ახალი ამბები

ივანიშვილის განაცხადი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინებაა – უგულავა

11 იანვარი, 2021 • 1008
ივანიშვილის განაცხადი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინებაა – უგულავა

“ევროპული საქართველო” უპასუხისმგებლოს უწოდებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ და დასძენს, რომ ამ ნაბიჯით არსობრივად არაფერი იცვლება. აღნიშნულის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ ისაუბრა.

მისი განცხადებით, საქართველოს მოსახლეობამ ივანიშვილს 2020 წლის არჩევნებზე “წირვა გამოუტანა”, თუმცა მან “იჭირვეულა” და მხოლოდ ახლა დატოვა თანამდებობა. უგულავას განცხადებით, ეს არ ცვლის სურათს, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი და “ოცნება” ჯერ დამარცხდნენ არჩევნებზე, შემდეგ კი ძალაუფლება მიისაკუთრეს.

“ამიტომ დღევანდელი წერილი არსებითად არაფერს ცვლის. მე შორს ვარ იმ კონსპირაციისგან, რომ დავიწყო ახლა მსჯელობა, ივანიშვილი თავს გვაჩვენებს თუ მართლა მიდის.

თავისთავად ცხადია, რომ სანამ მორიგი მთავარი პროკურორი, შოთაძე თუ მურუსიძე მის მის მისაღებში იდგება სქელი საქაღალდეებით, ვინ დაიჭირონ და ვინ გამოუშვან, ძალაუფლება ისევ ივანიშვილის ხელში იქნება”, – დასძენს უგულავა.

მისივე განცხადებით, ივანიშვილმა ზემოხსენებული განცხადებით “უკიდურესი უპასუხისმგებლობა” გამოიჩინა და “გაიქცა” მაშინ, როცა ქვეყანა არაერთი გამოწვევის, მათ შორის, პანდემიის კრიზისის წინაშე დგას:

“…ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი უკიდურესი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინებაა. უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანას 8 წელიწადი მართავ მილიარდერი და შენი მმართველობის შემდეგ გასამმაგებული ვალი რჩება ქვეყანას, შვილებსა და შვილიშვილებს გადასახდელად.

უპასუხისმგებლობაა, როდესაც შენი მმართველობისას პრაქტიკულად 2.5-ჯერ დევალვირდა ეროვნული ვალუტა, რამაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გააღარიბა და უბედურ დღეში ჩააგდო. უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, როდესაც გარბიხარ მაშინ, როცა ქვეყანაში პანდემიაა და პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, შენზე და შენ მიერ მოყვანილ ადამიანებზეა”.


დღეს, 11 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლა გადაწყვიტა. ივანიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” გუნდს შეუძლია მისი “შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება”.

ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. „ქართული ოცნების“ წესდების თანახმად, მისი ადგილი დროებით უნდა დაიკავოს გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

„ოლიგარქების არაფორმალური გავლენის შეზღუდვა“ – დახმარების შენარჩუნების პირობა აშშ-ის კანონპროექტში

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის

მასალების გადაბეჭდვის წესი