ახალი ამბები

რა ჯდება საახალწლო სუფრა საქართველოში

29 დეკემბერი, 2020 • 4362
რა ჯდება საახალწლო სუფრა საქართველოში

საახალწლო სუფრა ყველაზე ძვირი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონშია, ყველაზე იაფი კი – სამეგრელო-ზემო სვანეთში. მონაცემები თსუ-ს ეკონიმიკის საერთაშორისო სკოლას(ISET) ეკუთვნის, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს საახალწლო სუფრის ინდექსს.

ორგანიზაციამ წელსაც დაითვალა, რა უჯდება სტანდარტული სადღესასწაულო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში. ISET-ის თანახმად, საახალწლო სუფრის საშუალო ფასი ახლა 168.2 ლარია, რაც 4.2%-ით მაღალია 2019 წლის მაჩვენებელზე.

“წინა წელთან შედარებით, საახალწლო სუფრა საქართველოს ყველა რეგიონში გაძვირდა, გარდა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლისა”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

ISET-ის საახალწლო სუფრის ინდექსი. მონაცემების წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2020 წ.

ორგანიზაციის უფროსი მკვლევარი ია კაცია “ნეტგაზეთთან” აღნიშნავს, რომ ინდექსი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, რომლებიც პროდუქტების ფასებს შეეხება და რეგიონების მიხედვით გროვდება.

“მოცემული კერძების ინგრედიენტების ფასებს ვაკვირდებით და ვიღებთ პროპორციებს. ასე ვითვლით ფასებს ყველა რეგიონისთვის”, – დასძენს ის.

წელს ორგანიზაციამ რიგი ტრადიციული კერძების, მათ შორის, მწვადის, საცივის, ხაჭაპურის, კალმახის, შემწვარი ქათმის, ოლივიეს, ფხალის, კიტრისა და პომიდვრის სალათის ინგრედიენტების ფასები დაითვალა.

“2020 წლის დეკემბერში, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა. ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგი პროდუქტებისთვის: ყველი (15%), კვერცხი (11%), პომიდორი (10%), რძე (9%), ბადრიჯანი (7%), ქათმის ხორცი (6%), თაფლი (9%). თუმცა შემცირდა ვაშლის (-10%), სტაფილოსა (-8%) და კარტოფილის (-3%) ღირებულება”, – აღნიშნავენ ავტორები.

ISET-ის თანახმად, ფასები განსაკუთრებით გაიზარდა იმპორტირებულ პროდუქტებზე; ასევე, ფიქსირდება ისეთ პროდუქტებზე, რომელთა წარმოებისთვისაც იმპორტირებული საწარმოო საშუალებები გამოიყენება.

“მიუხედავად ამისა, წინა წელთან შედარებით, სურსათის ფასები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. 2020 წლის ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი ასახავს წინა წლის საბაზისო ფასების მაღალ დონეს და შეიძლება კავშირში იყოს მთლიანი მოთხოვნის შემცირებასთანაც, რაც COVID-19-ის პანდემიას მოჰყვა.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე სასტუმროების, რესტორნების, კაფეების სექტორიდან შემცირებული მოთხოვნა და მომხმარებელთა შემცირებული შემოსავლები შეიძლება იყოს მოსალოდნელზე დაბალი სურსათის ფასების ინფლაციის მიზეზი.

გარდა ამისა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, ტურისტების რაოდენობა, განსაკუთრებით ზამთრის კურორტებზე, მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც, თავის მხრივ, შეანელა ფასების ზრდა”, – ვკითხულობთ კვლევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი