ახალი ამბები |

ელენე ნიჟარაძე ISFED-ის დირექტორი აღარაა – გამგეობის წევრი

24 დეკემბერი, 2020 | | 658
ელენე ნიჟარაძე ISFED-ის დირექტორი აღარაა – გამგეობის წევრი

“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ელენე ნიჟარაძე აღარ იკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ISFED-ის გამგეობის წევრმა, თამარა სართანიამ დაუდასტურა.

მისი თქმით, დამატებით დეტალებზე ISFED-ის წარმომადგენლები ხვალ, 25 დეკემბერს ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.

“ნეტგაზეთი” შეეცადა ელენე ნიჟარაძესთან დაკავშირებას, თუმცა ჩვენს ზარს არ პასუხობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა’ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ელენე ნიჟარაძემ განაცხადა, რომ პარალელურ დათვლაში აღმოჩენილი ხარვეზის გამო თავის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავდა. ის ამბობდა, რომ ორგანიზაციამ მაქსიმალურის გაკეთება შეძლო იმისათვის, რომ მაღალი სტანდარტი დაეცვა.

ISFED-ის ხარვეზი | რა მოხდა? – ინტერვიუ ელენე ნიჟარაძესთან

მასალების გადაბეჭდვის წესი