ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არტაკ ბეგლარიანი: ბაქო დატყვევებულ სომეხ ჯარისკაცებს მალავს

23 დეკემბერი, 2020 • 889
არტაკ ბეგლარიანი: ბაქო დატყვევებულ სომეხ ჯარისკაცებს მალავს

აზერბაიჯანი დატყვევებული სომეხი ჯარისკაცების რეალურ რიცხვს მალავს. ამის შესახებ დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენმა არტაკ ბეგლარიანმა განაცხადა, რომელიც დღეს თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას სომხური news.am ავრცელებს.

ბეგლარიანის თქმით, აზერბაიჯანმა სომხურ მხარეს ამ დრომდე გადასცა 53 სამხედრო ტყვე, მათ შორის, ქალებიც.

“ორი ასაკოვანი მამაკაცი გარდაიცვალა ციხეში. არსებობს მტკიცებულება მათ მიმართ ძალადობრივი მოპყრობასთან დაკავშირებით. დაბრუნებულების უდიდესი ნაწილი საუბრობს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ. მათი ნაწილი ამ დრომდე მკურნალობს საავადმყოფოებში”, – განაცხადა ბეგლარიანმა.

ომბუდსმენის თქმით, ათობით სომეხი რჩება აზერბაიჯანის ტყვეობაში, რომლებიც ოფიციალურ მონაცემებში შეყვანილი არ არიან. მისივე თქმით, დატყვევებულთა შორისაა 62 სომეხი ჯარისკაცი, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ ხწაბერდში/ჩაილაქალაში დააკავა [სოფელი ჰადრუთის/ხოჯევანდის რაიონში, სადაც საბრძოლო ინციდენტი ომის დასრულების შემდეგ მოხდა], “ასევე, სხვა პირებიც”.

ბეგლარიანის თქმით, ისინი უპირობოდ უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში.

რატომ ტოვებს ბეგლარიანი თანამდებობას 

დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველმა არტაკ ბეგლარიანმა საკუთარი twitter-ის ანგარიშის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.

მისი თქმით, თანამდებობას ტოვებს, რათა მოცემული გამოწვევებისა და საჭიროებების გასამკლავებლად დე ფაქტო ყარაბაღის მთავრობაში იმუშაოს. “გავაგრძელებ ბრძოლას ადამიანის უფლებების დასაცავად”, – აცხადებს იგი.


ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, მთიანი ყარაბაღის იმ ნაწილზე, სადაც ოფიციალური ბაქოს იურისდიქცია არ ვრცელდება, რუსული სამშვიდობო ძალები განთავსდნენ. ამავდროულად, მუშაობას აგრძელებს დე ფაქტო მთავრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი