ახალი ამბები

გრეგოროვა „ოცნების“ კანონპროექტებზე: „ეს არის ნაბიჯი უკან“

23 დეკემბერი, 2020 • 1198
გრეგოროვა „ოცნების“ კანონპროექტებზე: „ეს არის ნაბიჯი უკან“

ევროპარლამენტის წევრი, ევრონესტის საპარლამენტო ასოციაციის დელეგაციის ვიცე-თავმდჯომარე და მწვანეების ევროპული კავშირის წევრი მარკეტა გრეგოროვა კომენტარს აკეთებს საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ კანონპროქტებზე, რომლითაც პარტიები, ვინც უარს იტყვის პარლამენტში შესვლაზე, საბიუჯეტო დაფინანსებასა და სხვა უფლებებს დაკარგავენ.

კიდევ ერთი კანონპროექტი კი საარჩევნო რეგისტრაციიდან პარტიის მოხსნას ეხება, თუ მის სააგიტაციო კამპანიაში ჩაერთვება პირი, რომელიც კონსტიტუციურ ცენზს ვერ აკმაყოფილებს.

გრეგროვამ „ნეტგაზეთს“ წერილობითი კომენტარი გამოუგზავნა, რომლიდანაც ვიგებთ, რომ მისი აზრით „დემოკრატიის ამგვარი შეზღუდვა სრულიად მიუღებელია“, ხოლო კანონპროექტების მიღების შემთხვევაში „საქართველო სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, რა მიმართულებით სურს სვლა“.

„ვფიქრობ, ზუსტად ეს არის დემოკრატიაში გადადგმული ნაბიჯი უკან, რომლის შესახებაც საქართველოს მთავრობას წინა წელს ვაფრთხილებდით. დემოკრატიის ამგვარი შეზღუდვა სრულიად მიუღებელია. არჩეულ პარტიებს აქვთ უფლება, გაახმიანონ თავიანთი აზრი და წარმოადგინონ საკუთარი ხედვა. მათ ეს უფლება გამოიყენეს და არ შეიძლება, ამის გამო უფლებები წაართვან. ეს თუ მოხდა, საქართველო სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, რა მიმართულებით სურს სვლა“, — მიიჩნევს ევროპარლამენტის წევრი.

„ოცნების“ კანონპროექტი

ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც ცესკოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით ბარიერი გადალახეს და პარლამენტში შევიდნენ, უარი თქვეს მანდატებზე. მიზეზად ისინი მმართველი პარტიის მიერ არჩევნების გაყალბებას ასახელებენ.

საპასუხოდ, „ოცნებამ“, რომელიც ამ ეტაპზე პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, დააანონსა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც პარტიები, რომლებმაც უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე, კარგავენ საბიუჯეტო დაფინანსებას და საარჩევნოდ უფასო საეთერო დროით სარგებლობას უფლებას. კიდევ ერთი კანონპროექტი კი საარჩევნო რეგისტრაციიდან პარტიის მოხსნას ეხება, თუ მის სააგიტაციო კამპანიაში სხვა ქვეყნის მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას.

კანონპროექტს აკრიტიკებენ ოპოზიციაში და არასამთავრობო სექტორის ნაწილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი