ახალი ამბები

ცნობილი მოგზაური ტიმ სევერინი გარდაიცვალა

23 დეკემბერი, 2020 • 2291
ცნობილი მოგზაური ტიმ სევერინი გარდაიცვალა

19 დეკემბერს ცნობილი ბრიტანელი მოგზაური, მწერალი და ისტორიის მკვლევარი ტიმ სევერინი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას IrishTimes ავრცელებს.

სევერინი საქვეყნოდ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ირლანდიიდან ამერიკის კონტინენტზე, ნიუფაუნლენდში, ანტიკური ტექნიკით აგებული ნავით გაცურა, რათა დაემტკიცებინა, რომ მეექვსე საუკუნის ირლანდიელ წმინდანს – წმ. ბრენდანს შეეძლო ატლანტიკის ოკეანის გადაცურვა და ამერიკის კონტინენტზე ჩაღწევა.

ტიმ სევერინი 1984 წელს იმყოფებოდა საქართველოშიც. მან ააგო ცნობილი გემი “არგო”, რათა გაემეორებინა არგონავტების მარშრუტი საბერძნეთიდან ანტიკურ კოლხეთამდე. ეკიპაჟის 40 წევთან ერთად, ხელნაკეთი გემით ფოთის პორტში შემოვიდა, ხოლო მოგვიანებით იმოგზაურა ქუთაისში, ვანში, ნოქალაქევსა და ისტორიული კოლხეთის სხვა ადგილებში.

ტიმ სევერინი ფოთში ფიალით ხელში / ფოტო: ფოთის ციფრული ფოტომატიანე – 1984

სევერინის სახელს უკავშირდება მარკო პოლოს მარშრუტის გამეორება, მოგზაურობა მისისიპიში, სინდბადის, ულისესა და ჩინეთის მოგზაურობა. მოგზაური 1988 წელს ევროპიდან ცხენით ჩავიდა იერუსალიმში, რათა გამოეცადა, რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ჯვაროსნული ლაშქრობების დროს იერუსალიმში ჩასვლა. ასევე, მოგზაურობდა ჩინგიზ ხანისა და მობი დიკის საძებნელად.

ბრიტანელ მოგზაურს აქვს მიღებული სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების ოქროს მედალი, ასევე, შოტლანდიის გეოგრაფიული საზოგადოებისა და ირლანდიის საზღვაო ინსტიტუტის ჯილდოები.

ფოტო გარეკანზე – ტიმ სევერინი ვანში, ფოტო – ნანა გერსამია/ციფრული ფოტომატიანე

მასალების გადაბეჭდვის წესი