ახალი ამბები

“ბორდმა გამაცნო შეფასება და მე მივიღე გადაწყვეტილება” – ნიჟარაძე ISFED-ს ტოვებს

25 დეკემბერი, 2020 • 1068
“ბორდმა გამაცნო შეფასება და მე მივიღე გადაწყვეტილება” – ნიჟარაძე ISFED-ს ტოვებს

“სამართლიანი არჩევნების” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თქმით, მისი გადადგომის შესახებ მოთხოვნა ორგანიზაციის ბორდს არ დაუყენებია, თუმცა გააცნეს საკუთარი შეფასება, რის შემდეგაც მან მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება. ამის შესახებ ნიჟარაძემ ISFED-ში ბრიფინგზე ისაუბრა.

“ეს საკითხი როდესაც დადგა და ბორდმა გამოაქვეყნა და ისაუბრეს ბორდის წარმომადგენლებმა იმის შესახებ, რომ ისინი ხედავენ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხს, რომ ამის კომუნიკაცია შესაბამისად შეიძლება არ მოხდა, აქ იყო ჩემი ცალსახა მიდგომა, რომ მე შემიძლია ეს გადაწყვეტილება მივიღო და გადავდგე თანამდებობიდან. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიღბული იქნა ჩემ[მიერ]… ასე არ დაყენებულა მოთხოვნის თვალსაზრისით, მათ [ბორდმა] უბრალოდ თავისი შეფასება გამაცნეს და მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ნამდვილად არ არის ეს პრობლემა და შემიძლია გადაავდგე თანამდებობიდან”, – განაცხადა ნიჟარაძემ.

ნიჟარაძის თქმით, მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა თანამდებობიდან გადადგომა, თუ ეს ორგანიზაციის რეპუტაცვიის დაცვას ისახავს მიზნად. ნიჟარაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არჩევნების პარალელურ დათვლასთან დაკავშირებული შეცდომა ორგანიზაციისთვის და პირადად მისთვის “ძალიან მძიმე” იყო, რადგან ორგანიზაციის მიზანი მაღალი სტანდარტების დაცვაა. თუმცა ნიჟარაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ” პროცენტული თვალსაზრისით ეს იყო მცირედი სხვაობა, რასაც მანდატებზე გავლენა არ მოუხედენია”.

ელენე ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღმასრულებელი დირექტორის პოსტთან ერთად ისფედსაც ტოვებს და არ იცის, სად გააგრძელებს საქმიანობას

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა’ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ელენე ნიჟარაძემ განაცხადა, რომ პარალელურ დათვლაში აღმოჩენილი ხარვეზის გამო თავის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავდა. ის ამბობდა, რომ ორგანიზაციამ მაქსიმალურის გაკეთება შეძლო იმისათვის, რომ მაღალი სტანდარტი დაეცვა.

დღეს, 25 დეკემბერს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) გამგეობის წევრებმა – თამარა სართანიამ და ბაია პატარაიამ ISFED-ის პარალელური ხმის დათვლის (PVT) მონაცემებში შეცდომის შესახებ სპეციალური კომისიის მოკვლევის დასკვნა წარმოადგინეს.

ცდომილების მიზეზის მოკვლევის კომისიის დასკვნით, ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ხარვეზი ადამიანური შეცდომაა, თუმცა ამ შეცდომის საზოგადოებისთვის დაგვიანებით გაცნობის პასუხისმგებლობა აღმასრულებელ დირექტორს ეკისრება. შესაბამისად, ელენე ნიჟარაძე აღარ არის “სამართლიანი არჩევნების” დირექტორი, რაც გამგეობის ინფორმაციით, კონსენსუსის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა.

შეცდომა მდგომარეობდა პარალელური დათვლის მონაცემებში ბათილი ბიულეტენების ჩათვლაში, საქართველოს კანონმდებლობით კი, ბათილი ბიულეტენები შედეგებში არ აისახება. ISFED-ის გამგეობის ცნობით, შეცდომა იყო ფორმულაში, რომელიც ბათილ ბიულეტენებსაც ათვლიდა.

 

ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით ISFED-ის შეცვლილი PVT შედეგები ცესკოს მონაცემებს ემთხვევა

მასალების გადაბეჭდვის წესი