“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ომარ ნიშნიანიძე სტუდენტებთან ერთად აგებული ხომალდით, რომელსაც “არგო” დაარქვა, ფოთიდან ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის მიმართულებით, მდინარე რიონში, გაცურავს.
როგორც ნიშნიანიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, პერფორმანსის მიზანი ტიმ სევერინის მოგზაურობიდან 35 წლისთავის აღნიშვნა და ოქროს საწმისის ლეგენდის გაცოცხლებაა.
ნიშნიანიძის განცხადებით, ხომალდს სტუდენტებთან ერთად ორი თვეა აშენებს:
“იდეა კარგა ხანია მქონდა. შემოდგომაზე, ჩემს სტუდენტებთან ერთად, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის პირველიურსელებთან ერთად, გადავწყვიტე ეს გაგვეკეთებინა ტიმ სევერინის მოგზაურობიდან 35 წლისთავზე.
დავიწყეთ მომზადება და უკვე ორი თვეა ვაგებთ ამ ხომალდს ძველ ფაზისში და მოვიყვანეთ თითქმის ბოლომდე. დღეს და ხვალ უკვე დასრულდება და ზეგ ჩავუშვებთ მდინარეში. 31 მაისს გვექნება გამოცილება ფოთიდან, ხოლო 2 ივნისს მივალთ გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმთან, სოფელ ჭყვიშში, ეს არის ჩვენი გეგმა”, – ამბობს ნიშნიანიძე “ნეტგაზეთთან”.
მისი თქმით, ნაოსნობას წარმოდგენის სახე ექნება და ეკიპაჟის წევრები ლეგენდის გმირების ფორმებს განასახირებენ. ყოფილი დეპუტატის თქმით, სტუდენტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი თავადაც იქნება:
“მეც ვიქნები ეკიპაჟის წევრი. მთავარია, რომ უსაფრთხოდ იყვნენ სტუდენტები, ყურადღება სჭირდებათ. სამეცნიერო-ექსპერიმენტული ექსპედიცია ჩაატარა უკვე ტიმ სევერინმა და დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ეს შესაძლებელია. ამჯერად ჩვენ ისტორიას ვაცოცხლებთ. ეს არის უფრო პერფორმანსი, შეიძლება ითქვას, სპექტაკლი, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ქართველებსაც და უცხოელებსაც, ეს ისტორია ჩვენია”, – ამბობს ნიშნიანიძე.
მისი თქმით, “არგო” საკუთარი ხარჯებით ააშენა და სამომავლოდ, დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მდინარე რიონის კალაპოტის გაწმენდა და “არგოს” მსგავსი მცირე ზომის კატერებით ამ მიმართულებით ტურისტრული მარშრუტის შექმნა:
“არის ასეთი წინადადება, რომ თუ მდინარე რიონის კალაპოტი ოდნავ მაინც გაიწმინდება, მომცრო ზომის,”არგოს” ფორმის კატერებმა შეიძლება ტურისტებისთვის იმოძრაონ, ვთქვათ, ფოთი-ჭვიშის მიმართულებით. ან უფრო შორიდანაც შეიძლება, შეკვეთილიდან ან ქობულეთიდან. ეს თანხებთანაა დაკავშირებული, მხოლოდ ჩემი ძალებით ვერ შევძლებ. ეს ხომალდიც საკუთარი სახსრებით გავაკეთე”, – ამბობს ნიშნიანიძე.
ომარ ნიშნიანიძის აშენებული ხომალდი “არგო” ნაოსნობას ფოთიდან 31 მაისს დაიწყებს.
წინა მოწვევის პარლამენტის დროს ომარ ნიშნიანიძე ქუთაისის საპორტო ქალაქად ქცევის იდეით გამოდიოდა.