ახალი ამბები

ისანში საარჩევნო უბნიდან ენმ-ის დამკვირვებელი გააძევეს

31 ოქტომბერი, 2020 •
ისანში საარჩევნო უბნიდან ენმ-ის დამკვირვებელი გააძევეს
თბილისში, ისნის 75-ე საარჩევნო უბნიდან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გააძევეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უთხრა. როგორც ის ამბობს, დამკვირვებელი მუშაობაში ხელს უშლიდა.
“არ გვაცდიდა, უბანი გაგვეხსნა და მუშაობაში გვიშლიდა ხელს. წამდაუწუმ ერეოდა კომისიის მუშაობაში. თან დაგვიწერა საჩივარი, რომელსაც არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. რომ ჩამაბარა, მერე ცდილობდა შესწორებას, რადგან დრო არასწორად ჰქონდა მითითებული და ხელი არ ჰქონდა მოწერილი. მივიდა მაგიდასთან და იქ ცდილობდა ამის შესწორებას. დავაფიქსირეთ, რომ მივიდა და ამომრჩეველს ეხმარებიდა ხმის მიცემაში. ეს ყველაფერი, მე მგონი, არამართებულია” ,- აცხადებს იანა ჩივილევი.
გაძევებული დამკვირვებელი ლეილა არახამიაა. კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, პარტიამ დამკვირვებელი უნდა ჩაანაცვლოს.

“წილისყრაზე დარღვევა დავაფიქსირე. ვისაც რა პოზიცია სურდა, წილისყრის პროცესში გადაცვალეს. ეს რომ დავაფიქსირე, ჩემ მიმართ იყო დიდი აგრესია. სწორედ ამის გამო გამომაძევეს უბნიდან. საჩივარი დავწერე, თუმცა გამიბათილეს. ვინც საჩივარი დაწერა, დროის მითითება შეეშალა. როცა ვიკითხე, შეიძლება გადავაკეთო საჩივარი-მეთქი, ამის საშუალება არ მომცეს და ორი საჩივარი გამიბათილეს. წინაღმდეგობა რომ გავუწიე, პატრული გამოიძახეს და უბნიდან გამომაძევეს”,-აცხადებს ენმ-ის დამკვირვებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი