ახალი ამბები

„მთავარი არხი“: „ოცნება“ მარეგულირებელში გვიჩივის

28 დეკემბერი, 2020 • 1010
„მთავარი არხი“: „ოცნება“ მარეგულირებელში გვიჩივის

„მთავარი არხის“ იურისტი თამთა მურადაშვილი იუწყება, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მაუწყებელს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (GNCC) უჩივის.

„მთავარმა არხმა“ უარი განაცხადა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის „ქართული ოცნების“ უფასო საარჩევნო რეკლამის განთავსებაზე. კობახიძის თანახმად, მაუწყებელს ამის ვალდებულება კანონით ეკისრებოდა.

კობახიძის საჩივარი

„ტელეკომპანია „მთავარმა“ საჯაროდ გაცხადებული უარი კიდევ ერთხელ დაადასტურა ელექტრონული შეტყობინებით, რომელიც მივიღეთ ჩვენი წერილის პასუხად“, – წერს კობახიძე და ასკვნის, რომ ამ ნაბიჯით მაუწყებელმა მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია.

კობახიძე GNCC-ს ამ საკითხზე „შესაბამის რეაგირებას“ სთხოვს. GNCC-მ, „მთავარი არხის“ იურისტის გამოქვეყნებული „სქრინშოტის“ თანახმად, ამ საკითხზე სხდომა 31 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩანიშნა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 13 ნოემბერს ფეისბუკზე დაწერა, რომ არხის გადაწყვეტილებით, ცესკოს ან/და „ქართული ოცნების“ საარჩევნო რეკლამას ეთერში არ გაუშვებდნენ, „თუნდაც ეს კანონდარღვევა იყოს“.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ნებას, გამოხატულს საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობაში და მეორე ტურებში მონაწიეობის მიღებაზე უარის თქმაში. არ ვაპირებთ, შემოსავალი მივიღოთ ქართველი ხალხის ნების ქურდების და დამნაშავეებისგან, მით უფრო, მათი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის ხელშეწყობის გზით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„აღარ გვაქვს არც კანონისმიერი ფორმალობების დაცვის, არც კანონდარღვევის გამო ჯარიმის შიშის და, მით უმეტეს, არც შემოსავალზე ზრუნვის უფლება არა გვაქვს“, – დაწერა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი