ახალი ამბები

ითხოვდნენ თამარ ჟვანიას გადადგომას და ელენე ნიჟარაძე გადადგა – მდინარაძე

25 დეკემბერი, 2020 • 1581
ითხოვდნენ თამარ ჟვანიას გადადგომას და ელენე ნიჟარაძე გადადგა – მდინარაძე

“ითხოვნდენ ჟვანიას გადადგომას და ელენე ნიჟარაძე გადადგა”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თანამდებობის დატოვების საკითხს.

“ჩემი საქმე არ არის, უნდა წასულიყო თუ არა [ელენე ნიჟარაძე]. ნამდვილად არ არის ჩემი საქმე და არც არასდროს არ ჩავერევი კითხვაზე პასუხის დონეზეც კი. მაგრამ რა რეალობა მივიღეთ ამ ქვეყანაში – “ქართულ ოცნებას” და ცესკოს აბრალებდნენ არჩევნების გაყალბებას და უცებ, ერთ მშვენიერ დღეს, აღმოჩნდა სკანდალი ის, რომ თურმე პარალელური დათვლის მონაცემები გაყალბებულა და არა არჩევნები.

ითხოვნდენ ჟვანიას გადადგომას და, როგორც თქვენ ახლა მიყვებით, ელენე ნიჟარაძე გადადგა. ნამდვილად სასაცილო სიტუაცია იქნებოდა, ეს რომ არ შეეხებოდეს ქვეყანაში ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძველს – არჩევნებს და მის დემოკრატიულ ჩატარებას. ასევე, პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას და ჩვენვე ვართ ვალდებულები, როგორც მე, ჩვენი გუნდის წარმომადგენლები, ასევე თქვენც, ჟურნალისტები, გავუფრთხილდეთ განსაკუთრებით დასავლური, ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების იმიჯს. თუ რომელიმე ადამიანმა, ელენე ნიჟარაძესაც კი არ მინდა რამე დავაბრალო მისი განცხადებების და ქმედებების მიუხედავად… რომელიმე ადამიანმა ზეგავლენა მაოხდინა მასზე ან მის თანამშრომელზე და ჩაერია ისეთი ბინძური ფორმით, რომ ჩვენ შედეგად PVT-ის გაყალბებაც კი მივიღეთ, მაშინ კარგად უნდა მივაკვლიოთ ასეთ ადამიანს”, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თუმცა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ნიჟარაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია პირველად მაშინ გაიგო, როდესაც ჟურნალისტებმა ამის შესახებ დაუსვეს შეკითხვა.

ელენე ნიჟარაძის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 24 დეკემბერს გავრცელდა. აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ISFED-ის გამგეობის წევრმა თამარა სართანიამ დაუდასტურა, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარი 25 დეკემბერს დაგეგმილ პრესკონფერენციამდე არ ისურვა.

“ნეტგაზეთი” შეეცადა ელენე ნიჟარაძესთან დაკავშირებას, თუმცა ჩვენს ზარს არ პასუხობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა’ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ელენე ნიჟარაძემ განაცხადა, რომ პარალელურ დათვლაში აღმოჩენილი ხარვეზის გამო თავის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავდა. ის ამბობდა, რომ ორგანიზაციამ მაქსიმალურის გაკეთება შეძლო იმისათვის, რომ მაღალი სტანდარტი დაეცვა.

ISFED-ის ხარვეზი | რა მოხდა? – ინტერვიუ ელენე ნიჟარაძესთან

მასალების გადაბეჭდვის წესი