ახალი ამბები

ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით ISFED-ის შეცვლილი PVT შედეგები ცესკოს მონაცემებს ემთხვევა

11 დეკემბერი, 2020 • 2314
ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით ISFED-ის შეცვლილი PVT შედეგები ცესკოს მონაცემებს ემთხვევა

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა’ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.

მანამდე, ISFED-ის პარალელური დათვლით, “ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ- 47.6%. სხვაობა 1.8%-ია. ცეკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, “ქართულმა ოცნებამ” 48.2 პროცენტი მიიღო, რაც 0.4%-ით მეტია ISFED-ის პარალელური დათვლის მონაცემზე. თუმცა ISFED აცხადებს, რომ მისი მონაცემის ცდომილების ზღვარი 0.7 პროცენტია. 1 პროცენტით გაიზარდა ენმ-ის რეიტინგი და 27.4% გახდა. ენმ/ძალა ერთობაშიას, ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, 27.18 პროცენტი აქვს მიღებული. ISFED-ის ცდომილების ზღვარი 0.6%-ია. სხვა ბარიერგადალახული პარტიების მონაცემებიც მცირედით (0.1%) გაზრდილია.

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი განახორციელა.

  • შიდა აუდიტი PVT-ის სტანდარტული პროცედურაა და ოთხ ეტაპს მოიცავს:
  • დამკვირვებლების მიერ გამოგზავნილი მონაცემების აუდიტი;
  • საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შესწორების ოქმების გადამოწმება;
  • ცდომილების ხარისხის გამოთვლის სისწორის აუდიტი;
  • არჩევნების დღის პროცესთან დაკავშირებული მონაცემების გადამოწმება.

შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა. თუმცა გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ახორციელებდა კომპლექსურ დაკვირვებას მთელ საარჩევნო პროცესზე.  მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში”, – ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.

ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები:

დაზუსტებამდე, არჩევნების მეორე დღეს ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული შედგები ასეთი იყო:

“სამართლიანი არჩევნების” PVT შედეგებს აკრიტიკებდა “ქართული ოცნება”, ხოლო მისი ოპონენტების ნაწილს იმის საილუსტრაციოდ მოჰყავდა, რომ ცესკოს შედეგები სანდო არ იყო, რადგან მმართველ პარტიას PVT-ით უფრო ნაკლები პროცენტი ჰქონდა, ვიდრე ცესკოს შედეგებით.„სამართლიანი არჩევნების“ არჩევნების დღის დაკვირვება ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიას. ორგანიზაციის განმარტებით, PVT მეთოდოლოგია ითვალისწინებს დამკვირვებლების შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე განთავსებას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია.

დღეს “ფორმულამ” და მთავარმა არხმა” წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ორგანიზაციაზე მონაცემების შეცვლის კუთხით მმართველი პარტია ზეწოლას ახორციელებდა. ISFED-ის დირექტორმა ზეწოლის ფაქტები უარყო. მან აღნიშნა, რომ ის “ქართული ოცნების’ წარმომადგენლებს ესაუბრა.

“ზეწოლა რა შუაშია, იყო მარტივი აცდენა სურათისგან. წარმოიდგინეთ, PVT-ის თანახმად გამოდის, რომ ბარიერს ზემოთ ყველა პარტიას უჯდება მინუსი, რაც შეუძლებელია. ჩვენ აღმოვაჩნეთ მარტივი ხარვეზი და მოვითხოვოეთ მონაცმები, რომლებიც ამ ხარვეზს დაადასტურებს და თუ ეს ხარვეზი გამოსწორდება, მარტო ჩვენი მონაცემები კი არ გამოსწორდება, მაგალითად ენმ-ს აცდენა არის 0.8 პროცენტი, ევროპული საქართველოს აცდენა თუ არ ვცდები 0.2 პროცენტია და ა.შ. ეს ყველაფერი ერთბაშად გასწორდება. PVT აჩვენებდა რომ ბარიერს ზემოთ მყოფმა ყველა პარტიამ ხმები წაართვა ბარიერს ქვემოთ მყოფ პარტიებს, რაც აბსურდია”, – განაცხადა დღეს “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ISFED-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა ონლაინ რეჟმში გაიმართა და მას “ოცნების” ახალი სახეები ესწრებოდნენ.

განახლება: სტატიის თავდაპირველ ვარიანტში ეწერა, რომ კორექტირებული შედეგებით ოპოზიციის რეიტინგი ჯამურად შემცირებულია, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი