ახალი ამბები

პატრიოტთა ალიანსის სიის წევრი ზილფიმიანი პარლამენტში შედის 

3 იანვარი, 2021 • 1648
პატრიოტთა ალიანსის სიის წევრი ზილფიმიანი პარლამენტში შედის 

დავით ზილფიმიანი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის პარტიულის სიის მე-8 ნომერია, ღია წერილს აქვეყნებს, რომლითაც ირკვევა, რომ ის პარლამენტში შედის. 

ზილფიმიანი “ნეტგაზეთის”  ზარებს არ პასუხობს, პირველი არხის მიერ გამოქვეყნებულ წერილში კი წერს:

“ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ლეგიტიმურად დადგება ჩემი პარლამენტში შესვლის საკითხი, მაშინ, ქვეყნის ინტერესების, ჩემი პირადი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრის გათვალისწინებით, მივიღებ გადაწყვეტილებას, შევიდე პარლამენტში და ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, დავკავდე პოლიტიკით, რადგან ღრმად მწამს, რომ დაუშვებელია ოპონირების გარეშე ქვეყნის მართვის პროცესის მიტოვება და პარლამენტიდან კვლავაც ვიბრძოლებ მედიათავისუფლების, ქვეყნის მაღალტექნოლოგიური განვითარებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის“. 

დავით ზილფიმიანი “პატრიოტთა ალიანსის” სიაში მე-8 ნომერია და  უპარტიოდაა მითითებული.  

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, “პატრიოტთა ალიანსმა” 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზე 3.14% მიიღო და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, თუმცა სხვა  ოპოზიციური პარტიების მსგავსად, საპარლამენტო მანდატებზე უარი “პატრიოტთა ალიანსმაც” თქვა. 

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პატრიოტთა ალიანსის პარტიულ სიიდან ოთხ წევრს არ მიუმართავს რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.  

საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან – მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მიერ პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ცესკომ 31 დეკემბერს გამოაქვეყნა – ამ სიაში არ შედიან დავით ზილფიმიანი, სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე, სიის მე-5 ნომერი გელა მიქაძე და მე-7 ნომერი ფრიდონ ინჯია.  

ზილფიმიანამდე ავთანდილ ენუქიძემ უკვე განაცხადა, რომ პარლამენტში შედის.

ნეტგაზეთი პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ირმა ინაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც ამ თემაზე გამოცემასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი