ახალი ამბები

“ზეწოლას ახდენენ მხარეებზე, მოლაპარაკების დეტალები გაასაჯაროონ” – თალაკვაძე

8 დეკემბერი, 2020 •
“ზეწოლას ახდენენ მხარეებზე, მოლაპარაკების დეტალები გაასაჯაროონ” – თალაკვაძე

“ქართული ოცნების” ლიდერი არჩილ თალავკაძე აცხადებს, რომ გარკვეული რადიკალური ჯგუფები მედიაში გაკეთებული განცხადებებით ზეწოლას ახდენენ მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებზე, რათა შეხვედრების ყველა დეტალი წინასწარ გაასაჯაროონ:

“ბოლო დღეებში რადიკალურ ჯგუფს ვხედავთ, რომელიც მედიაში გაკეთებული კომენტარებით ზეწოლას ახდენენ მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებზე, რომ მათ მოლაპარაკების ყველა დეტალი წინასწარ გაასაჯაროონ, რაც მოგეხსენებათ, არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო მოლაპარაკებებშიც კი ასეთი პრაქტიკა არ არის მიღებული.

მოლაპარაკებები როდესაც მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ბაზისურ ინფორმაციას ვაწვდით საზოგადოებას, მაგრამ დეტალები გასაჯაროვდება მას შემდეგ, რაც დასრულდება მოლაპარაკება. პოზიციები არის დაახლოებული და არის ალბათობა, რომ შეთანხმება შედგეს”,- ამბობს არჩილ თალაკვაძე.

თალაკვაძე აცხადებს, რომ არჩევნების ხელახლა ჩატარებასთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებას” პოზიცია არ შეუცვლია და ამ ნაბიჯის გადადგმას არ განიხილავენ, თუმცა ისაუბრეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით და ამ შეხვედრამ, თალაკვაძის თქმით, პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვა:

“თქვენ ნახეთ, რომ დღესაც იყო ხანგრძლივი შეხვედრა. მე მსურს, კიდევ ერთხელ „ქართული ოცნების” სახელით მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მათ ელჩებს. დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც უფრო დაგვაახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც პოლიტიკურ სტაბილურობას გამოიწვევს და გრძელვადიანი თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს.

ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. ჩვენ პრაქტიკულად ამ საკითხზე პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოვებული, შესაძლებელია სრულიად, რომ ეს გახდეს შეთანხმების მთავარი საკითხი. რა თქმა უნდა, 11 დეკემბერს შედგება საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, ამიტომ ჩვენ მანამდე უნდა გამოვიყენოთ დრო და შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოლაპარაკება დავასრულოთ წარმატებით. სხვა საკითხებზე თქვენ იცით “ქართული ოცნების” პოზიცია, ის არ შეცვლილა. პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე ჩვენმა მოქალაქემ უკვე გააკეთა თავისი არჩევანი, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა განგიცხადოთ, რომ „ქართული ოცნების” მხრიდან განმეორებითი არჩევნები ან მასთან მიახლოებული და დაკავშირებული რაიმე ვერსია არ განიხილება. ჩვენ დღეს ვიმუშავეთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის გაგრძელების პოლიტიკური ნება „ქართულ ოცნებას” ჰქონდა და აქვს დღესაც”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“ოპოზიცია რჩება ერთიანი” – კომენტარები შეხვედრების მე-4 რაუნდის შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი