ახალი ამბები

პარლამენტმა ინაშვილს, ლომიას და თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

4 იანვარი, 2021 • 1126
პარლამენტმა ინაშვილს, ლომიას და თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

პარლამენტმა “პატრიოტთა ალიანსის” წევრებს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება  შეუწყვიტა. კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 4 იანვარს გაიმართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, “პატრიოტთა ალიანსმა” 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზე 3.14% მიიღო და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, თუმცა, სხვა  ოპოზიციური პარტიების მსგავსად, საპარლამენტო მანდატებზე უარი “პატრიოტთა ალიანსმაც” თქვა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, “პატრიოტთა ალიანსის” პარტიულ სიიდან ოთხ წევრს არ მიუმართავს რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.

საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან – მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მიერ პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ცესკომ 31 დეკემბერს გამოაქვეყნა – ამ სიაში არ შედიან დავით ზილფიმიანი, სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე, სიის მე-5 ნომერი გელა მიქაძე და მე-7 ნომერი ფრიდონ ინჯია. შესაძლოა, რომ ინაშვილის, ლომიას და თევდორაძის ადგილმონაცვლეებად პარლამენტში სწორედ ეს ადამიანები შევიდნენ.

დავით ზილფიმიანი, რომელიც “პატრიოტთა ალიანსის” პარტიულის სიის მე-8 ნომერია, ღია წერილს აქვეყნებს, რომლითაც ირკვევა, რომ ის პარლამენტში შედის.

დავით ზილფიმიანი “პატრიოტთა ალიანსის” სიაში მე-8 ნომერია და  უპარტიოდაა მითითებული. ზილფიმიანამდე ავთანდილ ენუქიძემ უკვე განაცხადა, რომ პარლამენტში შედის.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, დღეს მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატების საკითხი იმიტომ განიხილეს, რომ ამ პარტიის საარჩევნო სიის სხვა წევრებმა პარლამენტში მათი ადგილები დაიკავონ.

“რატომ “პატრიოტთა ალიანსი”? — იმიტომ, რომ, როგორც მოგეხსენებათ, “პატრიოტთა ალიანსის” სია ცესკოში ჩახსნილი არ არის და რამდენიმე წევრს ამ სიიდან აქვს სურვილი, რომ იმ შემთხვევაში, თუ “პატრიოტთა ალიანსის” ეს პირველი სამი ადამიანი გავა პარლამენტიდან, მათ დაიკავონ მათი ადგილები ადგილმონაცვლეობის პრინციპიდან გამომდინარე”, — განაცხადა ქადაგიშვილმა.

“პატრიოტთა ალიანსის” წევრების გარდა, სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თხოვნით პარლამენტს სხვა ოპოზიციური პარტიების წევრებმაც მიმართეს. თუმცა მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი ჯერჯერობით არ განიხილავს.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, ამის მიზეზი ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებია. მისი თქმით, “ქართული ოცნება” მოლაპარაკებების ფორმატს ითვალისწინებს.

“რაც შეეხება სხვა წევრებს, რა თქმა უნდა, მათი საკითხის განხილვაც იქნება დადგენილ ვადებში და, ამავდროულად, ჩვენ ვითვალისწინებთ მოლაპარაკებების ფორმატს, ელჩების რეკომენდაციასაც და პოლიტიკურ პროცესს ვაძლევთ ფორმატს, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი”, — განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი