ახალი ამბები

რატომ უნდა იყოს პოლიტიკანი პარლამენტში და არა მეცნიერი? – ზილფიმიანი

5 იანვარი, 2021 • 1281
რატომ უნდა იყოს პოლიტიკანი პარლამენტში და არა მეცნიერი? –  ზილფიმიანი

პარლამენტის ახლად დამტკიცებული დეპუტატი, დავით ზილფიმიანი მიიჩნევს, რომ პარლამენტში, „პოლიტიკანების“ გარდა, ასევე მეცნიერებიცა და ბიზნესმენებიც უნდა ისხდნენ.

დღეს პარლამენტმა 4 ახალი დეპუტატი დაამტკიცა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარიას, ირმა ინაშვილის, დავით ლომიასა და გოჩა თევდორაძის ნაცვლად შევლენ. ერთ-ერთი მათგანი „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შესული დავით ზილფიმიანია.

სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ზილფიმიანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რის გაკეთებას აპირებს პარლამენტში და რაში არ ეთანხმება მმართველ გუნდს.

„არც ბიზნესმენი და არც მეცნიერი, მით უმეტეს, მეცნიერი – ეს არ არის უარყოფითი ცნება პარლამენტში ყოფნისთვის. თქვენ რატომ გგონიათ, რომ პოლიტიკანი უნდა იყოს პარლამენტში და არა მეცნიერი ან ბიზნესმენი?“ – ამბობს დავით ზილფიმიანი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კონკრეტულ პასუხს არ იძლევა და ამბობს, რომ აპირებს იმას, რასაც მანამდე აკეთებდა.

„მე არ მომწონს მართლმსაჯულება და ვაპირებ სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას. მე არ მომწონს ის კანონმდებლობა, რომელიც რეალურად ხელს უშლის ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებას და ვაპირებ შეცვლას, და მესამე, რაღა თქმა უნდა, აუციელებლად გადასახედია მთელი ის დასტა კანონებისა, რომელიც მიუღებლად მიმაჩნია, რომელიც ჩადებული ნაღმებია. მათი წაკითხვა, სასამართლო სხდომების დროსაც კი ორნაირად შეიძლება.. რომელი პოლიტიკანი აპირებდა ამას?“ – დასძენს ის.

„პატრიოტთა ალიანსის“ სამმა წევრმა და ლიდერმა – ირმა ინაშვილმა, გოჩა თევდორაძემ და გიორგი ლომიამ – საპარლამენტო მანდატზე უარი განაცხადა. თუმცა ამ მანდატს დათანხმდა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი სხვა წევრი – გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია.

ფრიდონ ინჯია, რომელიც პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიით შევიდა, სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს და ახალი პარტიის შექმნას აანონსებს.

წაიკითხეთ ასევე:

ინჯია “პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს და “ევროპელი სოციალისტების” შექმნას აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი