ახალი ამბები

ჟვანიას ქმარს, რომელიც ISFED-ში მუშაობს, არჩევნების დაკვირვებასთან შეხება არ აქვს — ნიჟარაძე

14 დეკემბერი, 2020 • 2181
ჟვანიას ქმარს, რომელიც ISFED-ში მუშაობს, არჩევნების დაკვირვებასთან შეხება არ აქვს — ნიჟარაძე

“სამართლიანი არჩევნების”(ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე გამორიცხავს, რომ ცესკოს თავდმჯდომარის, თამარ ჟვანიას ქმარს, რომელიც ISFED-ში მუშაობს, პარალელურ დათვლაში აღმოჩენილ ხარვეზთან რამე აკავშირებდეს.

ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა ნიჟარაძეს ჰკითხა, შესაძლოა თუ არა, რომ ჟვანიას ქმარს პარალელური დათვლის სისტემასთან წვდომა ჰქონოდა, ან ხარვეზის შესახებ წინასწარ ინფორმაციას მისგან გაეჟონა. ნიჟარაძის თქმით, ჟვანიას ქმარს, პოზიციიდან გამომდინარე, პარალელურ დათვლასთან არანაირი შეხება არ აქვს.

“თამარ ჟვანიას მეუღლე ნამდვილად ძალიან დიდი ხანია მუშაობს ორგანიზაციაში, თუმცა მას, პოზიციიდან გამომდინარე, არანაირი შეხება არ აქვს არჩევნების დაკვირვებასთან და განსაკუთრებით PVT მეთოდოლოგიასთან და პროგრამასთან. შესაბამისად, ჩემი მხრიდან აბსოლუტურად გამოვრიცხავ იმას, რომ რაღაც გავლენა მოეხდინა ამ მონაცემებზე, ან მისი მხრიდან ინფორმაციის გაჟონვა მომხდარიყო იმიტომ, რომ მან უბრალოდ ეს ინფორმაცია არ იცის პოზიციიდან გამომდინარე”, — განაცხადა ნიჟარაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა’ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი