ახალი ამბები

საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტი არ დაფიქსირებულა — ცესკო

31 ოქტომბერი, 2020 • 1266
საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტი არ დაფიქსირებულა — ცესკო

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, დღეს, 31 ოქტომბერს მიმდინარე არჩევნებზე, 12 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მოსყიდვა არ დაფიქსირებულა.

“როგორც მოგეხსენებათ, ამომრჩეველთა მოსყიდვა, ეს არის კანონის დარღვევა და ამაზე გათვალისწინებულია შესაბამისი რეაგირება სისხლის სამართლის კოდექსში. საარჩევნო უბნებზე მსგავსი ფაქტები არ დაფიქსირებულა, ხოლო უბნის გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე, თუკი, სამწუხაროდ, ხდება მსგავსი ფაქტები, ეს სცდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას და შესაბამისი უწყებები მოახდენენ რეაგირებას. ამასთან, ამომრჩევლის გადაადგილების შეზღუდვა საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის მანძილზე არის დაუშვებელი”,  — განაცხადა ანა მიქელაძემ.

მიქელაძე ასევე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბნიდან “ევროპული საქართველოს” და “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელებს საარჩევნო ყუთის გატაცების მცდელობა ჰქონდათ.

ანა მიქელაძის თქმით,  ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთი  ადგილზეა, რაც შეეხება ყუთის გატაცების მცდელობას, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება მიმდინარეობს.

დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათისათვის საარჩევნო უბნებზე 681 583 ამომრჩეველი გამოცხადა და მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, რაც საერთო რაოდენობის 19.41 %- ია. ხმის მიცემის პროცესი გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი