერთადერთი მასაზრდოვებელი წყარო. ნურავის გაუკვირდება, თუკი მეტ ქრისტიანად ჩაითვლება მუსულმანური თუ ნებისმიერი სხვა რელიგის წარმომადგენელი, გინდაც ათეისტი, რომელიც ადამიანთმსახურებაში ქრისტიანული ღვთიმსახურების მიმდევარზე მაღლა დგას. ეს ღაღადისი თავად სახარებისეულია და ვისაც სმენად ყურნი ასხია, მას არა მარტო წაუკითხავს, არამედ შეუგრძვნია კიდეც, თუ რაგვარ სწერენ სიყვარულზე მო- ციქულნი. ამაოა ღვთისმსახურება ადამიანთმსახურების გარეშე, – ერთხმად აღიარებდნენ ისინი და მოყვასთა თავისთა დარად შემყვარებელი და მათთვის თავდადებული კაცი უკვე ქრისტიანია, ქრისტეს სახელიც რომ არ ჰქონდეს გაგონილი. სწორედ ამგვარად ესმოდათ ქრისტიანობა თავის დროზე საქართველოში ვახტანგ გორგასლანს, დავით აღმაშენებელს, თამარს, შოთა რუსთაველს, ვაჟა-ფშაველას, მუსლიმურ აღმოსავლეთში ალიშერ ნავოის, რუსეთში ტოლსტოის, ვლადიმერ სოლოვიოვს, ანდრეი ბელის, ინდოეთში მაჰათმა განდის, დასავლეთში ლესსინგს, ჰეგელს, გოეთეს, უიტმანს, რუდოლფ შტაინერს და სხვებს. და ამ ამბის ამგვარ გაგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს კიდეც არა მარტოოდენ ჰუმანისტური კულტურის, არამედ სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების, სხვადასხვა იდეოლოგიის წარმომადგენელთა და თვით მორწმუნეთა და ათეისტებს შორის მშვიდობისა და ურთიერთმომთმენობის დასამკვიდრებლად. უსამართლოზე უსამართლო იყო XIX საუკუნეში კავკასიის უპირველესი გმირის, შამილის წინააღმდეგ რუსების მიერ წარმოებული ომი, მაგრამ გლობალური, თუნდაც რეგიონალური მასშტაბის კულტურულ-ისტორიული დილემების გადაწყვეტა უტრაგედიოდ და უმსხვერპლოდ არასოდეს მომხდარა… დიახ, გმირული და სამართლიანი იყო დაღესტნელთა ომი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, მაგრამ კიდევ უფრო გმირული, ხანგრძლივი და სამართლიანი იყო მანამდე ქართველთა ომი მუსულმანურ გარემოცვასთან. და რომ არ მისცა ამ მტრულ გარემოცვას იბერიამ რკალის შევიწროების საშუალება, ამით და მხოლოდ ამით მოამზადა კავკასიაში ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის უკანასკნელ მიღწევათა დამკვიდრების საფუძველი, იმ კულტურისა და ცივილიზაციის, თავისი რკინისებური ნებისყოფის მეოხებით რომ შემოიტანა და თითქმის ძალით დანერგა რუსეთში გეორგიევსკის ტრაქტატამდე ერთი საუკუნით ადრე პეტრე დიდმა. უდავოა, რომ ამგვარი საფუძვლის მომზადებაშიც გამოიხატა საქართველოს კულტურულ-ისტორიული მისია. ამაოდ როდი იქცა XIX საუკუნეში თბილისი ქართველ და სომეხ მოღვაწეთა საასპარეზო სარბიელად ქართველ, რუს და ევროპელ ინტელიგენტთა შეხების არედ. მარტოოდენ ევროპულ ფილოსოფიასთან, ლიტერატურასთან და ხელოვნებასთან ზიარება როდი იყო საკმარისი. საქართველოსათვის იმჟამად სასიცოცხლო პრობლემას წარმოადგენდა ევროპის მეცნიერულ, არქიტექტურული-საამშნებელო, ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო, მძიმე და მსუბუქი მრეწველობის და სხვა მიღწევათა ათვისებაც, და ნუ დაგვაყვედრით, თუკი ეს მონაგარი მსოფლიო კულტურისა და ცივილიზაციისა იმჟამად რუსეთის გზით უნდა მიგვეღო. ნუ დაგვაყვედრით იმას, რაც საქართველომ უდავოდ დაიმსახურა თუდნაც იმით, საუკუნეების მანძილზე სხვის მოსაქნევ ხმალსაც რომ თავად იქნევდა, ნუ დაგვაყვედრით, რადგან ეს მონაგარი მხოლოდ კომპენსაციაა იმ დახარჯული ძალისა და დაღვრილი სისხლისათვის, საუკუნეების მანძილზე რომ არ უშვებდა რუსეთისაკენ სამხრეთიდან ანტიკულტურულ იმპულსებს. განა ევროპამ დააყვედრა, ან პეტრე დიდმა ქედის მოხრით უპასუხა ევროპას იმ სულიერი ამაგისათვის, რუსეთისათვის რომ გაიღო? ხომ გაამართლა მან რეფორმაციის ეპოქის უპირველესი გმირის, გუსტავ ადოლფის არც თუ უსაფუძვლო შიში რუსეთის მიმართ, რომელსაც ევროპა ჰეგემონიისათვის მებრძოლ საშიშ მეტოქედ აქცევდა, თუკი მისცემდა პატრიარქალური ძილქუშიდან გამოსვლის საშუალებას? განა არ დასჭირდა პეტრე დიდს მის მიერვე წამოწყებული ილი- ადის მოგება, რათა შვედებზე გამარჯვებით ევროპისაკენ გაეჭრა კარი ბალტიის სანაპიროზე? განა თავისი ოდისეაც ახალი ევროპული პალადიუმის მოპოვებით არ დააგვირგვინა, რომლის გადმოტანას რუსეთში ტიტანური ენერგია შეალია? უსაზღვრო დინამიკითა და დიადი განზრახვით ატაცებული, ტიტან პრომეთეს მიაგავდა იგი, ევროპის იუპიტერს რომ გამოსტაცა ცეცხლი ცოდნისა და უამრავ ხელობასა და მანამდე უცნობ დარგებს აზიარა მოძმენი თვისნი. მისი ცხოვრების მაგალითი ღაღადებს, რომ იგი როდია მეფე, გინდაც პრეზიდენტი, ჭადრაკის მეფისა არ იყოს, ნიადაგ დაცვას რომ საჭიროებს, არამედ ის, ვინც მუდამ მზადაა თავგამოდებით დაიცვას სხვები. მეფე გვირგვინოსანი, მეფე ხელოსანი, მუშა და მეფოლადე, ამავდროს პარიკოსანი, მენუეტის მროკველი გალანტური კავალერი, უბრალო ჯარისკაცი, მეზღვაური და ბრწყინვალე მხედართმთავარი, მოკეთე და გულის მომნადირებელი მოსახლეობის ნებისმიერი ფენისა, მეფის მხედართმთავრის წოდებათა თამაშად მიმჩნევი დიად განზრახვათა გზებზე. მტრის დამფასებელ-პატივისმგებელი და არამოთაკილე მისივე შეგირდობისა, მეფე, თავისი დუნე და მთვლემარე ერის ნიადაგ დეზით მჩხვლეტელი და ჭიმვითა და აღვირითა მღვიძარებისა და გონივრული ქმედებისაკენ წარმმართველი, ახლისა და პროგრესულის მასულდგმულებელი და დრომოჭმულის მოტრფიალეთა შემრისხველი, ხალხისაგან განდრეკილ და გაუცხოებულ სხვა გვირგვინოსან რომანოვებს არაფრით მიმსგავსებული, მსოფლიოს უსაჩინოეს მეფეთა დასში შესარაცხი და საქმეთა მისთაებრ ლეგენდებში დასამკვიდრებელი, უნივერსალურ მოვლენად წარმოუჩნდა იმჟამად რუსეთს და არნახული სიმძიმის ტვირთი საკუთარი მხრებით აზიდა მთაზე, ოდეს ბიზანტიური კულტურის გეზიდან ახალევროპული გეზისაკენ გადახარა რუსეთის სულიერი განვითარების გზა. პეტრე დიდმა დაიწყო იქიდან, სადაც ბიზანტიის ერის სულმა დაასრულა თავისი მოქმედება. ბიზანტიურმა კულტურამ, რომელმაც თავის დროზე მოგვცა იოანე ოქროსპირისა და ბასილი დიდის წირვა და მასთან დაკავშირებული შესანიშნავი რელიგიური ხელოვნება, მიუხედავად ცალკეული პირთა ცდებისა, არ მიიღო თავის წიაღში ანტიური ფილოსოფიისა და ხელოვნების სამყარო, ვერ განახორციელა მისი სინთეზი ქრისტიანობასთან, როგორც ეს იმჟამად ქრისტიანულმა რომა გააკეთა და ფაქტიურად დაადგა კონსერვაციის გზას. ქრისტიანული კულტურის ჭეშმარიტი გაგება სცილდება ბიბლიის ფარგლებს, მაღალი გაგებით იგი კულტურათა სინთეზის კულტურაა. როდესაც წარმართების მოსაქცევად განგების მიერ გამორჩეული პავლე მოციქული საბერძნეთისა და რომისაკენ მიემართებოდა, შეუძლებელია არ სცოდნოდა ამ ქვეყნების კულტურული და პოლიტიკური ვითარება. იგი უთუოდ იცნობდა ანტიური ეპოქის სიბრძნეს, ხელვნებასა და კანონმდებლობას. და არა მარტოოდენ განგების მინიშნებისა გამო დარწმუნდა, არამედ თავადაც, როგორც მოაზროვნე და მახვილი ინტუიციის მქონე ადამიანი, ხედავდა, რომ ეს მხარე მზად არის ქრისტიანობის მისაღებად. და უფრო მეტიც: რომ ქრისტიანობა ამ მხარეში საბოლოოდ უნდა გამკვიდრდეს არა მარტოოდენ უბრალო ხალხის მოქცევის, არამედ თავად ბიბლიური და ანტიური კულტურების შეწყვილებისა და სინთეზის დონეზე. ამის საფუძველი ნამდვილად არსებობდა. თუნდაც პლატონის ფილოსოფიაში, მშვენიერებათა კიბე, სხეულებრივი ფორმისმიერი მშვენიერების საფეხურებით უფორმო, ზნეობრივ მშვენიერებათა აპოლოგიამდე რომ ადის და ესთეტიური და ეთიური საწყისების უმაღლეს წერტილებს აიდენტურებს, მორალური მშვენიერების ამ უზენაესს საფეხურზე განა აშკარად არ უახლოვდება ბიბლიურ ეთოსს?

გინდაც არისტოტელესთან: სახეებად განფენილ გვართა ერთადერთობა განა ფილოსოფიური დადასტურება არ არის ბიბლიის საქმეში წარმოდგენილი პირველხელოვანის, სამყაროს შემომქედის კონკრეტული საქმიანობისა, ხოლო არისტოტელესეული გაცხადება იდეისა ფორმასა და მატერიაში, ფილოსოფიური ექვივალენტი განკაცებული ღმერთისა რელიგიაში?საფუძველი ბერძნული ტრაგედიისა, ბედისწერის მიმართ შიშის დაძლევით, სინდისის ქენჯნით და შენანებით განცდილ კათარზისს რომ წარმოადგენს, განა რითიმე უპირისპირდება ქრისტიანულ კათარზისს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მოყვასთათვის თანამდებთა მიტევებით და ადამიანებთან ურთიერთობის ჰარმონიზებით „საპყრობილიდან“, ანუ „ბედისწერის ტყვეობიდან თავის დახსნა?“ და ან სხვა რაა ანტიური სახვითობა, თუ არა განღმერთობა ადამიანური ფორმისა, სადაც ხელოვანის ხელში მასალა და მატერია იდეის დონემდეა ატანილი? ბიბლიაც ხომ ადამიანთა გაანგელოსების, ანუ განღმერთობის გზას წარმოადგენს?

და ბოლოს ის ფაქტი, რომ იესო ქრისტე იყო პირველი, რომელმან იღვაწა და თავი დასდო და რომელი აღდგა მკვდრეთით არა რომელიმე ერისათვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვის, აგრეთვე ადამიანთ სამსახურში გამოხატული ეთოსის ყოვლის მომცველობა, განა სხვა რელიგიებთან შედარებით იმთავითვე გლობალურ მნიშვნელობას არ ანიჭებდა ქრისტიანულ რელიგიას, რაც თავის მხრივ ჰქმნიდა საფუძველს ქრისტიანობის უმაღლესი, პნევმატიურმაკროკოსმიური ეტაპისათვის, ჭეშმარიტებისა და ღვთის საფუძველის ძიებას რომ ჰგულისხმობს? ასევე გლობალური დანიშნულება არ გააჩნდა ჭეშმარიტების ძიებისა და შემეცნების იმ საშუალებებს, რითაც ანტიურმა კულტურამ დააუნჯა კაცობრიობა? ამ საშუალებებით განა ბიბლიისაგან დამოუკიდებლად არ მიეახლა იგი წარმართი ღმერთების გარემოცვაში მონოთეიზმს? მიუხედავად ამისა, პავლე მოციქულმა ისიც იცოდა, რომ საერთო საფუძველი არ იკმარებდა, რომ იმჟამად სააშკარაოდ არ მოხდებოდა ბიბლიისა და ანტიური კულტურის სინთეზი, რომ პირიქით, იგივეობა ჯერ დაპირისპირებულთა სახით, მწვავე ანტაგონიზმის ფორმით უნდა წარმოჩენილიყო და ასეც მოხდა. რომის ოფიციალობა დევნიდა და სიკვდილით სჯიდა პირველქრისტიანებს, კატაკომბებს რომ აფარებდნენ თავს, და პირიქით ქრისტიანობის სახელმწიფოს რელიგიად გამოცხადების შემდეგ რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილი ბრბო მუსრს ავლებდა ანტიური ხელოვნების უმშვენიერეს ნიმუშებს, ხოლო ოფიციალობა დევნიდა წარმართული სიბრძნის მესვეურებს. მაგრამ პავლე მოციქულმა მაინც შესძლო ფარულად განეხორციელებინა ბიბლიურანტიური საწყისების სინთეზი, როდესაც დიონისო არეოპაგელთან ერთად ათენში ეზოთერული სკოლა ჩამოაყალიბა. იმჟამად ამგვარი სინთეზის განხორციელება მხოლოდ დაფარულად თუ შეიძლებოდა, რადგან საკმაო დროს უნდა გაევლო, ვიდრე ქრისტიანობა იმდენად გამკვიდრდებოდა კაცთა გულებსა და ცნობიერებაში, რომ საბოლოოდ დაანახვებდა მათ ანტიურ კულტურასთან ანტაგონიზმის უსაფუძვლობას. სწორედ ამ სკოლის წიაღში ჩაიდო დაფარულად ის ძვირფასი მარცვალი, რენესანსის ხანაში ცხადად რომ გამოიღო სასურველი ნაყოფი. რენესანსის ეპოქაში ბიბლიური და ანიტური კულტურების სინთეზი საყოველთაო, საჯარო მოვლენად იქცა, როგორც ღვთაებრიობისა და სიბრძნის უზენაესი ეთოსის და ესთეტიკის მაიდენტიფიცირებელი,ქრისტიანობის შეწყვილება პლატონიზმთან და არისტოტელიზმთან, ხელოვნებაში ბიბლიური პერსონაჟებისა და სიუჟეტების უმშვენიერესი ადამიანური ფორმით გამოხატვა თვალნათლივ ღაღადებდა ადრეული ანტაგონიზმის დაძლევასა და კულტურის ამ ორი ნაკადის გაერთიანებაზე. მაგრამ ბიზანტიამ, როგორც აღვნიშნეთ, ვერ დასძლია ზემოხსენებული ანტაგონიზმი. მიუხედვად იმისა, რომ ბერძნულ ქვეყანას წარმოადგენდა, ბიბლიური საწყისი ვერ გამოიყენა იზოლირებიდან, არ გააკარა მას ნათელი იმ ღვთაებრივ-ადამიანური კულტურისა, ოდესღაც მისსავე საკუთრებას რომ წარმოადგენდა. და ამით ცხადჰყო, რომ ბიბლიასაც ვერ ჩასწვდა იმ დონეზე, რა დონესაც თავად ეპოქა მოითხოვდა. ამადაც ვერ გადადგა ბიზანტიის კულტურამ საეტაპო ნაბიჯი გლობალურობისაკენ და თავისი მისიაც ამოსწურა, კულტურული მისიის ამოწურვას კი ხშირად არსებობის შეწყვეტა მოსდევს. პეტრე დიდს რომ დაუნანებლად არ გაეწირა ძველი ახლისათვის, რომ არ შემოეტანა რუსეთში ქრისტიანულ-ანტიურარაბული კულტურების სინთეზზე აღმოცენებული ახალი ევროპული კულტურისა და ცივლიზაციის მონაპოვარი, მაშინ რუსეთის მისიაც ამოწურულად ჩაითვლებოდა, რადგან პეტრე დიდის გარეშე არც ლომონოსოვი იქნებოდა, ლომონოსოვის გარეშე კი არც მთელი შემდგომი რუსული ლიტერატურა და მეცნიერება. გააფრთებული წინააღმდეობის მიუხედავად მან აიძულა რუსეთი მიეღო ის, რაც ადრე უარყო ბიზანტიამ და მხოლოდ ამგვარად უზრუნველეყო მისი მომავალი, და ყოველივე ეს გეორგიევსკის ტრაქტატამდე თითქმის საუკუნით ადრე მოხდა და აგრე რომ არ მომხდარიყო, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას სულიერი საფუძველი აღარ ექნებოდა, რადგან საქმე სწორედ იმ ერთ საუკუნეში გახლდათ, რომლის განმავლობაშიც რუსეთი ევროპული განვითარების გზას დაადგა. მართლმადიდებლური კულტურის სფეროში საქართველოს რუსეთზე უფრო ღრმა და ხანგრძლივი ტრადიციები გააჩნდა, ხოლო რაც შეეხება „ვეფხისტყაოსანს“, ადრეული რენესანსის ამ ჭეშმარიტ პიონერს მისი მსგავსი ქმნილება ამჟამად არა თუ რუსეთს, თვით ბიზანტიის საერთო მწერლობასაც კი არ დასიზმრებია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გამუდმებულ შემოსევათა იმ შავბნელ საუკუნეებში ქართულ ორლესულთან ერთდ რუსთაველის „ვეფხისტყაოსანმაც” ბევრი რამით განსაზღვრა საქართველოს მომავალი. უმაღლესი გაგებით ცხოვრებისეული პრაქტიკის ამ შეუცვლელ წიგნს, სიბრძნის, სიქველისა და ვაჟკაცობის ამ შეუდარებელ სახელმძღვანელოს, სიყვარულის ამ ყოვლის გარდამქმნელ მაგიას უზარმაზარი წვლილი მიუძღვის როგორც ქართველი ერის, ასევე საქართველოს კულტურული მისიის უკდვავყოფის საქმეში.

XI-XII საუკუნეებში მოპოვებული ხანმოკლე მშვიდობიანი ცხოვრებისას კულტურის ეგოდენი აყვავება საქართველოში ძალაუნებურად გვაფიქრებინებს რას მივაღწევდით ევროპის რომელიმე სახელმწიფოს მსგავსად ქრისტიანული ქვეყნების გარემოცვაში რომ გვეცხოვრა? განა თავად ევროპის კულტურა ერთმორწმუნე მეზობელი სახელმწიფოების ხანგრძლივ ურთ- იერთზეგავლენათა შედეგი არ არის? მაგრამ საკუთარი ბედი და მისია სხვისაში არ უნდა გაცვალო. რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს იგი. (ქართული კულტურა საბრძოლათაშორისო შესვენებების კულტურაა. ხმალი, წიგნი და ისევ ხმალი, ამგვარი ცხოვრების გზა ყოფილა საქართველოს ხვედრი. დავით აღმაშენებლისეული ხელოვნება ხმალიდან წიგნზე და წიგნიდან ისევ ხმალზე გადართვისა, თამამად შეიძლება მთელი საქართველოს ბედიღბალსა და განვლილ გზას შევუსატყვისოთ. და ეს ხმალი აროდეს ჰკავე- ბია აგრესორის ხელს, არამედ მხოლოდ საკუთარი მიწა-წყლის, ღირსებისა და კულტურის დამცველს. ამიტომ საუკუნეების მანძილზე ეულმა და ევროპისაგან სავსებით მოწყვეტილმა ქვეყანამ დაუყვედრებლად დაიმსახურა ის, რისთვისაც თავი შეინარჩუნა – ევროპის, ანუ გლობალურ კულტურასთან და ცივილიზაციასთან ზიარება, მასთან გათანასწორება და საკუთარი, თავისთავადი მყობადის საიმედო პერსპექტივა. ეს არის საქართველოს ღირსთა მამათა, უამრავ მოწამეთა და გმირთა დამსახურება, რომელთაც სახლი ქრისტეს ცნებისა კლდესა ზედა დააფუძნეს. აქ ასეც შეიძლება მივმართოთ რუსებს: თქვენი აღზევებისათვის ჩვენ რომ დავქვეითდით, იმის სამაგიერო უნდა მიგვეღო, როგორც თქვენ მოგიზღოთ ევროპამ სამაგიერო მონღოლთა შეჩერებისათვის. ასეთია, მე ვიტყოდი, ერის სულთა ფარული მეგობრობა და შინაგანი ურთიერთობის მორალი, რომელიც ცხოვრების ზედაპირზე ზოგჯერ მწვავე ანტაგონიზმის ელფერს ატარებს. ასეა.( გლობალური კულტურა, ადამიანთა თავისუფლების ეს ჭეშმარიტი საწინდარი, მხოლოდ დიდი დანაკარგისა და მართალთა სისხლის საზღაურად მოიპოვება.)

თუ მშვიდობიანი ცხოვრების მოპოვება და ევროპის კულტურასთან ზიარება კომპენსაციაა დაღვრილი სისხლისათვის, განა რითიმე შეიძლებოდა კომპენსაცია იმისა, რაც საქართველოს რუსეთის იმპერიამ წაართვა, როცა გეორგიევსკის ხელშეკრულება დაარღვია? გამოსტაცა ენა და სახელმწიფო, ურომლისოდაც გარდუვალია ნებისმიერი ერის დეგრადაცია და გადაშენება. როგორ უნდა დაეშვა საქართველოს იმგვარი დეგენერაცია, რომლის მსგავსი სისხლის წვიმების დროშიაც არ განუცდია? ევრო- პის პროგრესულ იდეებთან შეხების შემდეგ იგი ამას მით უფრო არ დაუშვებდა. პასუხმაც არ დააყოვნა, ოცდათორმეტი წლის შეთქმულება, ეროვნული ღირსებისადმი დიმიტრი ყიფიანის გამოქომაგება, მამულიშვილური საქმენი თერგდალეულებისა, ეპისკოპოსების კირიონ საძაგლიშვილისა და ლეონიდე ოქროპირიძის მცდელობანი ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის დასაბრუნებლად, აი, ელვარე ფურცლები საქართველოს ისტორიისა XIX საუკუნესის მანძილზე.

რით უპასუხა ძალმომრეობისადმი ქართველი ერის ამ ბუნებრივ რეაქციას იმპერიის ხელისუფლებამ? რეპრესიებით, დაჭერებით, გადასახლებით და მკვლელობებით. გადასახლებაში გარდაიცვალა ოცდათორმეტი წლის შეთქმულების ყველაზე პრინციპული მონაწილე, პირველი ქართველი კანტანელი სოლომონ დოდაშვილი, გადაასახლეს და მოსყიდული მკვლელების ხელით სიცოცხლეს გამოასალმეს ეროვნული სინდისის ქომაგი დიმიტრი ყიფიანი. ხანგრძლივი ვადით რუსეთში გადაასახლეს საეკლესიო მოღვაწენი კირიონი და ლეონიდე. თითქმის გადაულახავ დაბრკოლებებს უქმნიდნენ საქართველოს რჩეულ შვილებს მამულიშვილურ მიზანთა განსახორციელებელ გზაზე.

მაგრამ მათ სულისკვეთებას, აღედგინათ ან დაებრუნებინათ ის, რაც საქართველომ რუსეთის იმპერიის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის დებულებათა ხელყოფისა გამო დაჰკარგა, წინ ვერაფერი დაუდგებოდა. მომწიფდა ჟამი და მოხევის პასუხი ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებდიან“, – ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო, – XIX საუკუნეში სამოციანელებისა და ქართველი ერის უმთავრეს სამოქმედო პროგრამად იქცა. აღარ არსებობდა საქართველოს სამეფო, მაგრამ სული ერისა ინტენსიურად მოქმედებდა და ძნელბედობის მარწუხებდიან ქართველთა დახსნას ლამობდა. ინდივიდუალიზმის ის გამთიშველი ძალა, უწინ რომ სახელმწიფოს აქუცმაცებდა, ახლა ერთიანი სულისკვეთებით იმსჭვალებოდა. ამ სულისკვეთებით ატაცებული რჩეული ახალგაზრდობა თბილისსა და ქუთაისში იყრიდა თავს, სწავლა-განათლებით სულიერ კუნთებს იკაჟებდა და ცოდნის გასაღრმავებლად სარუსეთოდ წასული, კვლავ უკან ბრუნდებოდა, რათა ეროვნული საქმის გარშემო ერთ ბირთვად შეკრულიყო. უმეფოდ დარჩენილ ქვეყანაში ეროვნული საქმეებისათვის ზრუნვა კულტურტრეგერთა ხელში გადადიოდა. ილია ჭავჭავაძე და მისი თანამებრძოლები მთელის გულმოდგინებით ცდილობდნენ თუ დამოუკიდებლობის დაბრუნებას არა, რაც იმჟამად ნამდვილად არ ძალედვა, სუვერენულობის და სახელმწიფოებრიობის შეგნების ამაღლებას მაინც თანამემამულეთა შორის. მათ უპირველეს მიზანს წარმოადგენდა რუსეთის გუბერნიის ადმინისტრაციულ პირობებში სუვერენულ სახელმწიფოთა შესატყვისი ატმოსფეროს შექმნა.

უმთავრეს საზრუნავად თერგდალეულებმა მართებულად მიიჩნიეს ქართული ენისათვის ჩამორთმეული უფლებების დაბრუნება და არც შემცდარან, რადგან ენა იყო და მუდამ იქნება ეროვნულობისა და სახელმწიფოებრიობის ცოცხალი სიმბოლო, ერის სულიერი ცხოვრებისა და პრაქტიკული საქმიანობის მასულდგმულებელი საშუალება. ამ უტყუარი საშუალებით თვითრწმენის ამაღლება მოწინააღმდეგის თვალში ავტორიტეტის ამაღლებასაც ნიშნავდა, რაც შეუძლებელი იყო ახალი, მძლავრი ლიტერატურის გარეშე. ლიტერატურისა როგორც მხატვრულის, ასევე პუბლიცისტურის, ორიგინალურისა და მთარმნელობითის. ეს გახლდათ იმჟამად ერთადერთი საშუალება საკუთარი მყოფადის შობისა, რადგან მარტოოდენ წარსულ დროებზე დარდი საქმეს ვეღარ უშველიდა. ამგვარი ბაზისის გარეშე ქართული ენა კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ვერც ერთ სფეროში ვერ შეაღწევდა. გარდა ამისა, ლიტერატურა ხომ ენის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის პულსაციისა და განვითარების გამომხატველია. საქართველოს ისტორიის გმირული ფურცლების გაცოცხლებით, ახალი ეროვნული და საკაცობრიო მნიშვნელობის პრობლემების დაყენებით ქართულმა მხატვრულმა და პუბლიცისტურმა ლიტერატურამ იმდენად დამუხტა მორალური ატმოსფერო, რომ საზოგადოება ძირეული საჭირბოროტო საკითხების გადასაჭრელად მოამზადა. სწორედ ლიტერატურის მაღალი პოზიციებიდან დალაშქრეს თერგდალეულებმა თვითმპყრობელობის ერთის შეხედვით მიუდგომელი სიმაგრეები. გამოსძალეს იმპერიის მთავრობას ქართული ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების გამოცემის, ქართული თეატრისა და სკოლების, ეროვნული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საზოგადოებებისა და დაწესებულებების დაარსების უფლება. ყოველივე ეს არ მომხდარა უცებ, ცენზურასა და შოვინისტ რუს მოხელეებთან შეხლა-შემოხლის გარეშე. მაგრამ, თავგამოდებულმა მამულიშვილურმა შემართებამ შეუძლებელი შესაძლებლად აქცია და გეორგიევსკის ტრაქტატის ასი წლის თავზე საქართველომ თუ პოლიტიკურს არა, ნაწილობრივ კულტურულ ავტონომიას მიანც მიაღწია. ილია, აკაკი, ვაჟა – ეს სამი სახელი ელავდა ყველაზე მკაფიოდ საქართველოს სულიერი ცხოვრების კაბადონზე. მიუხედავად დიდი გამჭრიახობისა, საყოველთაო პოპულარობისა და განსაკუთრებით კი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ლიდერის, ილია ჭავჭავაძის ორგანიზატორული ნიჭისა, რაც უთუოდ მისი მკვლელობის უმთავრესი მიზეზი გახდა, ისინი არ ყოფილან პრაქტიკოსი პოლიტიკოსები და არ მიუმართავთ პრაქტიკული ღონისძიებისათვის, სახელმწიფოებრიობის და გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული სუვერენიტეტის მოსაპოვებლად. მაგრამ იმდენად დიდი იყო მათი დამსახურება ეროვნული თვითშეგნების ამაღლების საქმეში, რომ ნამოღვაწარი მათი ცხოვრების მაგალითი, მათ მიერ წამოჭრილი პრობლემები დღესაც გვაღფრთოვანებს, როდესაც აქტუალურია და სამერმისოდაც გაჰყვება საგზლად მომავალ თაობებს თავისი უკვდავი მოწოდებით: „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“.

მაგრამ ქართველების ენერგია მარტოოდენ კულტურის აღორძინებისა და ეროვნული თვითშეგნების ამაღლების საქმეში როდი იხარჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აღარ არსებობდა შესაფერისი სარბიელი პოლიტიკური მოღვაწეობისათვის, რადგან ქართველს არ გააჩნდა საკუთარი სახელმწიფო, ხოლო რუსეთის იმპერიის სამსახურში საქმიანობა კარიერისტობისა და დამთანხმებლობის გარდა მას არაფერს უქადდა. ქართველების პოლიტიკური უნარი ნაწილობრივ ფარულ პარტიებში მოღვაწეობით ჰპოვებდა გამოსავალს. შემთხვევითი როდია, რომ რუსეთის რევოლუციამდელ და თვით რევოლუციათა პერიოდში ქართველებს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავათ რუსეთის სხვადასხვა პარტიაში. ზოგი მათგანი მხოლოდ რევოლუციური პრაქტიკითა და სოციალური ბრძოლის პრობლემებით იყო დასაქმებული, ზოგიც ყოველივე ამას საქართველოს სუვერენიტეტის იდესთანაც ათავსებდა. მაგრამ ისინი მარტოოდენ არსებულ წესწყობილებას როდი ებრძოდნენ, არამედ ხშირად იმდენად ანტაგონისტურ პოზიციას იკავებდნენ ქართველი სამოციანელების მიმართ, რომ თვით ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, ილია ჭავჭავაძესაც კი ესხმოდნენ თავს თავიანთ სტატიებში, სადაც სასტიკ მებატონეობასა და გლეხებისადმი არაადამიანურ დამოკიდებულებას სწამებდნენ ცილად, ამ ჰუმანიზმის ჭეშმარიტ მნათობს საქართველოში შრომის სუფევის მგზნებარე მომღერალს, სიტყვით და საქმით გლეხთა უფლებებისათვის თავგამოდებულ კაცს. ილიასაც, ხალხის სიყვარული, პოპულარობა და უდიდესი ავტორიტეტი რომ უმაგრებდა მხარს, არა ერთგზის უმხელია ისინი ფაქტების გაყალბებაში, არაერთგზის აუჭრელებია ისინი პუბლიცისტის მათრახით. სწორედ ამ ავტორიტეტისა და მძლავრი პუბლიცისტური შემართების გამო ხედავდნენ ისინი მასში მთავარ მოწინააღმდეგეს. მათ ვერ აპატიეს მწერალს, პირველმა რომ შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში სოციალური უთანასწორობისა და ბრძოლის თემა, ის ამბავი, რომ იგი არ მივიდა მათთან და არ დადგა მათ პოზიციაზე. და არც მივიდოდა, რადგან ვერ დადგებოდა იგი ვერც ერთი პოლიტიკური პარტიის პოზიციაზე. პარტიულობა წმინდა პოლიტიკური მოვლენაა. იგი იზღუდება მისთვის მისაღები იდეების წრედით და ძალაუფლებისათვის ბრძოლის გარდა გულისხმობს ამ იდეების ცხოვრებაში გატარებას მიღწეული ძალაუფლების მეოხებით. ვერც ილია, ვერც აკაკი და ვაჟა ვერ შეიზღუდებოდნენ რომელიმე პოლიტიკური იდეოლოგიით, რადგან ისინი მსოფლიო მოქალაქეები იყვნენ და თვით ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლასაც მსოფლიო სამართლიანობისა და მსოფლიო მოქალაქეობის პოზიციიდან ეწეოდნენ. მათი მოღვაწეობისათვის უცხო იყო ძალაუფლებისათვის ბრძოლა და ამგვარი ბრძოლის მეთოდები. ილია ჭავჭავაძე პოლიტიკური ბრძოლისა და მისივე სურვილის გარეშეც უსიტყვოდ გახლდათ აღიარებული ქართველი ერისა და მისი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ლიდერად და სახელმწიფოებრიობის მოპოვების შემთხვევაში მის გარდა არავის ხვდებოდა წილად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინამძღოლობა, თუმცა პრაქტიკულად, ამგვარი უპირატესობის მოსაპოვებლად მას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს და არც იმპერიის ტახტისათვის წარმოადგენდა იგი ისეთ საშიშროებას, რომ მის წინააღმდეგ ტერორი გამოეყენებინათ. ამ თვალსაზრისით მეფის ხელისუფლებას უფრო სოციალ-დემოკრატებისა ეშინოდა, თუმცა არც მათი ლიდერების მიმართ იყენებდა აშკარა ტერორს. იმ ფაქტს კი ვერ ვუარყოფთ, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ, მწერალი იროდიონ ევდოშვილი დემონსტრაციულად გამოვიდა სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, რადგან მის მკვლელობაში სწორედ სოციალ- დემოკრატებს სდებდა ბრალს. ილია ჭავჭავაძის სიკვდილით მხოლოდ ის უნდა ყოფილიყო დაინტერესებული, ვისაც იმჟამად მისი ავტორიტეტი უშლიდა ხელს საქართველოში პოლიტიკური ლიდერობისა და პირველკაცობის მოპოვებაში. მოვლენათა ფარული ურთიერთკავშირების გამო მსოფლიო ისტორია სავსეა მოულოდნელობებით. მოულოდნელად დაჰკარგა საქართველომ სახელმწიფოებრიობა და ასევე მოულოდნელად დაიბრუნა იგი. პეტერბურგში მომხდარმა თებერვლის რევოლუციამ, რუსეთის იმპერიისა და მისი არმიის რღვევა გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით საქართველოდან გაყვანილ იქნა რუსეთის ჯარი და ქვეყანა სახელმწიფოებრიობის რეალური დაბრუნების წინაშე დადგა. სრუდლებოდა დიდი ხნის ნატვრა, იმპერიის მიერ გეორგიევსკში ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ რომ არ მოშორებია ქართველთა გონებას. მაგრამ იმ დროს, ის თავკაცები რატომღაც გაუბედაობას ავლენდნენ და აყოვნებდნენ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებას. ძნელია დადგენა, მორიდებულობას იჩენდნენ იმის გამო, რომ უბრძოლველად მიიღეს ამის საშუალება, თუ ეს იდეა არ იყო ჯერაც გამკვიდრებული ქართველობაში, როგორც პოლიტიკური აუცილებლობა, თუცმა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოებრივი აზრი არ გახლდათ ამისთვის მომწიფებული. მაგრამ საზოგადოებრივი აზრის მომწიფება როდი ნიშნავს იდეის, როგორც პოლიტიკური აუცილებლობის სიმკვიდრეს. ამგვარ გამკვიდრებას პროგრამა, ორგანიზებულობა და რიგი პოლიტიკური აქციებისა უნდა უძღოდეს წინ. ამ მიმართულებით ამგვარ საქმიანობას საქართველოში ადგილი არ ჰქონია. პოლიტიკურ ორგანიზებულობასა და აქციების მოწყობაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეის მესვეურნი ვერ შეედრებოდნენ სოციალდემოკრატებს. მაგრამ შექმნილი სიტუაციის კურიოზულობას სწორედ ის განაპირობებდა, რომ იმჟამად საჭედმპყრობელობის პრეტენზიის მქონე თავკაცობა ძირითადად ბოლშევიკებისაგან გათიშული მენშევიკი სოციალდემორკატებისაგან შედგებოდა. რომელთაც ადრე ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლისათვის არასოდეს ცხელოდათ. ეს მადოგმატიზირებლები მარქსიზმისა, მხოლოდ შემთხვევამ დააყენა მწვავე ეროვნული პრობლემის წინაშე. დამოუკიდებლობა მათ იმდენად ქართველი ერის თავისუფლებისათვის როდი სჭირდებოდათ, რამდენადაც საკუთარი იდეების განხორციელებისათვის. 

მერაბ კოსტავას ხელნაწერი (24-25 გვ.), „გზა ჭეშმარიტებისა“, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი | ნეტგაზეთი

ასე რომ ქართველი ხალხის საუკუნოვანი ოცნება მათ დაქვემდებარებულ იდეად აქციეს. უკეთესი პატრონი არ აღმოაჩნდა იმჟამად ქვეყანას და ამგვარ კურიოზს ადგილი არ ექნებოდა, სახელმწიფოებრობის დაბრუნების იდეა ქართველებში არა ოცნების, არამედ პოლიტიკური აუცილებლობის დონეზე რომ ყოფილიყო გამკვიდრებული. მიუხედავად ამისა, მოსახდენი მაინც მოხდა. ჯერ საქართველოს ეკლესიამ სცნო თავი დამოუკიდებლად, დაიბრუნა ავტოკეფალია და ერთხელ კიდევ ცხადჰყო, რომ იგი იყო და არის ერთიანი და სუვენერული საქართველოს იდეის გამომხატველი. მალე მის მაგალითს თავკაცობის პრეტენდენტებმაც მიბაძეს და 1917 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადეს. ეს მონაპოვარი არ წარმოადგენდა ეროვნულ ძალთა მობილიზების უშუალო კულმინაციას, მაგრამ იგი უთუოდ ჩაითვლება იმ მიზნის განხორციელებად, რასაც საქართველოს რჩეულმა შვილებმა XIX საუკუნის მანძილზე თავიანთი სულიერი ენერგია შეალიეს. მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა მთავრობამ იმჟამად მთელ რიგ სიძნელეებს გაართვა თავი, მათ შორის თავდაცვით ომებს, თურქეთთან და სომხეთთან, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის მხარდაჭერითაც სარგებლობდა, ვერა და ვერ აღმოჩნდა იგი სათანადო სიმაღლეზე. მას არ ესმოდა ის ჭეშმარიტება, რომ თუმცა ძნელია დამოუკიდებლობის მოპოვება, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია მისი შენარჩუნება, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, საფრთხისა თუ უსაფრთხოების შემთხვევაში, აუცილებელია გადამწყვეტი ზომების მიღება, რომ ძალთა სრული მობილიზაციისათვის საჭიროა დროებით მაინც საქართველოს ერთიან სიმაგრე-ბანაკად გადაქცევა, სამხედრო და საწარმოო-სამეურნეო საწყისთა გამთლიანება, ცხოვრების სხვადასხვა სფეროთა თავდაცვითი მიზნისაკენ წარმართვა, თითოეული მოქალაქის ერთდროულად ჯარისკაცადაც და მეურნედაც გადაქცევა, ყველგან და ყველაფერში დისციპლინა და უაღრესი მობილიზება, სამშობლოს წინაშე მოვალეობის გრძნობის უმაღლეს მოქალაქეობრივ შეგნებაში აყვანა, მღვიძარება და აზრის კონცენტრირება მიღწეულის შესანარჩუნებლად, სიკვდილ- სიცოცხლის ბეწვის ხიდზე გატარება მთელი ერისა, რადგან შეუძლებელია დამოუკიდებლობის შენარჩუნება იქ, სადაც თავისუფლება საკუთარი სიცოცხლისა და არსებობის ფასად არ უღირთ. ამის გაგება საქართველოს საჭეთმპყრობელებს ნამდვილად ექნებოდათ, საკუთარი სისხლით რომ მოეპოვებინათ დამოუკიდებელობა. იმჟამად საქართველოში საგანგებო სამხედრო მდგომარეობაც კი არ გამოუცხადებიათ, რაც ნებისმიერ ვითარებაში აუცილებელი ეტაპია დამწყები სახელმწიფოსათვის. საქართველოს მთავრობა სრულ უსუსურობას იჩენდა იდეოლოგიურ-დისციპლინარული, დიპლომატიური და სახელმნიფო უშიშროებისათვის საშური ღონისძიებების გატარებისას. გაბედულება და დამაჯერებლობა აკლდა მის ყოველ მოქმედებას. არ იგრძნობოდა გამოცდილება კადრების შერჩევისას – არ იყო მჭიდრო და ორგანული პრეზიდენტ ნოე ჟორდანიას კავშირი ხალხთან. მის ავტორიტეტს უდავოდ აკლდა ელვარება. მის პიროვნებაში არ გამოსჭვიოდა ერთდროულად გმირი და ბრძენი, ნებისმიერ გარემოებაში უყოყმანოდ რომ მიჰყვება ხალხი. ახლადშექმნილ სახელმწიფოში არ იგრძნობოდა გონების დაძაბული მუშაობა, ნებელობის ძალუმი პულსი, მიზანდასახული სწრაფვა მთელი ერისა, სახელმწიფოს შენარჩუნებისა და განმტკიცების ერთადერთი საწინდარი. ვის უნდა შთაებერა იმჟამად ქართველი ერისათვის დაუცხრომელი სული, თუ არა საქართველოს მთავრობას?

შექმნილ ვითარებაში გარდაუვალობად იქცა ბოლშევიკების გამარჯვება ამიერკავკასიაში, რაც შემდეგმა გარემოებებმა განაპირობა:

  1. ქართველ სამოციანელთა მიერ გაღვიძებულმა ეროვნულმა თვითშეგნებამ ვერ ჰპოვა სრული გამოხატულება პოლიტიკური პრაქტიკის სფეროში.
  2. საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა განაპირობა არა იმდენად შინაგანმა, რამდენადაც გარეგანმა ფაქტორმა. ამადაც სახელმწიფო საჭე უფრო შემთხვევითი პიროვნებების ხელში აღმოჩნდა.
  3. საქართველოს მთავრობა ყველგან ეძებდა ხსნას, გარდა საკუთარი თავისა, ქართული სახელმწიფოს შენარჩუნების საქმეს არ განამტკიცებდა ჭეშმარიტი ინიციატორისა და ეროვნული გმირის საყოველთაო ავტორიტეტი. ქვეყანას იმჟამად არ აღმოაჩნდა თავად ისტორიის წინამძღოლი. მოწამენი კი მრავლად დაშთნენ, რაც იშვიათი არაა დამარცხების შემთხვევაში.
  4. პოლიტიკური პრაქტიკის სფეროში ბოლშევიკებს იმჟამად ჰყავდათ უფრო ძლიერი და გამოცდილი კონტინგენტი. ვიდრე სხვა პარტიებს.
  5. დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლა. სახელმწიფოებრიობა, როგორც სიკეთის ერთადერთი გაგება ერისათვის, რჩებოდა მძლავრი იდეოლოგიური პროპაგანდის გარეშე, სტიქიური პატრიოტული გრძნობების ამარა, მაშინ როდესაც ბოლშევიკებთან პოლიტიკური პროპაგანდის საქმე უმაღლეს დონეზე იდგა.
  6. მსოფლიო პოლიტიკური მოვლენები საქართველოსათვის არასასურველად ვითარდებოდა.
  7. ქართველი მენშევიკების, სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელი მუსავატისტების უთანხმოებათა გამო ამიერკავკასიაში მოქმედებდნენ გამთიშველი ძალები. ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ბოლშევიკებს კი მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ ურთიერთთან და მათი წარმატების შესაძლებლობას კავკასიაში კიდევ უფრო აძლიერებდა რუსეთში ბოლშევიკების საბოლოო გამარჯვება.
  8. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ მოქმედების ერთიანი გეზი და მიზანი. მთავრობის შემადგენლობაში მყოფი მენშევიკები, ალბათ, არც კი მოისურვებდნენ საქართველოს რუსეთისაგან გამოყოფას, იქ რომ მენშევიკებს გაემარჯვათ.
  9. საქართველოს მთავრობას არ დაუსახავს პერსპექტივები ფინანსურ-ეკონომიური პოლიტიკის ძირეული გარდაქმნისათვის, მძიმე მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის რეორგანიზაციისათვის არ გადადგმულა კონკრეტული ნაბიჯები ახალი, განვითარებული სახელმწიფოს შესაქმნელად, რაიც იმთავითვე, იმ რთულ ვითარებაშიც კი, აუცილებელი იყო, როგორც გარანტია დამოუკიდებლობის ღირებულების ამაღლებისა.

 ხშირად საქართველოში მოსაუბრეთაგან გამიგონია როყიოდ წამოსროლილი სიტყვები: ქართველებს რომ დამოუკიდებლობა მოგვცა, მარტო ჩვენი მარგანეცი, ბორჯომის წყალი და კურორტები შეგვინახავდაო. ეს პარაზიტული აზრი კარგს არაფერს ამბობს მთქმელის სახელმწიფოებრივი შეგნების დონეზე. მარგანეცმა და კურორტებმა უნდა შეგვინახოს თუ თავგანწირვამ, ტიტანურმა შრომამ და მეურნის გამჭრიახობამ? ძალაუნებურად გიპყრობს ფიქრი: ნუთუ იმჟამადაც ასე აზროვნებდნენ ჩვენში? გამოდის, რომ თავისუფლების მთელი არსი გაყიდვა და გაქირავება ყოფილა, რათა შემდეგ დაჯდე და სტომაქი ამოიყორო. გამოდის, ჩვენც იმ პრიმიტიული ხალხების დონეზე ვყოფილვართ, ბუნების მიერ მორთმეული მზამზარეულით, ან სხვისი ნასუფრალით რომ საზრდოობენ. მაგრამ ასე არ სწირავს ჩვენი მღვდელი. ჩვენ ოდითგანვე ხალიბებად და გეორგიანებად სახელდებული პირველი მეტალურგები და სოფლის მეურნეები ვიყავით. ჩვენთვის უხსოვარი დროიდან იყო დამახასიათებელი შემოქმედებითი მიმართება გარემოსთან, რაც დღესაც ატყვია მიუდგომელი სიმაგრეებით გადაქსელილ საქართველოს მთებს, ტაძრებითა და ბაზილიკებით დამშვენებულ ხევებსა და ველ-მინვდრებს, მესხეთის გაშიშვლებულ დამრეცთა ტერასებს, ძველქართული სოფლის მეურნეობის ამ ფანტასტიურ მოვლენას. დიახ, შემოქმედებითი და შრომითი შემართების უნარმა ოდითგან ფენიქსად აქცია მრავალგზის ფერფლიდან აღმდგარი საქართველო, მომაკვდავის სარეცლიდან კვლავ სიცოცხლისაკენ გამოაბრუნა, ოცნება და იმედი სინამდვილედ უქცია. მაგრამ საქართველოს მთავრობას, რომლის ინერტულობა გადამდებად მოქმედებდა ხალხზე, არ აღამოჩნდა იმჟამად სახელმწიფოს შემოქმედებითად მართვის უნარი. მან ვერ გამოიყენა საქართველოს დამოუკიდებლობა ქვეყნის განახლებისა და აღშენებისათვის. განათლებას ვინღა დაეძებდა, დამოუკიდებლობასაც კი ვერ გაუფრთხილდა და 1921 წელს, ბოლშევიკებმა, რუსეთის სტეპებიდან კავკასიაში შემოჭრილი მე-11 არმიის მეოხებით საბჭოთა ხელისუფლება დაამყარეს საქართველოში. უშედეგო წინააღმდეგობის შემდეგ საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. გამარჯვებულებმა ამ ბრძოლას განმათავისუფლებელი უწოდეს. ხოლო დამარცხებულებმა ინტერვენცია.

მაინც, რამ გამოიწვია ეს ომი? გადაიხარა სიმართლის სასწორი იქეთ, საითკენაც გამარჯვება იყო? რა მიზანი ამოძრავებდათ ბოლშევიკებს? რა იყო მოტივი მათი მოქმედებისა? ბოლშევიკებს ნამდვილად არ მოეპოვებოდათ იურიდიული საფუძველი საქართველოს ყოფილი მთავრობის კანონგარეშე გამოცხადებისათვის, მით უმეტეს, რომ მანამდე მათ სცნეს კიდეც საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჰქონდათ მასთან დიპლომატიური ურთიერთობა. იმ მთავრობას არავითარი უკანონობა არ ჩაუდენია, არც ძალაუფლების მოპოვებისას და არც სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობისას. მას არც რომელიმე კანონიერი მთავრობა დაუმხია და არც ვისმესთვის გამოუცხადებია საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ომი, არც ანტიჰუმანისტური პროპაგანდა გაუწევია და არც რეპრესიებით შეუწუხებია თავისი ხალხი. ეს იყო არც თუ ძლიერი, მაგრამ ჩვეულებრივი მთავრობა, რომლის მსგავსი შეი- ძლება ჰყავდეს ნებისმიერ სუვენერულ სახელმწიფოს. მან რომ ქართველი ხალხი ფართე მასშტაბის მოქმედებაში ვერ მოიყვანა, ეს როდი ნიშნავს იმას, რომ ხალხი ანტიპათიურად იყო მისადმი განწყობილი და სურვილი არ ჰქონდა იმისა, საკუთარი მთავრობა ჰყოლოდა. ხალხმა მას მხარი დაუჭირა, მედგრად იბრძოლა კიდეც და მოსულებს წინააღმდეგობა გაუწია იმდენად, რამდენადაც მთავრობამ შესძლო მისი ძალების მობილიზება. ამაოა მტკიცება იმისა, თითქოს ქართველ ხალხს ჩაგრულის პოზიცია ეკავა და განთავისუფლებას ესწრაფვოდა. არც თუ საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას ლამობდა იგი, რადგან არ არსებობს დედამიწის ზურგზე ერი, მსგავსი სურვილი რომ ამოძრავებდეს. მიზანი რუსეთის ბოლშევიკებისა, ძალაუფლების მოპოვებისთანავე იყო საკუთარი იდეოლოგიისა და სახელმწიფო წყობის გავრცელება ყოფილი რუსეთის იმპერიის მთელს ტერიტორიაზე, განმათავისუფლებელი უწოდეს. ხოლო დამარცხებულებმა ინტერვენცია. მაინც, რამ გამოიწვია ეს ომი? გადაიხარა სიმართლის სასწორი იქეთ, საითკენაც გამარჯვება იყო? რა მიზანი ამოძრავებდათ ბოლშევიკებს? რა იყო მოტივი მათი მოქმედებისა? ბოლშევიკებს ნამდვილად არ მოეპოვებოდათ იურიდიული საფუძველი საქართველოს ყოფილი მთავრობის კანონგარეშე გამოცხადებისათვის, მით უმეტეს, რომ მანამდე მათ სცნეს კიდეც საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჰქონდათ მასთან დიპლომატიური ურთიერთობა. იმ მთავრობას არავითარი უკანონობა არ ჩაუდენია, არც ძალაუფლების მოპოვებისას და არც სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობისას. მას არც რომელიმე კანონიერი მთავრობა დაუმხია და არც ვისმესთვის გამოუცხადებია საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ომი, არც ანტიჰუმანისტური პროპაგანდა გაუწევია და არც რეპრესიებით შეუწუხებია თავისი ხალხი. ეს იყო არც თუ ძლ- იერი, მაგრამ ჩვეულებრივი მთავრობა, რომლის მსგავსი შეიძლება ჰყავდეს ნებისმიერ სუვენერულ სახელმწიფოს. მან რომ ქართველი ხალხი ფართე მასშტაბის მოქმედებაში ვერ მოიყვანა, ეს როდი ნიშნავს იმას, რომ ხალხი ანტიპათიურად იყო მისადმი განწყობილი და სურვილი არ ჰქონდა იმისა, საკუთარი მთავრობა ჰყოლოდა. ხალხმა მას მხარი დაუჭირა, მედგრად იბრძოლა კიდეც და მოსულებს წინააღმდეგობა გაუწია იმდენად, რამდენადაც მთავრობამ შესძლო მისი ძალების მობილიზება. ამაოა მტკიცება იმისა, თითქოს ქართველ ხალხს ჩაგრულის პოზიცია ეკავა და განთავისუფლებას ესწრაფვოდა. არც თუ საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას ლამობდა იგი, რადგან არ არსებობს დედამიწის ზურგზე ერი, მსგავსი სურვილი რომ ამოძრავებდეს. მიზანი რუსეთის ბოლშევიკებისა, ძალაუფლების მოპოვებისთანავე იყო საკუთარი იდეოლოგიისა და სახელმწიფო წყობის გავრცელება ყოფილი რუსეთის იმპერიის მთელს ტერიტორიაზე, რუსული ენის გავრცელების არეში, ყველგან, სადაც კი როდესმე არალეგალური ორგანიზაცია ჰქონიათ და პოლიტიკური აქციები განუხორციელებიათ. ეს კი თავისთავად იმპერიის ყოფილი ტერიტორიის კვლავ გამთლიანებას და ერთი სახელმწიფოს ფარგლებში მოქცევას ნიშნავდა. ბოლშევიკებს შორის, რუსეთში, იმჟამად იმყოფებოდნენ იმპერიის სხვადასხვა კუთხიდან მოსული პირები, რომელთა პრესტიჟისათვის, როგორც ჩანს, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ იდეოლოგიისა და სახელმწიფო წყობის გამარჯვებას მათი ყოფილი მოქმედების არეში. სულ მალე, ძალთა მოკრეფისა და შინაურ საქმეთა მოგვარების შემდეგ, რუსეთის ბოლშევიკურმა მთავრობამ ფართე მოქმედება გაშალა ამ მიმართულებით, რასაც თავისი იურიდიული გამართლება გამოუნახა, საყოველთაო საერთაშორისო იურიდიული საფუძვლებისაგან განსხვავებული, თუკი ნებისმიერ მიმდებარე ქვეყანაში, მისი მომხრეებისაგან შემდგარი მცირე ჯგუფიც კი სთხოვდა მას შეიარაღებულ დახმარებას იქ არსებული სახელმწიფო წყობილების დასამხობად, საკუთარი იდეოლოგიისა და წყობილების ერთადერთ მართებულ წყობად მიჩნევისა და პროლეტარულ-ინტერნაციონალური სოლიდარობის ცნობილი ლოზუნგის საფუძველზე. იგი ამგვარი ჩარევის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს, რაც სხვა სახელმწიფოში შეიარაღებული ძალებით შეჭრას ნიშნავდა. იდეოლოგიურ საფუძველზე სხვა ქვეყნების საქმეებში შეიარაღებული ჩარევის თითქმის მსგავს პრეცენდენტებს ადრეც ჰქონდა ადგილი მსოფლიო ისტორიაში და ეს ამბავი ბოლშევიკების გამონაგონი არ არის. იდეოლგოური მოტივით და მოქმედების ექსპანსიონისტური ფორმით შემოჭრა ბოლშევიკების მე-11 არმიისა საქართველოში და როგორც თავადვე განაცხადეს, ეს გამოიწვია ადგილობრივი არალეგალური ბოლშევიკური ორგანიზაციის თხოვნამ დახმარებისათვის, ორგანიზაციისა, რომელიც თუ დავუჯერებთ საარქივო მასალებს, წლების მანძილზე რუსეთის ბოლშევიკური მთავრობის დირექტივებით მოქმედებდა საქართველოში და ცხადია ეს თხოვნაც დირექტივით იქნებოდა ნაკარნახევი. იმის დასამტკიცებლად, რომ ამგვარი მოქმედება არ არის ველიკორუსული დამპყრობლური პოლიტიკის გამოვლინება და არაფერი აქვს საერთო საქართველოს მიმართ რუსეთის იმპერიის დამოკიდებულებასთან წარსულში, გაუქმებული ქართული სახელმწიფოს ნაცვლად, მათ იმგვარი რამ უნდა შემოეთავაზებინათ, რაც მათის აზრით გააბათილებდა მოსალოდნელ ბრალდებას. რუსეთის შემადგენელ ოლქად საქართველოს გამოცხადების საკითხი არც კი წამოჭრილა, რადგან ამგვარი სტერეოტიპი გეორგიევსკის ხელშეკრულების დარღვევისა გაბათილების ნაცვლად აშკარად ცხადჰყოფდა მოსალოდნელი ბრალდების სისწორეს. ხელაღებით იქნა უარყოფილი ქართველ ბოლშვიკთა ერთი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროექტი ახლადდამყარებული წყობილების შენარჩუნებით საქართველოს რუსეთისაგან სრული გამოცალკავებისა და რადგან უკლონისტებად წოდებული ეს ჯგუფი პრინციპულად მოითხოვდა ამ პროექტის განხორციელებას შინაპარტიული კონფლიქტი მისი სრული ლიკვიდაციით დამთავრდა. როგორც ჩანს ზემოხსენებული პროექტის უარმყოფელებს ურუსეთოდ იმედი არ ჰქონდათ საქართველოში ახლადდამყარებული წყობილების შენარჩუნებისა. და ბოლოს, ბოლშევიკებმა ახალი ტიპის ექსპერიმენტული სახელმწიფო შესთავაზეს ხალხებს. მათ პირველებმა გადადგეს პრაქტიკული ნაბიჯი დაახლოებით იმგვარი მრავალეროვანი სახელმწიფოს შესაქმნელად, ასე საოცრად რომ ჩამოჰგავს გერმანული ფილოსოფოსის, ფრიდრიხ ემანუილ კანტის მიერ აპრიორული მეთოდით მიკვლეული სახელმწიფოს პროექტს (კანტი ეხება ეროვნულ და არა სოციალურ სტრუქტურას). ეს იყო სხვადასხვა სახელმწიფოთა გაერთიანებით შექმნილი ერთიანი სახელმწიფო, სადაც ადგილი არ უნდა ჰქონოდა თითოეული მათგანის სუვერენიტეტის ხელყოფას. კანტის წარმოდგენით სახელმწიფოები მოლაპარაკებით, ანუ ნებაყოფლობით უნდა შემოკრებილიყვნენ ერთი ძლიერი სახელმწიფოს გარშემო, და ამგვარი კავშირი მათ შორის მუდმივი მშვიდობის გარანტად უნდა ქცეულიყო. რესპუბლიკებად წოდებული სახელმწიფოები, მათ შორის იმჟამად ამიერკავკასიის ფედერაციაში შემავალი საქართველო, მართლაც რსფსრ-ს გარშემო აღმოჩნდნენ შემოკრებილი, თუმცა კანტის ფორმულა ნახსენებიც არ ყოფილა. უფრო სწორედ ეს უზარმაზარი ქვეყანა, საბჭოთა სოციალისტური რესპიბლიკების კავშირი რომ ეწოდა, ნაციონალობათა მიხედვით დაიყო რესპუბლიკებად, ავტონომიურ რესპუბლიკებად და ავტონომიურ ოლქებად. თითოეულ მათგანს უნდა ჰყოლოდა საკუთარი მთავრობა, რომელიც საბოლოო ანგარიშში დაექვემდებარეობოდა საკავშირო მთავრობას, ერთიანი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გამომხატველს. ამ სახელმწიფოს კონსტიტუციით გარანტირებული უნდა ყოფილიყო რესპუბლიკების კავშირში ყოფნისა თუ კავშირიდან გასვლის ნებაყოფლობითობა, აგრეთვე თანასწორუფლებიანობა თითოეული ერისა. ნებისმიერ რესპუბლიკას უნდა ჰქონოდა სახელმწიფოებრიობის აღმნიშვნელი ყველა ატრიბუტი თუ სიმბოლო. თუმცა რუსეთ-საქართველოს ახალი ურთიერთობის გამომხატველი სიტყვა „მოკავშირე“ არ ეწინააღმდეგებოდა გეორგიევსკის ტრაქტატის სულისკვეთებას, მაგრამ ისიც გარკვევით უნდა ითქვას, რომ ზემოხსენებული ხალხების შემოკრება რუსეთის გარშემო მოლაპარაკებით როდი მომხდარა და ამდენად არც ნებაყოფლობითი ყოფილა. როგორც საქართველოს მაგალითზე ჩანს, იგი რუსეთის ბოლშევიკური მთავრობის შეიარაღებულ ძალთა მეშვეობით იქნა განხორციელებული. მხოლოდ ამგვარი შემოკრების შემდეგ იქნა შემოთავაზებული ერთიანი სახელმწიფოს ზემოხსენებული პროექტი. რაც შეეხება ნებაყოფლობითო- ბას, თავად სიტყვა სახელმწიფო, როგორც იძულების გარკვეული საშუალება, რამდენადმე გამორიცხავს ამგვარ შინაარსს. ნებაყოფლობითობა ადამიანის მხოლოდ ღვთისა და მოყვასისადმი მიმართებაში შეიძლება გამოხატოს. მოქალაქის სახელმწიფოსადმი და სახელმწიფოს სახელმწიფოსადმი მიმართება კი უფრო ვალდებულებითია (ძირითადად ამით განსხვავდება ღვთისა და კეისრისადმი მისაგებელი). მაგრამ ვალდებულებითი შეიძლება იყოს ისეთი რამ, რასაც ნებაყოფლობითაც გააკეთებდი და ისეთი რამაც, რასაც იძულებით აკეთებ. იდეალურია სახელმწიფო, სადაც ვალდებულებითი რაც შეიძლება მეტად უახლოვდება ნებაყოფლობითს. მაგრამ ამგვარი იდეალურობისადმი ნდობა უკვე შერყეული იყო დასაწყისშივე ჩადენილი ძალმომრეობის გამო. მიუხედავად შემოთავაზებული პირობებისა, ქართველ ხალხს, მაინც არ დაუკლია მცდელობა დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად, რადგან იძულება, მისი კავშირში შეყვანისას რომ ჰქონდა ადგილი, ნდობას უკარგავდა მას იმათ მიმართ, ვისზეც ყველაზე მეტად იყო დამოკიდებული კონსტიტუციით გათვალისწინებული ნებაყოფლობითობის ცხოვრებაში რეალიზება. 1924 წლის გამოსვლები, პატრიარქ ამბროსი ხელაიას მემორანდუმი გენუის კონფერენციისადმი, კონსტანტინე გამსახურდიას ღია წერილი ლენინისადმი და კიდევ სხვა ფაქტები აშკარად მეტყველებდნენ ქართველთა სურვილისათვის დაებრუნებინათ ქვეყნისათვის დამოუკიდებლობა, მაგრამ გამოსვლებს მოჰყვა სისხლიანი რეპრესიები, ამბროსი ხელაია თანამოსაყდრეებთან ერთად გააციმბირეს და სამი წლით სოლოვკებში გადააასახლეს. ხოლო ნებაყოფლობითობა კავშირში ყოფნისა თუ კავშირიდან გასვლისა მიუწვდომელ ქიმერად რჩებოდა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით არასოდეს მიუმართავთ ღია რეფერენდუმისათვის, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ზუსტად დადგენა და განსაზღვრა ხალხის სურვილისა. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. თაობას თაობა მოჰყვა. ურთიერთობებში ბევრი რამ გამოირკვა. იმის გამო, რომ ვერ დაიბრუნა 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა, ქართველი ხალხი ხელებს ვერ დაიკრეფდა, შემოქმედებით ენერგიას ვერ დაამწნილებდა, კულტურის, მეცნიერებისა და მატერიალურ საქმეებს ღვთის ანაბარად ვერ დატოვებდა. მას ახალ, შემოთავაზებულ პირობებში უნდა ეცადა ძალები, მოენახა საკუთარი პოზიცია, შეემოწმებინა თავისი სამოკავშირეო უფლებების იურიდიული სიმკვიდრე და მთავარი მოკავშირის მიმართება მისსა და კონსტიტუციური ვალდებულებებისადმი. ახალ გარემოებაზე გადართვა არ ყოფილა უშუალო, ბუნებრივი. იგი გარკვეულ შეგუებას მოითხოვდა, შეგუებას თუდნაც იმ აზრთან, რომ ნებისმიერ, გინდაც არასახარბიელო გარემოში უნდა აკეთო, უნდა შექმნა, უნდა იშრომო, რათა შენი წილი დრო არ გაგეპაროს, კვალგაუვლები არ დაგრჩეს მიწა. ქართველი კაცის ისედაც დინამიური ბუნება არ დარჩენილა სარბიელის გარეშე, რადგან XX საუკუნის ჯერ არნახული დინამიკის სისტემაში საქართველოც ჩაერთო. მაგრამ წინააღმდეგობათა ჭიდილის იმ ატმოსფეროში  მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყო შემოქმედ ძალთა რეალიზება საკუთარი მრწამსისა და სინდისის შეუმღვრევლად. სწორი ორიენტაციის აღება გონიერებასთან ერთად გამბედაობასაც მოითხოვდა, რადგან სწორხაზოვნებისა და ფანატიზმის ყრუ კედელი სწორედ იქ აღიმართება, სადაც ერთადერთი მართებულად მიჩნეული იდეოლოგიის სოციალურ ყოფაში რეალიზებას იწყებენ, როცა იდეოლოგიას, რაგინდ ჰუმანურიც არ უნდა იყოს იგი, ადამიანზე მეტად იყვარებენ, როცა ავიწყდებათ, რომ ყველაფერი ამ ქვეყნად თვით ცა და სამყარო და, რაღა თქმა უნდა, იდეებიც და იდეოლოგებიც ადამიანისთვის უქნია ღმერთს და არა ადამიანი მათთვის, ეროვნულ და ინტერნაციონალურ საწყისთა ჰარმონიზების, დიდ და მცირერიცხოვან ერთა ურთიერთობის მარად მტკივნეულ პრობლემათა თეორეტიზება გაცილებით იოლი საქმე ყოფილა, ვიდრე ამ საკითხების ცხოვრებისეული გაგება და პრაქტიკაში განხორციელება. ამ პრობლემებთან დაკავშირებით მოთმინების თასმები ხშირად დაწყვეტამდე დაჭიმულა და ცხადია იმ პრეტენზიებსაც ვერავინ აუვლის გვერდს, ამ ხნის განმავლობაში რომ დაგროვდა. ბუნებრივიცაა, რადგან არათუ სახელმწიფოებს, ერთ ჭერქვეშ დიდხანს მცხოვრებ ადამიანებსაც კი უჩნდებათ პრეტენზია ურთიერთის მიმართ. ეროვნებით რუსმა საბჭოთა მოქალაქემ, სიტყვა პრეტენზიის ხმარებაზე შეიძლება გაიკვირვოს და ამგვარად გვიპასუხოს: „თუ მართლაც სუბიექტურად არ ვუდგებით ჩვენი ერების ურთიერთობის საკითხს, რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეთ ქართველებს რუსების მიმართ? მეფის რუსეთის მიმართ უკმაყოფილება კიდევ გასაგებია და ჩვენც არა ერთგზის დაგვიგმია ცარიზმის პოლიტიკა, მაგრამ დღეს განა თქვენც ისეთსავე სახელმწიფო ერთეულს არ წარმოადგენთ და იმგვარივე ეროვნული, ხალხის მიერ არჩეული მთავრობა არა გყავთ როგორც ჩვენ? საკავშირო მთავრობის შემადგენლობაში განა იმთავითვე არ შედიოდნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, მათ შორის ქართველები, დიდი ხნის მანძილზე წამყვანი თანამდებობები რომ ეკავათ? რატომ უნდა შევრაცხოთ მაინცდამაინც რუსები ყოველივე კარგისა თუ ცუდის მიზეზად და არა ყველანი ერთად? განა რუსებისათვის იგივე კანონები არ იწერებოდა, რაც ქართველებისათვის? თუ ჭირისა ან ლხინის, თავისუფლებისა თუ შეზღუდვის მეტ-ნაკლებობას ჰქონდა ადგილი? განა მანდელშტამის, გუმილიოვის და სხვათა სიკვდილი მიზეზსა და თარიღს ისევე არ უვლიან ამჟამად გვერდს ბიოგრაფები, როგორც მიხეილ ჯავახიშვილისას, ტიციან ტაბიძისას, ევგენი მიქელაძისას, სანდრო ახმეტელისას და ვახტანგ კოტეტიშვილისას? ისევე არ უჭირთ ოდესღაც ცვეტაევასა და ბულგაკოვს, როგორც დავით კაკაბაძეს, გუდიაშვილსა და გამსახურდიას? განა არ უდრის პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა ან გალაკტიონ ტაბიძის უკანასკნელი ნახტომი მარადისობისაკენ ესენინისა და მაიაკოვსკის მიერ საკუთარი ხელით თავში დახლილ ტყვიას? განა ისევე არ მოჰკითხეს იაგოდას, ეჟოვს, აბაკუმოვსა და დიუმილს ცოდვები, როგორც ბერიას, გოგლიძეს, რაფავასა და რუხაძეს? თუ ჩვენთვის ვაშენებდით, თქვენთანაც შენდებოდა, თუ რისამე სინაკლებეს განიცდიდით, ჩვენც განვიცდიდით. თუ გეგმებით გტვირთავდნენ, ჩვენც ვიტვირთებოდით, თუკი რამ გეკრძალებოდათ, იგივე ჩვენც გვეკრაძალებოდა.

მერაბ კოსტავას ხელნაწერი (32-33 გვ.), „გზა ჭეშმარიტებისა“, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი | ნეტგაზეთი

მაშ, რას გვემართლებით! რაც იმჟამად სახელმწიფოში ხდებოდა, ინიციატორები ხელისუფლების სათავეში მდგომი ქართველებიც იყვნენ და თუ რამ არ მოგწონთ, მათაც უნდა მოჰკითხოთ. მაგრამ ზადს თუ ხედავთ, კარგს რატომ ვერ ამჩნევთ? მოკავშირეობამ არ უზრუნველყო ხანგრძლივი მშვიდობა მოცემულ რეგიონში, ხოლო მშვიდობამ – მეცნიერებისა და კულტურის მძლავრი აღმავლობა, აღმავლობა კერძოდ ეროვნული კულტურებისა? განა ჩვენს დროში არ იქცა აგრარული საქართველო ინდუსტრიულ ქვეყნად? არ გაფართოვდა, არ აშენდა და არ დამშვენდა მისი სოფლები და ქალაქები? როდესმე ყოფილა განათლების სისტემა თქვენში ეგზომ ძალუმი, ქმედითი და ყოვლის მომცველი? რამდენი ინსტიტუტი და სპეცსასწავლებელი გაიხსნა ქართველებისათვის და, რაც მთავარია, მოგეცათ საშუალება საკუთარი, ქართული მეცნიერებათა აკადემიის დაარსებისა, რაიც XII საუკუნის შემდეგ არ გღირსებიათ. და ან გყოლიათ როდესმე ამდენი მეცნიერი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი ნებისმიერი დარგისა? განა არნახული აღორძინება არ განიცადა ჩვენს დროში ქართულმა ლიტერატურამ და ხელოვნებამ, და ან შეგიძლიათ დღეს დაგვაყვედროთ მის მიმართ მცირე ინტერესი, ან გულგრილობა? თითქმის მთლიანად არ ვთარგმნეთ ძველი და ახალი ქართული კლასიკური ლიტერატურის უმთავრესი ნიმუშები? განა ყველანაირად არ ვუწყობთ ხელს ქართული ხელოვების საერთაშორისო ასპარეზზე გატანას? სხვა რა ვიღონოთ? რა მოვიმოქმედოთ თქვენდა საამებლად? და ან საყვედურები რა გზით ავიცდინოთ? იქნებ ეგოდენი არაკეთილ განწყობა და უმადურობა ეს შენივე ბუნებიდან მოდის? ეგებ შენ და შენნაირები საკუთარ ბოღმას ვერ მორევიხართ და მიზეზს ეძებთ, როგორმე ბალღამი ჩვენზე გადმოანთხიოთ? თუ ასე არ არის, მაშ გეორგიევსკის ტრაქტატის ორასი წლის თავზე, ჩვენ რომ ვზეიმობთ, ნაგავში რატომ იქექებით? რატომ აღნიშნავთ მხოლოდ ზადს და კარგის დანახვა არ გსურთ? რატომ ამუქებთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიას?“ ამის მთქმელს ამგვარ პასუხს დაუბრუნებ:

არც ჩემი ერი, არც მე, საკუთარი ბედის მგმობელი აროდეს ვყოფილვართ, არამედ შავს ბედთან მებრძოლი ვიყავით მუდამ. ამიტომ უცხოა ჩვენთვის ბოღმის ნთხევა და ქექვა ნაგვისა. მაგრამ თუ ჩვენი ერების ურთიერთობის გახსენებისას როდესმე ნაგვისათვის ფეხი წამოგვიკრავს, მერწმუნე, იგი არც მე, არც თვისტომთა ჩემთა არ დაგვიყრია. სურათი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისა არაოდეს გაგვიმუქებია, არამედ შესაძლებელზე მეტად გაგვიბაცებია, კარგი სანთლით გვიძებნია და ზოგჯერ ცუდშიც კარგის დანახვას ვცდილვართ. ასე რომ ზადი არ აღგვინიშნავს დადებითთან შეუწონასწორებლად, რადგან ისიც ვიცით, რომ წუთისოფლად წარმოუდგენელია ზადი კარგისა და კარგი ზადის გარეშე. ამდენად ვეცადეთ სიმართლეს არ განვდგომოდით. ამაოდ გვაბრალებთ რუსებისადმი არაკეთილგანწყობას. ჩვენი რუსებისადმი კეთილგანწყობა გეორგიევსკის ტრაქტატამდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. ჯერ კიდევ მითოლოგიურ ხანაში კოლხეთის მეფე აიეტი და სკვითეთი კარგ დამოკიდებულებაში ყოფილან. ოდეს საქართველოს სამეფოს დიდება გაბრწყინდა, ჩვენ, უგანათლებულესი ევროპელი იმპერატორის, ფრიდრიხ მეორის ვაჟს რუსი უფლისწული გიორგი ვამჯობინეთ და ქმრად დავუსვით ვის? თვით დიდ თამარს! მაგრამ ვერ ივარგა მან ვერც მეფედ, ვერც მეუღლედ და უმსგავსობათა მისთა გამო განაქორწინეს იგი, რის გამოც დაიკარგა ბრწყინვალე შესაძლებლობა რუსეთსა და საქართველოს შორის მცხოვრები წარმართი ხალხების გაქრისტიანებისა, რისთვისაც ფრიად იღწვოდნენ იმჟამად ქართველები. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, თურქეთისა და სპარსეთის პირისპირ ეულად შთენილმა დანაწევრებული საქართველოს სამეფო სამთავროებმა, განსაკუთრებით კახეთის, ხოლო შემდეგ ქართლის სამეფომაც, რამდენიმე გზის შეჰფიცა რუსეთს ერთგულება და ხელმწიფეს მისას ჯარი სთხოვა ხელის მოსამართად. კახეთისა და ქართლის მეფენი თავადაც წასულან სარუსეთოდ საქმის დასაჩქარებლად. მიზანი მათი გახლდათ ერთმორწმუნე რუსეთის დახმარებით შეუვალად ქცევა საქართველოს საზღვრებისა და არამც და არამც საქართველოს თუნდაც ცალკეულ სამეფო-სამთავროთა მოშლა და რუსეთის სამეფოსთან შეერთება. რუსეთთან მეგობრობის მაძიებელთ ქართველ მეფეებს გულს ლახვრად დაესობოდა საიდუმლო ბრძანება პავლე პირველისა და ალექსანდრე პირველის მანიფესტი, რადგან სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საზღაურად როდი ეძებდნენ ისინი მეგობრობას. ასე რომ, აროდეს დაგვიბრალებია რუსებისათვის იმაზე მეტი, რაც დაიმსახურეს და არც საბჭოეთის ოდესღაც საჭეთმპრყობელი ქართველების ცოდვა და ნაკლი მიგვიწერია მათთვის, მაგრამ ისიც იცოდეთ: სწორედ იმ ქართველებმა, განსაკუთრებით იმან, ვის სახელსაც ხშირად სამშობლოს ვუტოლებდით, შეაკავა მასა ქართველებისა და ააღებინა ხელი უკიდურესი ზომების მიღებაზე, ანუ სახალხო ომის წარმოებაზე 1921 წლის ამბების საპასუხოდ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, მისი შემადგენლობა ძირითადად ქართულია და ამდენად შეიძლება ეროვნული ეწოდოს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს არცერთი ცკ-ს პირველი მდივანი, ანუ რესპუბლიკის ყველაზე უფრო უფლებამოსილი პირი თავის პოსტზე არ მომკვდარა. მას მუდამ მოსკოვი ნიშნავდა, მოსკოვი ხსნიდა ან გადაჰყავდა რუსეთში სხვა თანამდებობაზე. კიდევ კარგი, რომ ქართველს მაინც ნიშნავდა და ამ მხრივ საყვედური არ გვეთქმის. მაგრამ სულაც რომ არ შევადაროთ ეს ამბავი ოდესღაც ირანის შაჰების ჩარევას საქართველოს სამეფო ტახტის საქმეებში და ობიექტურიც რომ იყოს მოსკოვის არჩევანი, ის ხომ მაინც ფაქტია, რომ თბილისი და თავად საქართველო არ ირჩევს უფლებამოსილ პირს რესპუბლიკის ყველაზე პასუხსაგებ თანამდებობაზე? გონების თვალი იმდენად არ დაბლაგვებია ქართველობას, ეს რომ ვერ დაინახოს. იმასაც ვხედავთ, ერთნაირად რომ უვლიან დუმილით გვერდს ზემოხსენებული რუსი და ქართველი მოღვაწეების სიკვდილის მიზეზსა და აღმნიშვნელ თარიღს ბიოგრაფები, მაგრამ სწორედ ეს დუმილია შემაშფოთებელი, რადგან მოწმობს, რომ ისევ და ისევ ვერ შეუგნიათ ჩვენში ან არ სურთ შეიგნონ საშინელება იმ ამბებისა, მრავალი ღირსეული ადამიანი რომ იმსხვერპლა. მრა ვალისათვის ჯერ კიდევ ვერ იქცა გაკვეთილად ის სამაგიერო, იმ საშინელებათა დამმართებლებს რომ დაატყდათ თავს. საქართველო მოაზროვნეთა და როგორც წეღან მიგვანიშნეს, მაღალი კულტურისა და განვითარებული მეცნიერების ქვეყანაა. მაგრამ ეს მარტოოდენ ხანგრძლივი მშვიდობიანი ცხოვრების შედეგი როდია. მშვიდობიანი ცხოვრება ცალი მხარეა მედლისა. მთავარი კი ის გახლავთ, რომ ქართველი კაცი მშვიდობიანობისას ისევე მარჯვედ ხმაროს კალამს, ფუნჯსა და გუთანს, როგორც მახვილს ომიანობის დროს. როგორ უნდა მოსცარვოდა მეცნიერებაში ხელი საქართველოს, როდესაც თავად მეცნიერება გლობალური ფენომენია, ვერ თავსდება ერთი ერისა თუ სახელმწიფოს ჩარჩოებში და ვითარდება მხოლოდ მსოფლიოს მეცნიერთა გამუდმებული კოორდინირებული მოქმედების შედეგად? მსოფლიო მეცნიერული აზროვნების ერთიან ქსელში ჩართულმა ქართველმა მეცნიერებმა კიდეც შესძლეს აეღორძინებინათ ჩვენში მეცნიერების ის დარგები, რომელთა განვითარების საშუალებას საქართველო იძლევა. გარდა ამისა ერთპარტიულობა და ერთი იდეოლოგიის დიქტატი, რამდენადმე რომ აფერხებს ჩვენში სიტყვის თავისუფლების საქმეს, ვნებას არ აყენებს სწავლა განა- თლების სისტემას, რომელიც იმდენად დემოკრატიზებულია, რომ ნებისმიერს ეძლევა საშუალება თავისი ნიჭის, სურვილისა და სიბეჯითის შესაბამისი განათლების მიღებისა, რაც ერთობ საიმედო ბაზისია მეცნიერებისა და კულტურის განვითარებისათვის. მაგრამ მეცნიერებით, მითუმეტეს თანამედროვე მეცნიერულ ტექნიკური გიგანტიზმით მხოლოდ აღფრთოვანება და ვერ დანახვა იმ უფსკრულისა, საითკენაც იგი კაცობრიობას მიაქანებს, სრული სიბეცეა და სხვა არაფერი. ეს გიგანტიზმი გამოიწვია ორი სისტემის მკვეთრმა დაპირისპირებამ მსოფლიოში, ორივემ ერთად კი ურთიერთდაპირისპირებული, ჯერ არ ნახული მასშტაბით სამხედრო კოალიციების შექმნა. განა ორი სისტემის ანტაგონიზმმა არ წარმოშვა გამუდმებული შიში, უნდობლობა, ფარული თუ აშკარა შეჯიბრი შეიარაღებაში? (ასეა, როდესაც ერთი მეორის მესაფლავედ, ან მისი მესაფლავის ქომაგად მიიჩნევს თავს). ამ უკანასკნელმა კი გიგანტური ნახტომი ტექნიკის განვითარებაში, რადგან ისიც ცნობილია, რომ წარმოების საშუალებათა წარმოების, ან დაზგათმშნებელობის და ენერგიის წყაროთა მოპოვებისა და გამოყენების პრინციპი ერთიდაიგივეა, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ტექნიკის სფეროში. ხოლო რაც შეეხება გამოგონების დაჩქარებას და მისი რეალიზაციის ციებ-ცხელებას, აქ სამოქალაქო ტექნიკა ახლოსაც ვერ მოვა სამხედრო ტექნიკასთან. გამოდის, რომ მეცნიერულ-ტექნიკური გიგანტიზმი ნაწილობრივ შიშის, უნდობლობისა და სიხარბისაგან გამოწვეული ნახტომი ყოფილა, სავალალოა, რომ მეცნიერულმა აზროვნებამ ბევრად გაუსწრო ადამიანთა საზოგადოების მორალურ განვითარებას, რამაც დედამიწა შემზარავი კატასტროფის, გამოფიტვისა და განადგურების წინაშე დააყენა. და ამ ამბავს ღორისა და მუხის იგავის გარდა ვერაფერს შეადარებ. მაინც რა გვეჩქარება? ვინ მოგვდევს? განა მარადისობა ჩვენი არ არის? თუ ეს ტემპები გამოწვეულია სურვილით ურთიერთს გადავასწროთ, რათა უკეთ დავჯაბნოთ მოწინააღმდეგე და ამით უზრუნველვყოთ საკუთარი უსაფრთხოება თუ კეთილდღეობა? განა უმჯობესი არ იქნება ზომიერი ტემპის აღება, დედამიწის რესურსთა დაზოგვით გამოყენება, შეწონასწორება მეცნიერულ- ტექნიკური პროგრესისა ადამიანთა საზოგადოების მორალურ განვითარებასთან, ყურადღების გამახვილება უფრო უფლებრივ, ეროვნულ და ჰუმანისტური ხასიათის სხვა პრობლემებზე? ნებისმიერი პროგრესი, თუკი იგი ნაადრევია, ბოროტების სამსახურში დგება. ცხადია, შემეცნების სფეროში დაბრკოლება არ უნდა არსებობდეს, მაგრამ მეცნიერულ-ტექნიკური გიგანტიზმი დაუშვებელია, ვიდრე დედამიწაზე არსებობს სოციალურ სისტემათა დაპირისპირებით გამოწვეული გლობალური მასშტაბის ანტაგონიზმი. ძირეული საკითხიდან ასე არ გადავუხვევდით, მრავალი დიდი და პატარა ერის მსგავსად საქართველოც რომ არ იყოს ჩათრეული მსოფლიო კონფლიქტის ციებ-ცხელებაში. მეტად თუ ნაკლებად, პირდაპირ თუ ირიბად დღეს არც ერთი არაა დაზღვეული ამგვარი თავსატეხისაგან.

ახლა კი ჩვენი ეპოქის ქართული კულტურისათვის ვთქვათ ორიოდე სიტყვა, უფრო სწორედ ზრდილობიანი პასუხი გავცეთ ჩვენთან მოსაუბრე რუს მოქალაქეს. რაც მან ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, აგრეთვე მის რუს დამფასებლებზე თქვა, თითქოს კომენტარს არ უნდა საჭიროებდეს. მაგრამ ერთი ესეც ვიკითხოთ, ქართველებმა უნდა დააფასონ მსოფლიო ხალხები რუსთაველის დაფასებისათვის, თუ მსოფლიოს ხალხებმა საქართველო რუსთაველის, ისე ვით საბერძნეთი ჰომეროსის, ინგლისი შექსპირის, გერმანია გოეტეს, რუსეთი ტოლსტოის გამო? ქართველმა ხალხმა თუ დააფასა ყველა მაღალი თუ საშუალო რანგის რუსი მწერალი, ხელოვანი თუ მეცნიერი, რომელსაც რაიმე დაუწერია ან გამოუთქვამს საქართველოზე, ან უთარგმნია ქართველ მწერალთა საუკეთესო ქმნილებები, დააფასა როგორც მხოლოდ ღირსეულის დამფასებელი, ხოლო ნამდვილი საზღაური ჩვენი რუსი დამფასებლების მიმართ ყოველივე იმის დაფასებით გაგვიღია, რუსული კულტურის ღირსებას რომ წარმოადგენს. ისე კი ჩვენს კულტურას თავზე არავის ვახვევთ და არც ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს საჭიროებს იგი, რადგან ისიც ვიცით, თვალზე ხელის ამფარებელი ბევრიც რომ აღმოჩნდეს, ზეაწვდილი ჩირაღდანი ბნელს მაინც განანათებს. როდესაც ქართული კულტურისადმი რუსების ყურადღებისათვის ვსაუბრობთ, მხედველობიდან არ გვრჩება ის ამბავიც, რომ რუსული ქართველოლოგია ჯერჯერობით ახლოსაც ვერ მოდის რუსულ ბერძენოლოგიასთან. ლათინოლოგიასთან, გერმანოლოგიასთან, ანგლოლოგიასთან და თუნდაც ქართულ რუსულოგიასთან. რუსებმა ჯერ საქართველოს ისტორიაც კი არ იციან ხეირიანად. ამ ხნის მანძილზე განა არ უნდა ეთარგმნათ რუსულად და გამოეცათ „ქართლის ცხოვრება“, ისე ვით თარგმნეს ოდესღაც ჰეროდოტეს, ქსენოფონტეს, თუკიდიდეს ტაციტის, პლუტარქეს და სხვათა ისტორიული ქმნილებები? მე, ეროვნებით ქართველმა, როცა მეგონა სამშობლოს ჩემსას კარგად ვიცნობდი, ხელახლა აღმოვაჩინე იგი, როდესაც „ქართლის ცხოვრება“ წავიკითხე. ქართულ მწიგნობრობაში „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ თავისი მნიშვნელობით მას ვერც ერთი წიგნი ვერ შეედრება. ქართველი მემატიანენი არც აღწერის სტილით, არც დასკვნების ობიექტურობით და არც ისტორიულ მოვლენებში წვდომის სიღრმით არაფერს დაუთმობენ ანტიური ხანის ისტორიული მწერლობის მოჰიკანებს და ამას ყოველგვარი მიკერძოებისა და ეროვნული ქედმაღლობის გარეშე ვამბობ. განა მარტოოდენ ქართველებმა უნდა ვიცოდეთ არგვეთის ერისთავების, ცოტნე დადიანის, იოთამ ზედგენიძის, შანშე ქსნის ერისთავის, ბიძინა ჩოლოყაშვილის, ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავების, დემეტრე თავდადებულის, ქეთევან დედოფლის, თევდორე მღვდელის, ვახტანგ გორგასლის, თორნიკე ერისთავის, დავით აღმაშენებლის, თამარის და სხვათა სიქველის ამბავი, გასაოცარი ქმედებანი, ზნეობრივი სრულქმნილებით ეროვნულ ფარგლებს რომ სცილდებიან? რომელი ეროვნების ადამიანს არ შესძრავს საკვირველი ცხოვრება დავით ულუსი, და ან შექსპირის კალმის საკადრისი ცხოვრებისეული ტრაგეგია რუსუდან დედოფლისა, თეიმურაზ პირველისა და გიორგი სააკაძისა? ხალხების წარსულს მხოლოდ იგი არ აგდებს აინუნში, ვინაც არ უწყის, რომ ისტორია ადამიანური ყოფის საიდუმლოებათა წვდომაა, რომ იგი ყველაზე აქტიური ადამიანების ბიოგრაფიათა ურთიერთგამსჭვალვაა, სურათი როგორც მაღალი იდეალების, ასევე ეგოისტური სურვილების ცხოვრებაში რეალიზების მცდელობისა და აქედან გამომდინარე სიკეთისა და ბოროტების უკომპრომისო წადილისა, სკივრი ზნეობის უთვალსაჩინოესი მარგალიტებისა, ზნეობათა ჭეშმარიტი კიბე სიკეთის ბოროტებაზე მორალური გამარჯვების წარმომჩენელი. ისტორიისადმი სიბრმავე და სიყრუე მას დამართნია, ვისაც ვერ გაუგია, რომ ნებისმიერი სოციალური წარმომავლობა მხოლოდ ნიღაბია ადამიანის უკვდავი სულისა, ვისაც არ განუცდია დიდი ხნის წინათ გარდაცვლილ აჩრდილებთან მეგობრობა, რომელიც ზოგჯერ თანამედროვეებთან მეგობრობაზე უფრო სულიერია, ღრმა და ინტენსიური, რადგან ამგვარ ურთიერთობაში გამორიცხულია ლექი ცხოვრებისეული წვრილმანებისა. დიახ, თავისუფალი, სულზე ბორკილდაუდები ინდივიდუალობებისათვის, თუკი მათ როდესმე დედამიწაზე უცხოვრიათ, აღარ არსებობს დრო. მათი მეშვეობით ისტორია ნიადაგ მოქმედებს ადამიანებზე. სულისშემძვრელია ეგ ზემოქმედება, რადგან მათი სახით ოცნებაში ადამიანები საკუთარ თავსაც ხედავენ, ოღონდ სულზე ბორკილების გარეშე. დიახ, ისტორიის ზემოქმედება ადამიანთა ქვეცნობიერებაზე მსოფლშემეცნების უმნიშვნელოვანესი ობიექტია და მრავალ საიდუმლოებას ჰფენს ნათელს. ამავდროს იგი ხალხებს შორის ჭეშმარიტი სიმპატიის გამღვივებელიცაა. განა კიროსის ბრწყინვალე პიროვნებამ არ დააძლევინა ოდესღაც ბერძენ ქსენოფონტეს სპარსელებისადმი ანტიპატია, ან ჟანა დ’არკს, ოდესღაც ინგლისელების რისხვას, ინგლისელები იმგვარადვე არ სცემენ პატივს ამჟამად, როგორც ფრანგები? დღეს რომ ქართველი ლეკს ხვდება, შამილი არ ახსენდება უპირველეს ყოვლისა, ვიდრე ის სისხლის ღვრა, ოდესღაც ქართველებსა და ლეკებს შორის რომ მომხდარა? ჭეშმარიტი მოტივი ბაირონის საბერძნეთში გამგზავრებისა, თურქთა წინააღმდეგ მებრძოლი ბერძნების დასახმარებლად, ან მიზეზი ვოლტერის და სხვა ევროპელთა შეშფოთებისა დამონებული საბერძნეთის ბედ-იღბლისათვის, იმჟამინდელი საბერძნეთის სიმპათია როდი ყოფილა, არამედ ჰომეროსის, სოლონის, მილტიადეს, თემისტოკლეს, ჰერაკლეს, ლეონიდეს, დემოსთენეს, ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს, ლიკურგეს და სხვათა და სხვათა საბერძნეთისადმი სიმპათია. თითქოს დავიწყებულის ანაზდეულ გახსენებასავით ამოფრქვეული ძველისადმი სიმპათია მათ ქვეცნობიერად ახალ საბერძნეთზე გადმოჰქონდათ, რომელსაც თითქმის აღარაფერი ჰქონდა საერთო წარსულთან და ან ისევ ძველმა საბერძნეთმა არ აღანთო და განაზრახნა ტროას საძებნელად გასაოცარი ინდივიდუალობა შლიმანისა? საბერძნეთს, ძველსა და გარდასულს, დღესაც გაცილებით მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე ახალსა და თანამედროვეს და იმ ძველისადმი სიმპათია უნებურად ახალზეც ვრცელდება. ისტორია გვასწავლის მარადიული ღირებულებების შეცნობას, თუ რა უნდა გავიხადოთ სამაგალითოდ, ან როგორ უნდა ვეძიოთ, ვპოვოთ და დავაფასოთ ღირსებანი თანამედროვეთა შორისაც. რადგან ვერ განიშორებ შურისა და მეტოქეობის ჟანგს, თუ კეთილგანწყობისა და პირუთვნელობის უნარს გარდასული დროის სიქველეთა ემბაზში განბანით არ მოიპოვებ. გარდაცვლილთა შორის ღირსებათა ვერ მპოვნელი, ვერც თანამედროვეთა შორის დაინახავს მათ. ხორციელთა ღირსების ვერ დამფასებელი კი ამაოდ ნუ ეცდება ზესიმწყობრთა მწყობრისად შერთვას. ასეთია მომნუსხველი ძალა ისტორიისა და ამადაც შეგვტკივა გული ჯუანშერის, დავითისა და თამარის ისტორიკოსების ჟამთააღმწერელის, ეგნატაშვილისა და ვახუშტის ქმნილებებისათვის, ჯერჯერობით მხოლოდ ქართველთა საკუთრებად რომ შთენილან. მათი გაცნობა უთუოდ ბევრ ნაღდ მეგობარს შესძენდა საქართველოს. დროა რუსებმაც ყურად იღონ ეს ამბავი, გაითავისონ ჩვენი წარსული, არა იმიტომ, რომ ახლის იმედი გაგვცუდებია, ღრმად შეიმეცნოს საქართველოს ერის სული, ძველსა და ახალ საქართველოს რომ ამთლიანებს. თვალი უსწორონ იმ საგანძურს, ცხვირწინ რომ უდევთ და ვერ ხედავენ. ნეტა, თუ ეყოლებათ მათ როდესმე სპეციალისტები ქართული ენისა, რომელთათვის მისაწვდომი გახდება ოკეანე ქართული ისტორიული, ლიტერატურული და მეცნიერული მასალებისა გინდაც სათარგმნელად, გინდაც მეცნიერული კვლევისათვის? ჩვენში საბჭოეთის კულტურასთან ხალხთა ენების შემსწავლელი ინსტიტუტების დაარსებაც კი ვერ მოუფიქრებიათ უცხო ენათა მსგავსი. ამგვარი ინსტიტუტების დაარსება რესპუბლიკებში აამაღლებდა ინტერესს არარუსი ხალხების ენისა და კულტურისადმი და რუსულისადმი ინტერესთან შეაწონასწორებდა მას. შეიძლება ბევრს არ მოეწონოს პირდაპირობა ჩემი ნათქვამისა, თუმცა შესაძლებლობისდაგვარად აღვირს ვუმოკლებდი მოზღვავებულ სათქმელს. აღშფოთებას, გახელებული ბედაური მაინც ვერ დავაოკე, თუმცა მოთმინების სადავეებმა ხელები დამაწყვიტა. შესაძლოა მრავალს ზოგიერთი საკითხის გამომზეურებაც არ ესიამოვნოს, რომელთა ირგვლივ მათის აზრით დუმილი და წყვდიადი უნდა იყვეს გამეფებული. გარდასული დროის ფაქტები იმისთვის როდი გავაშიშვლე, რომ წინაპართა ცოდვები ამჟამად მცხოვრებ რუსებს დაბრალდეთ, რადგან ისიც ვიცი, რომ ისტორიისადმი ამგვარი მიდგომა სისხლის აღების წესზე უარესია. ღამერწმუნეთ აღშფოთება ჩემ მტრობას როდი ნიშნავს, როდი ნიშნავს სურვილს რუსეთი როდესმე ხელმოცარული, ან ქედმოხრილი ვიხილოთ და ამით გული მოვიოხო, არამედ პირიქით, ვიხილო რუსეთი მართალი, თავმდაბალი, სიტყვის და საქმის გამაიგივებელი, უაღრესად ზნეკეთილი და მორალურად ძლიერი, რადგან მის ფიზიკურ ძლიერებაში ეჭვი არავის ეპარება. ნურავინ დაგვემდურება და თუ რამ არ მოგვწონებია, ან მომავალში არ მოგვეწონება, თავს როდი მოვიკატუნებთ, არამედ მოყვრულადვე პირში გიძრახებთ, რადგან უსიამოვნო სიმართლე სჯობს საამო სიცრუეს. გულში ჩაგუბებული სათქმელი ბოღმად რომ არ იქცეს, ამიტომ კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ, თუ რამოდენიმე პილპილმოყრილი სიტყვით მივმართე ჩვენს რუს მოკავშირეებს. საყოველთაოდ ცნობილია გასაბჭოების შემდეგ საქართველოში ქართული ჯარის ნაწილების არსებობა. მეორე მსოფლიო ომის წლებში ქართული დივიზიები იბრძოდნენ ფორნტზე და არც თუ სხვებზე ნაკლებად. ეს იყო ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი საბჭოური ეროვნული პოლიტიკისაგან. 1956 წლის 9 მარტის ამბების შემდეგ, რატომღაც სავსებით გააუქმეს ეროვნული ჯარის ნაწილები. რაშია საქმე? აღარ გვენდობიან, თუ ქართული ან სხვა ენები გამოუსადეგარია სამხედრო საქმისთვის? თუ მოძველდა გეორგიევსკის ტრაქტა- ტის ის დებულება, სუვერენულობის ამ ატრიბუტსაც რომ ჰგულისხმობს? მავანმა სამხედრო სპეციალისტმა შესაძლოა შეგვისწოროს, მიგვანიშნოს ამ საკითხში ჩვენს არაკომპეტენტურობაზე და დასძინოს, რომ ამგვარი ცვლილებები განაპირობა დღევანდელი სამხედრო სპეციფიკის თავისებურებამ. რომ სამხედრო ტექნიკის სწრაფმა განვითარებამ და დღევანდელმა საერთაშორისო ვითარებამ განაპირობა ერთობ სწრაფი და ფართე მოქმედების არმიათა შექმნა, ჯარის სხვდასხვა სახეობათა შერწყმა, მართვის ცენტრალიზება და სხვადასხვა შენაერთთა ერთი წარმმართველი მიზნისადმი დაქვემდებარება, რომელთა წარმატება შესაძლოა თითოეულმა წამმაც კი განაპირობოს. ასე რომ, საჭიროა ერთობ სწრაფი, რთული ტექნიკური ცოდნით აღჭურვილი და კოორდინირებული მოქმედება ამ სირთულეთა გასაიოლებლად კი სასურველია ერთენოვანება არმიაში და რუსულ, როგორც სხვადასხვა ეროვნებათა დამაკავშირებელ ენაზე უკეთ, ამ ფუნქციას ვერც ერთი სხვა ენა ვერ შეასრულებს. გამოდის, რომ ვიდრე მსოფლიოში დაძაბულობა იქნება, ამგვარი არმიების საჭიროება არ მოისპობა. მაგრამ ვის შეუძლია კაცთაგან დრო განუსაზღვროს რაიმე ვითარების ხანგრძლივობას დედამიწაზე. ამადაც მსოფლიო პოლიტიკური ტაროსის ცვალებადობა არ უნდა განაპირობებდეს საქართველოში ქართული ჯარის ნაწილების ფორმირების საქმეს.

არც სამოქალაქო ცხოვრების სფეროში ყოფილა ყველაფერი წესრიგში. ამ საუკუნის 70-იან წლებში იყო მცდელობა ქართული სკოლებისა და უმაღლეს სასწავლებლებში ზოგიერთი საგნის რუსულად სწავლების შემოღებისა. მაგრამ ქართული საზოგადოების აღშფოთების გამო ეს ღონისძიება ვერ განხორციელდა. აღშფოთება სამართლიანი იყო. გაკვირვებას იწვევს იმ პირთა წრეგადასული კადნიერება, ვის გულსა და გონებაშიც ამგვარმა განზრახვამ დაიბუდა. დაუშვებელია ამის გამფიქრებელი ქართველი ყოფილიყო. მაგრამ ნუთუ დღეს რუსებს შორის ისეთნიც არიან, რომელნიც ფიქრობენ, რომ რუსული ენა რითიმე აღემატება ქართულს, ან საქართველოში ქართულის მაგიერ რუსულის შემოღებით რაიმეს შეჰმატებენ რუსეთს? ქართველმა ხალხმა პროტესტის გამოხატვით ჩაიდინა ის, რასაც მის ადგილზე, ალბათ, რუსებიც გააკეთებდნენ. თუკი ვინმეს ქართული ენის ღირსებაში ეჭვი ეპარება, ვურჩევთ გაეცნოს დიდი მეცნიერების მარი ბროსეს, ნიკო მარისა და ლოსევის აზრებს ამ ენის შესახებ. ქართული ენა მარტოოდენ შეიარაღებისათვის როდია ვარგისი, არამედ ფილოსოფიისა და ნებისმიერი მეცნიერებისთვისაც. კარგად ვიცით, რომ მომავლის ადამიანი თანაბრად უნდა სწვდებოდეს როგორც მხატვრულ, ასევე მეცნიერულ სფეროებს, რაიც აუცილებელია სამყაროს სრულყოფილი შემეცნებისათვის. ჭეშმარიტება რთულია და ანდრეი ბელის ფრთული გამოთქმისა არ იყოს, თავად უნდა იყო მრავალძალი (მრავალსიმიანი), რომ შეგეძლოს მარადისობის საკრავზე დაკვრა. ამგვარი უნივერსალიზმის ეტალონები წარსულში იყვნენ ლეონარდო დე ვინჩი, გოეტე, ლომონოსოვი, რუდოლფ შტაინერი და სხვა. მაგრამ ისინი მხატვრულ, ასევე მეცნიერულ ქმნილებებს მშობლიურ ენაზე ქმნიდნენ, რადგან უწყოდნენ ნებისმიერი ენის განუყოფლობისათვის, თავისივე თავში რომ ამთლიანებს ცხოვრებისა და საქმიანობის პოლარულ მხარეებს. და არც თუ ვინმე აძალებდა მათ სხვაგვარად მოქცევას. ქართული ენა გამონაკლისი არ გახლავთ და ამიტომ ჩვენი სამართლიანი და შეუმუსრავი სურვილია ქართული მეცნიერება ქართულის ბაზისზე იქმნდებოდეს და ქართულსავე ენას ამდიდრებდეს. ქართველი მოსწავლე და სტუდენტი საქართველოში ქართული სახელმძღვანელოების მეშვეობით უნდა ითვისებდეს ნებისმიერ საგანს და ამას მარტოოდენ ფორმალური მნიშვნელო- ბა როდი გააჩნია, არამედ უაღრესად მორალურიც. უფრო დიდი და შორეული მიზნებისათვის არავისთვის დაუშლიათ ჩაღრმავება თუნდაც რუს, გერმანელ თუ ინგლისელ მეცნიერთა ნაშრომებში და თუ საქმისათვის საჩქაროა საკავშირო ასპარეზზე გატანა, რომელ ქართველ მეცნიერს გაუჭირდება რუსულადაც გამოსცეს თავის ნაშრომი? ინტერნაციონალურ სულისკვეთების ამაღლებას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ერთენოვანების შემოღება და მშობლიური ენის უგულებელყოფა როდი იწვევს. ზეეროვნულობისა და ინტერნაციონალიზმის საფუძველი არა ენის, არამედ აზრის ფენომენში უნდა ვეძიოთ. რადგან აზრის ჭეშმარიტად ზეეროვნული ბუნებისა, ნებისმიერ ენაზე გამოხატვისას მყარი და უცვლელი არც მარტოოდენ აზრია ზეეროვნულობის საყრდენი. ისე ვით ერთია ნებისმიერი ეროვნების ადამიანისათვის სამყარო სიზმრებისა, მითოლოგიური ეპოქიდან დღემდე ასევე ზეეროვნულია ენა სიმბოლიკისა, რისთვისაც ღაღადებს სიმბოლური ანბანის, სიმბოლურ-ხატოვანი ნიშნების გარკვეული იდენტურობა სხვადასხვა ხალხებთან, ზეეროვნულია ენა მუსიკისა და მათემატიკისა, მშვენიერება სახვითობისა და ფერწერისა ხელოვნებაში. არის ამ ქვეყნად რაიმე სიქველეზე ან ამაღლებულ სიყვარულზე ზეეროვნული, რომლის წინაშე ყოვლად უსუსურია გამთიშველი ძალა ნაციონალური, რასობრივი და წოდებრივი ანტაგონიზმისა? ზეეროვნულია ლაჟვარდოვანება ცისა და ელვარე ვარსკვლავეთი, თავად სიკვდილი და უკვდავება სულეთში. აი, სად უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტი საფუძველი ინტერნაციონალურობისა და კოსმიური მოქალაქეობის და არა ერთენოვანების დანერგვის ცდაში.

მერაბ კოსტავას ხელნაწერი (42-43 გვ.), „გზა ჭეშმარიტებისა“, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი | ნეტგაზეთი

ქართული ენა ჩვენთვის ოდითგანვე წმინდათა წმინდას და ცხოვრების ნებისმიერ სფეროთა დაუფლების უმთავრეს საშუალებათაგანს წარმოადგენდა. ამადაც დაჭრილი აფთარივით წამოვიმართებით, როგორც კი ვინმე მისი ღირსების ხელყოფას დააპირებს. უმჯობესია თავი დაანებონ ჩვენი სიმტკიცის მოსინჯვას და ნურავინ ეცდება ინტერნაციონალიზმის წმინდა სახელით რუსიფიკაციის შემოტყუებას. ამ საკითხში კომპრომისი არ იქნება.

დღეს ქართულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლების საგნების რუსულად სწავლების საკითხი კი არ უნდა ისმებოდეს, არამედ პირიქით, საქართველოს რუსულ სკოლებში ქართული ენის იმავე დონეზე სწავლების საკითხი, რა დონეზეც ქართულ სკოლებში ასწავლიან რუსულს. დროა საქართველოში მცხოვრები რუსი და სხვა არაქართველი მოსალხეობა იმდენად ფლობდეს ქართულს, რამდენადაც ქართვლეობა ფლობს რუსულს. ამას მათ უნდა ავალებდეთ რესპუბლიკისა და იმ ხალხისადმი პატივისცემის გრძნობა, რომელთა შორისაც ისინი ცხოვრობენ. ენის შესწავლას ვერავის დაავალებ, მაგრამ თუ საქართველოს განათლების უწყება მთავრობის მხარდაჭერით გარკვეულ ზომებს მიიღებს და იმდენივე საათს გამოჰყოფს რუსულ სკოლებში ქართული ენის სწავლებისათვის, რამდენიც ქართულ სკოლებში რუსულს ეთმობა, მაშინ იძულებას ადგილი აღარ ექნება და დატვირთვაც თანაბარი გამოვა. ნუ უყურებენ აგდებით ჩვენს კეთილგანწყობასა და გულისხმიერებას, თორემ ჩვენც ხომ შეგვიძლია ზოგი- ერთი რესპუბლიკის მკვიდრთა მსგავსად დუმილით ვუპასუხოთ, როდესაც რუსულად მოგვმართავენ საქართველოში მცხოვრები არაქართველები? არც ერთი ქართველი არ მოუკლავს რუსული ენის ათვისებას და არც რუსებს დაემართებათ რაიმე ქართულის დაუფლებით. ამ საკითხში დათმობასა და მეტ-ნაკლებობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ამასთან დაკავშირებით მეტიც უნდა გაკეთდეს. არაქართულ მოქალაქეთათვის, დიდი ხნით ან სამუდამოდ რომ გადმოდიან საქართველოში სამუშაოდ და ამიტომ საცხოვრებლადაც, უნდა არსებობდეს ქართული ენის შემსწავლელი კურსები. ქართული ენის ათვისების საქმეში, სხვებისათვის სამაგალითოდ მეტი გულმოდგინება პასუხისმგებელ პირებს მართებთ. ვერაფერმა ვერ უნდა შეუშალოს ხელი საქართველოს დაწესებულებებში, კომიტეტებსა და სამინისტროებში საქმეების ქართულად წარმოებას, სესიების, პლენუმებისა და ყრილობების ქართულად ჩატარებას, რათა დარწმუნდეს ყოველი, რომ ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება არის ფაქტი და არა ფიქცია. ქართველ მწერლებზე მეტად საქართველოს მთავრობა უნდა იცავდეს ქართული ენის ღირსებას. მადლსაც და ზედ მარილის მოყრასაც, მაშინ ექნება ადგილი, როცა საკავშირო მთავრობა თავად განაზრახებს რესპუბლიკის მთავრობას საქართველოს სახელმწიფო საქმეებში ქართული ენის სრული რეალიზაციისათვის.

ქართველი ხალხის გულის მოსანადირებლად ცოტაა საჭირო, მაგრამ ეს ცოტა ამავე დროს ბევრიცაა, რადგან „ქმნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. დროა დაუფიქრდნენ, რადგან ქართველობის სახელმწიფოებრივი შეგნება ამჟამად ისეთ დონეზე როდია, მთელი სერიოზულობით რომ უდგებოდეს ამ საკითხს. გავიხსენოთ ქართველი ხალხის მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია 1978 წლის აპრილის თვეში, რომლის მოწყობა მას იმისათვის დასჭირდა, რათა საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციით საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სახელმწიფო ენად მხოლოდ ქართული ენა ყოფილიყო გამოცხადებული და არა ქართული, რუსული და სსრკ-ს სხვა ენები, კონსტიტუციის პროექტით რომ შემოგვთავაზეს. ეს იგივეს ნიშნავს, თავისი ნამ- დვილი სახელის ნაცვლად საქართველოსთვის რომ დაერქმიათ ერთდროულად საქართველოც, რუსეთიც, ბელორუსიაც, მოლდავეთიც, ყირგიზეთიც და ა. შ. ამგვარი ღონისძიების განხორციელება რესპუბლიკების გაუქმების წინარე, მოსამზადებელ ეტაპს და ეროვნულ სხვაობათა მოსპობის მცდელობას ემგვანებოდა, რადგან იმიტომ როდი ვართ ქართველები, ღვინო და ტყემლის საწებელა რომ გვიყვარს, არამედ იმიტომ, რომ ქართულად ვმეტყველებთ და ქართული სახელმწიფო ვერ წარმოგვიდგენია მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელმწიფო ენის გარეშე. განა მშობლიური ენა სუვერენულობისა და სახელმწიფოებრიობის უფრო მნიშვნელოვან ატრიბუტს არ წარმოადგენს, ვიდრე ეროვნული დროშა, გერბი, ჰიმნი და ა. შ. განა ქართული ეროვნული დროშისა თუ გერბის არსბეობა ამცირებს ჩვენს პატივისცემას სხვათა დროშებისა და გერბებისადმი? ასევე არ აკნინებს, არამედ უფრო ზრდის სხვა რესპუბლიკათა ენებისადმი პატივისცემას, ჩვენი განმასხვავებელი სახელმწიფო ენის არსებობა. და ისე, ვით მარჯვენას თვისას არ მოიკვეთს ქართველი, თუკი მარჯვენა იგი არ აცდუნებს მას, ასევე არ მოიკვეთს იგი საკუთარ სულიდან მშობლიურ ქართულს, ვინაიდან ქართულ ენას აროდეს უცდუნებია იგი, აროდეს მოუგვრია მისთვის მზვაობრიობა, სხვა ენებისადმი პატივისცემის გამნელებელი. დამადასტურებელი ფაქტები სახეზეა: ქართველები რუსულს ქართულზე არანაკლებად ფლობენ, ჩინებულად იცნობენ რუსულ ლიტერატურას და სათანადოდ აფასებენ ამ ენის მხატვრულ ღირსებებს. ჩვენ დიახაც გვესმის, რომ ჯერჯერობით რუსული მთარგმნელობითი ლიტერატურის გარეშე ძნელია ჩვენთვის ფართე კონტაქტის დამყარება მსოფლიო ლიტერატურასთან. თუმცა ამ თვალსაზრისით, ბოლო ხანებში, საგრძნობლად გაუმჯობესდა, გვესმის რუსული ენის საპატიო როლი უამრავ ეროვნებათა შორის ურთიერთობათა დამამყარებლის, რაც სავსებით საკმარისია ამ ენის ღრმა პატივისცემისათვის. რუსულის დასაუფლებლად მშობლიური ენის ათვისებაზე არანაკლები ენერგია გაგვიღია და ამიტომაც ღია კარების მტვრევად მიგვაჩნია, როცა კვლავაც და კვლავაც გვიკიჟინებენ ამ ენის დაუფლების აუცილებლობისათვის, ქართულზე უკეთ ჩვენ მას ვერც და არც შევისწავლით და მშობლიურ ენად რუსულს ვერ გავიხდით. ქართული ენა ქართველთათვის მუდამ უპირველეს ენად დარჩება, როგორც მისი სახელმწიფოებრივ-მოქალაქეობირივი შეგნებისა და კულტურული სახის უმთავრესი გამოხატულება, მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის გამამთლიანებელი.

დღეს, რუსეთ საქართველოს ხელშეკრულების 200 წლისთავზე, საკმაო ღრმა ურთიერთგატანისა და თანამშრომლობისაგან მიღებული გამოცდილების შემდეგ, სასაცილოა იმგვარ რამეზე საუბარი, რაც თავისთავად ცხადი უნდა იყოს. თუ მუდამ და მხოლოდ ქართული არ იქნება საქართველოს სახელმწიფო ენა; თუ საგნებსა და მეცნიერებებს მუდამ ქართულ ენაზე არ დავეწაფებით სკოლებსა და სასწავლებლებში და ქართულ მეცნიერებას ქართული ენის ბაზისზე არ დავაფუძნებთ; თუ ღრმად არ შევისწავლით სკოლებში საქართველოს ისტორიას, როგორც ცალკე საგანს; თუ საქართველოში განლაგებულ სამხედრო ნაწილებში ერთ ქართულ სიტყვასაც ვერ გავიგონებთ; თუ ვერ ავიცილებთ ზემოხსენებულ და სხვა გაუგებრობებს და თამამად ვერ განვაცხადებთ ჩვენი ნებისმიერი უკმაყოფილების მიზეზს, მაშინ რაღა ქართველები ვიქნებით, ან სადღა უნდა ვეძიოთ თავად საქართველო? ეგებ იმას მოვითხოვთ, რასაც ჩვენს ადგილას სხვა არ მოითხოვდა? განა იგივეს, არ მოიმოქმედებდნენ რუსები, ვინმეს რომ განეწესებინა მათ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სხვა რომელიმე ენაზე სწავლება საგნებისა, ან რუსეთის სახელმწიფო ენად რუსულთან ერთად სხვა ენებიც გამოეცხადებინა? მშობლიური ენის პრესტიჟის დაცვის საქმეში მაგალითს ჩვენთვის სწორედ მსოფლიოს ყველაზე კულტუროსანი ხალხები წარმოადგენდნენ. მუდამ სამაგალითონი იყვნენ ჩვენთვის XIX საუკუნის დიდი რუსი მწერლები, რომელნიც იღვწოდნენ რა რუსული ენის მომავლისათვის და მისი სიწმინდის დაცვისათვის, სამართლიანად ილაშქრებდნენ რუსეთის მაღალ საზოგადოებაში დაბუდებული მოდური ფრანგომანიის წინააღმდეგ. ჩვენთვის სამაგალითო იყო რეფორმაციის ეპოქაში გმირული ბრძოლა ევროპის ხალხებისა მშობლიური ენის უფლებებისათვის, ოდეს ლათინური ენის ბორკილებისაგან გამოთავისუფლებით დასაბამი მისცეს საკუთარი ეროვნული კულტურების აღორძინებას. ასე რომ, ვაკეთებდით და მუდამ ვეცდებით იმის გაკეთებას, რასაც მსოფლიოს უგანათლებულეს ხალხთა რჩეული შვილები გვასწავლიდნენ თავიანთი ცხოვრების მაგალითით, ჩვენს დიდ წინაპართა ცხოვრების მაგალითისათვის რომ აღარაფერი ვთქვათ. დიახ, მუდამ შეუპოვარი ვიქნებით საქართველოს უფლებებისა და მისი სახელმწიფოებრიობის დაცვისა და განმტკიცების საქმეში. აწ და მარადის ძირს არ დაუშვებთ ქართული ენის დიდების დროშას. ან რად არ უნდა გავწიოთ ჭაპანი სიკვდილის შვილთათვის ღირსებად შესარაცხი? რაც ჩვენ ოდითგან შევქმენით და დედის ნანასთან ერთად შევი- სისხლხორცეთ, რაც საკუთარი სისხლით გავაპატიოსნეთ, ათას ქარცეცხლში გამოვატარეთ და თვალის ჩინივით შემონახული დღემდე ღირსეულად მოვიტანეთ, რატომ არ უნდა განვამტკი- ცოთ ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფერო- ში? ქედმაღლურად ჩვენი თავი სხვა ერებზე მაღლა არასოდეს დაგვიყენებია და არც სხვებზე მეტ პრივილეგიებს მოვითხოვთ, მაგრამ საქართველო ქართველების საკუთრებაა და სახელმწი- ფოებრივი უფლებების განმტკიცებით საკუთარი მეობის გან- მტკიცება თვითდამკვიდრებისა და პარტნიორთა გულწრფელი დამოკიდებულების ერთადერთ გარანტად მიგვაჩნია, მხოლოდ ამგვარად თვითდამკვიდრებულ პატრიოტებს შორის შეიძლება ნაღდი, უმლიქვნელო მეგობრობა, სადაც ადგილი არ რჩება გულგრილობის, დაფარული აზრებისა და განზრახვებისათვის. მეგობარმა რომ შენს სახლში არც მასპინძლად და არც ძალზე მორიდებულ სტუმრად იგრძნოს თავი, ამიტომ თავად შენ უნდა იყვე შენს ჭერქვეშ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი და ჭეშმარიტი მასპინძელი, უმადურები არა ვართ და არ დავუკარგავთ თუ რამ კარგი გვახსოვს რუსებისაგან, მაგრამ არ დავუთმობთ იმას, რაც არ დაითმობის. ორი ადამიანის მეგობრობა მხოლოდ მაშინ არის იდეალური, ოდეს არცერთის პიროვნული თავისუფლება არ კნინდება. მაგრამ აქ კიდევ დასაშვებია და მოსაწონიც როცა ერთის საკეთილდღეოდ მეორე თავისივე ნებით გაიღებს ხოლმე მსხვერპლად საკუთარ თავისუფლებას. მაგრამ

სახელმწიფო პიროვნება როდია და ამიტომ ორი ხალხის მეგობრობისას, ბრძნულად და გულწრფელად უნდა იქნას განბჭობილი და გააზრებული ურთიერთობის თითოეული დეტალი გამაბრუებელი ქებადიდების გარეშე ერთობლივად წარმოჩენილი და მორალის სასწორზე დადებული წარსულის ყოველი დარღვევა, შეცდომა თუ გატეხილი სიტყვა, რათა შემდგომში მსგავსი აღარ განმეორდეს.

აქ შესაძლოა გაგვაჩერონ და გვითხრან რადგან ზეიმია, კარგი აღვნიშნოთ, მხოლოდ და აუგის გახსენებით გუნებას ნუღარ გავიფუჭებთო. ღმერთმა დაგვიფაროს გუნების გაფუჭებისაგან! ან ვიღა დაუშლის, თუკი ვინმეს ეზეიმება? ან რისა უნდა გვეშინოდეს, თუ სინდისი სუფთა გვაქვს? მაგრამ მოდით გუნებას ნუ გავიფუჭებთ იმის თქმითა და მოსმენით, რაც აუცილებლად სათქმელია და მოსასმენი, რადგან რა დასამალია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღმნიშვნელ თარიღზე მეტად, მისივე შინაარსის ცხოვრებაში რეალიზების ხარისხი გვაინტერესებს. გეორგიევსკის ტრაქტატი იყო და დღესაც რჩება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განსახორციელებელ იდეალად. თუმცა მონარქია და ტახტის მემკვიდრეობით გადაცემის წესი რახანია გადაეგო, მაგრამ ამ ხელშეკრულების შინაარსი ძალაში რჩება ნებისმიერი სახელმწიფოებრივი სტრუქტურის პირობებში, პარტნიორობას სუვერენიტეტის დაურღვევლად აი მისი უბერებლობისა და ვარგისიანობის მთელი ისტორია ამ ტრაქტატის ცხოვრებაში განხორციელებისათვის ბრძოლისა თუ მცდელობის ისტორიაა. და ეს ბრძოლა ჯერაც არ დამცხრალა. როგორც ჩანს, ერეკლე მეორემ, ამ დოკუმენტზე საქართველოს სახელმწიფო ბეჭდის დასმით მზამზარეულად კი არ მოგვართვა მასში გათვალისწინებული ღირებულებები, არამედ მათ მოსაპოვებლად შეუპოვარი ბრძოლა დაგვიბედა. საბოლოო შედეგი ამ ნაბიჯისა მაინც საკმაო ბუნდოვანებით იყო მოცული საქართველოს მეფეებისათვის, მე კი განმიღია კავკასიონის კარიბჭე, უთქვამს გიორგი მეთორმეტეს, და აწ უფლისთვის მიმინდვიაო მისი დახშობისა და გაღების საქმე. იმჟამად, ახალგაზრდა რუსეთი, თავისი მორალური სახის ჩამოყალიბების პროცესში იმყოფებოდა, პროცესში, რომელიც ერთობ ხანგრძლივია, არასწორხაზოვნად ვითარდება და საბოლოო ნაყოფს შორეულ მომავალში ანუ ამ ერის სიჭარმაგესაც წარმოაჩეს. საქართველოს მეფეებმა ამ გაურკვევლობის ოკეანეში გადაშვება ამჯობინეს სპარსეთისა და თურქეთის მათთვის ცნობილ, უკვე დადგენილ და იმთავითვე მიუღებელ ერთ ადგილზე გაყინულ და კონსერვირებულ მორალურ სახეს. სპარსეთი და თურქეთი არაოდეს ყოფილა ქართველი ხალხის ორიენტირი. შეუპოვარი წინააღმდეგობის გარდა ამ ქარიბდასა და სცილას შორის იგი ლავირებდა მხოლოდ მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ქართველების ჭეშმარიტი ორიენტირი მუდამ საკუთარი თავის იმედი, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა იყო. რუსეთთან არა არსებობის, არამედ სახელდობრ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად დასდო ხელშეკრულება საქართველომ, რადგან მათ გარეშე რაღა ფასი ექნებოდა არსებობას. ამიტომ იქედან მოყოლებული დღემდე და დღეიდან უკუნისამდე, რუსეთსაქართველოს ურთიერთდამოკიდებულების მიზანშეწონილება მხოლოდ გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული უფლებრივი სარწყულით განიზომება. მკვიდრად ჩავიბეჭდოთ თავში ეს აქსიომა, თორემ საკითხი: ან ტრაქტატით გათვალისწინებული სუვერენიტეტი, ან ხელშეკრულებამდელი მდგომარეობის დაბრუნება, არასოდეს მოძველდება.

19834 წ. (გადაშლილი 1984 წ.) ქ. ანგარსკი      

მ. კოსტავა

მერაბ კოსტავას ხელნაწერი (48-49 გვ.) „გზა ჭეშმარიტებისა“, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი

P.S. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება წარსულის შეუსაბამობებს ხაზი გადავუსვათ, ისინი მხოლოდ მაშინ შეიძლება ამოვძირკვოთ მეხსიერებიდან, როდესაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა იმდენად დაიხვეწება, რომ არც ამჟამად, არც მომავლისათვის სადაოს აღარაფერს დავტოვებთ. სწორედ ამ ურთიერთობათა ამგვარი სრულყოფისათვის უნდა ისწრაფვოდეს ის, ვისაც ჩვენი ხალხების ჭეშმარიტი მეგობრობა სწყურია. სცდება, ვისაც ჰგონია, რომ ამ საკითხში საწადელს უკვე ვეწიეთ და საბოლოო წერტილი დავსვით. ეს ურთიერთობა სტატიური არასოდეს ყოფილა და მომავალშიც განუწყვეტელ ევოლუციას ჰგულისხმობს. სრულყოფას მხოლოდ სამართლის ყოვლის განმკურნებელი სასწორით. ისე კი, აღარაფერი გვექნება საწინააღმდეგო მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიაროთ დედა ენის დონეზე რუსული ენა ქართულ სკოლებში, თუკი საქართველოს არაქართულ სკოლებში ასევე დედა ენის დონეზე გაივლიან ქართულს. თუ შენ მთავაზობ მეგობრობის განსამტკიცებლად შენს საყვარელ დედასაც ვეშვილო, მაშინ შენც, ჩემი კეთილი და სათნო დედა საკუთარ დედად უნდა მიიჩნიო, რადგან ამ საკითხში ცალმხრივობას იძულება დაერქმევა და არა ნებაყოფლობითობა.


მერაბ კოსტავას ხელნაწერი „გზა ჭეშმარიტებისა“ დაცულია თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში. ხელნაწერის ფოტომასალა გადაღებულია „ნეტგაზეთის“ მიერ, მუზეუმის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.