ახალი ამბები

“არა ნამახვანჰესს, არა ონის კასკადს” – აქტივისტები სასამართლოსთან აქციას მართავენ

29 დეკემბერი, 2020 • 1346
“არა ნამახვანჰესს, არა ონის კასკადს” – აქტივისტები სასამართლოსთან აქციას მართავენ

ნამახვანის და ონის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ სამოქალაქო აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა, შეწყდეს აღნიშნული კასკადების მშენებლობა, კომპანია “ენკამ” დატოვოს რიონის ხეობა, გამოცხადდეს მორატორიუმი და დაიწყოს საჯარო დისკუსიები ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით.

დღეს, 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ონის კასკადთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო. პროცესი გადაიდო, თუმცა სამოქალაქო აქტივისტები სასამართლოს შენობასთან მაინც შეიკრიბნენ

“შეიძლება მოხდეს ისე, რომ მძიმე ლოქდაუნს დაამთხვიონ სასამართლო განხილვა და ჩვენ საერთოდ აღარ მოგვეცეს იმის საშუალება, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოსამართლესაც და ზოგადად, სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ნუ იმოქმედებენ ისე უკანონოდ, როგორც აქამდე იქცევიან. მოვუწოდებთ მათ და მოვითხოვთ, რომ დღევანდელი სახელმწიფო პოლიტიკა გადაიხედოს და შეიცვალოს”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა.

გოლეთიანის განმარტებით, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ქვეყანაში საჯარო დისკუსიების გარეშე არ გადაწყდეს ისეთი საკითხები, რომლებიც მოსახლეობის სააარსებო გარემოს ძირფესვიანად ცვლის.

რიონის ხეობაში, სოფელ ჟონეთში სამოქალაქო აქტივისტები 65-ე დღეა კარავში ცხოვრობენ და ამ გზით ცდილობენ მშენებლობის დაწყებაში ხელის შეშლას.

გოლეთიანის თქმით, 25 ოქტომბერს კარვები ისეთ ადგილას გაშალეს, სადაც მშენებლობა არ მიმდინარეობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც შეამჩნიეს, რომ კომპანია აქტიურად აგრძელებდა სამშენებლო სამუშაოებს, სხვა ტერიტორიიდან იქ გადაინაცვლეს, სადაც უშუალოდ სამუშაოები გრძელდებოდა. კარვების დადგმამდე კი, 29 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაც გამართეს და მშენებლობის ადგილას ჯვარიც აღმართეს. კონკრეტულ ტერიტორიამდე ჯვრის ატანის პროცესში მათ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციამ, თუმცა საბოლოოდ მოსახლეობამ ჯვრის აღმართვა მაინც მოახერხა. აღნიშნული ტერიტორიიდან კომპანია “ენკა რინიუებლზმა” ტექნიკა მეორე დღეს, 30 ოქტომბერს გაიყვანა.

მოსახლეობამ და აქტივისტებმა ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად აქცია 14 ნოემბერსაც გამართეს და ქუთაისიდან ლეჩხუმისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათით გადაკეტეს. როგორც გოლეთიანმა განუცხადა “ნეტგაზეთს”, აქციის მონაწილეები ერთმანეთზე ჯაჭვით იყვნენ დაკავშირებული, რა დროსაც პოლიცია მათ “მიაწვა” და ხალხი წაიქცა.

“შეგვდგნენ პოლიციელები ზემოდან. მათ შორის წიხლებიც ურტყეს ვიღაცებს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გოლეთიანმა. მისი თქმით, 200- კაციანი აქციის დაშლაში დაახლოებით 100 პოლიციელი მონაწილეობდა.

ნამახვანისა და ონის კასკადების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია გაიმართა 10 დეკემბერსაც. აქციის მონაწილეები კანცელარიის შენობასთან შეიკრიბნენ და მოითხოვდნენ მორატორიუმის გამოცხადებას, კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას და კასკადების მშენებლობის შესახებ საჯარო განხილვების დანიშვნას.

აღნიშნულ საკითხზე აქციის მოანწილეებმა კანცელარიაში მთავრობის მისამართით წერილიც შეიტანეს.

ზიანი თუ სარგებელი? – რას მოუტანს რაჭას ონში ჰესების აშენება

მასალების გადაბეჭდვის წესი