ახალი ამბები

პასუხისმგებლობის თავიდან აცილების დეკლარირებაა – დეკანოიძე ივანიშვილის წერილზე

11 იანვარი, 2021 • 1382
პასუხისმგებლობის თავიდან აცილების დეკლარირებაა – დეკანოიძე ივანიშვილის წერილზე

“ერთიან ნაციონალური მოძრაობაში” პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბიძინა ივანიშვილის წერილს პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობად აფასებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ივანიშვილს აღარ სურს პარტიულ თანამდებობაზე დარჩენა ქვეყანაში არსებული პრობლემების ფონზე, მეორე მხრივ კი, ცდილობს, “საერთაშორისო სანქციებს” გაექცეს.

“ეს წასვლა არის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების დეკლარირება იმიტომ, რომ ქვეყანა არის დეფოლტის წინ: მილიარდობით საგარეო ვალი, რომელიც აიღო ქვეყანამ და კიდევ აპირებენ ამ ვალის აღებას; უმძიმესი ეკონომიკური, სოციალური თუ ჯანდაცვის კრიზისი; პოლიტიკური კრიზისი…

ამიტომ ახლა გადაწყვიტა, რომ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას აუცილებლად დაეკისრება, მიუხედავად იმისა, სად წავა და სად მოვა, მთლიანად გადაჰკიდოს საკუთარ გუნდს.

…პირველ რიგში, ამაზე უნდა დაფიქრდეს “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა, რომ ივანიშვილი გაექცა პასუხისმგებლობას და ქვეყანა დეფოლტის წინაშე დატოვა”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

ენმ-ის ლიდერი ივანიშვილის ამ განცხადებას ასევე უკავშირებს მისი ქონების საკითხსა და “საერთაშორისო სანქციებს”, რომლებსაც, დეკანოიძის თქმით, აუცილებლად განიხილავენ.

“ვფიქრობ, [ივანიშვილს] უნდა, რომ ჩრდილში გაექცეს საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც აუცილებლად იქნება განხილვის თემა ძალიან მალე. ამას ჰაერზე არ ვამბობ. გადაწყვიტა, რომ თავისი ქონება დამალოს “ქართუში”, რომლის წილის ძირითადი მფლობელი არის ოფშორი.

ახლა, როდესაც მსოფლიოში კიდევ უფრო გამახვილდება ყურადღება ხელისუფლებაში ოლიგარქიული რეჟიმების ყოფნასთან დაკავშირებით, გადაწყვიტა, რომ გადამალოს ეს ქონება და გავიდეს ჩრდილში, რაც არ მოშლის იმ არაფორმალური მმართველობის ბერკეტებს, რომელიც აქვს ივანიშვილის ჩვეულებრივ”, – დასძენს ენმ-ის ლიდერი.

“ნეტგაზეთმა” ხატია დეკანოიძეს ასევე ჰკითხა “ქართული ოცნების” ოპოზიციაში გადასვლის შესახებ, რასაც ივანიშვილი თავის “მთავარ ოცნებად” ასახელებს “კეთილსინდისიერი” ოპოზიციური ძალის გამოჩენის შემთხვევაში. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი საპასუხოდ დასძენს, რომ “ოცნებას” 2020 წლის არჩევნებზე უკვე ჰქონდა შანსი, ხელისუფლება მშვიდობიანად გადაებარებინა, თუმცა “ეს შანსი არ გამოიყენა და ხელისუფლება მიიტაცა”.


დღეს, 11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლა გადაწყვიტა. ივანიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” გუნდს შეუძლია მისი “შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება”.

ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. „ქართული ოცნების“ წესდების თანახმად, მისი ადგილი დროებით უნდა დაიკავოს გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის

მასალების გადაბეჭდვის წესი