“ევროპელი სოციალისტების” წევრი, დეპუტატი დავით ზილფიმიანი პრეზიდენტს რეკომენდაციას აძლევს, ნიკა გვარამია შეიწყალოს. ამის შესახებ მან დღეს, 21 ივნისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ხელისუფლებას მეტის გაკეთება შეეძლო, რომ ევროკომისიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გაეცა, რა დროსაც გამოყო პრეზიდენტის როლი ამ საკითხში:
“ხელისუფლებამაც ალბათ ის არ გააკეთა, რაც უნდა გაკეთებინა. მოდით, კონკრეტულად ვთქვათ პრეზიდენტი. პრეზიდენტს ხომ უფრო უკეთესად აქვს პულსზე ხელი დადებული და ხედავს, რისი გაკეთებაა საჭირო და რისი არა.
მაგალითად, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. მე ერთი დეპუტატი, დავით ზილფიმიანი, რეკომენდაციას ვუწევ [გვარამიას] განთავისუფლებაზე. რატომ? იმიტომ, რომ არ სჭირდება ამას შესვლა [საუბარი] ჩვენი სასამართლო სისტემის ავკარგობაზე. ეს არ იგულისხმება კანონით. უბრალოდ შეგიძლია შეიწყალო და მორჩა. დამატებით გვინდა რაღაც გამართლება? დიახ, ბევრ ოპოზიციონერზე უფრო გონიერი და უფრო ინტელექტუალია, თუ ეს უბრალოდ დამატებისთვისაა საჭირო. რატომ მიგვყავს აქამდე საქმე, თუკი გრძნობ, რომ შველა შეიძლება”, – განაცხადა ზილფიმიანმა.
გამოსვლის ბოლოს კი დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
