ახალი ამბები

„უთენია მოვიდნენ და დაგვინგრიეს“ – სახლების დემონტაჟი თვალჭრელიძის ქუჩაზე

23 დეკემბერი, 2020 • 3262
„უთენია მოვიდნენ და დაგვინგრიეს“ – სახლების დემონტაჟი თვალჭრელიძის ქუჩაზე

დღეს დილას ვარკეთილში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, ე.წ. ღიმილის უბანში თვითდახმარების მიზნით აშენებული სახლები დაანგრიეს.

„რადიო თავისუფლების“ პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა მცხოვრებმა, აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდა კაცმა თქვა, რომ მერიის და პოლიციის წარმომადგენლები დილის 7 საათზე მივიდნენ და უთხრეს, სახლი დაეცალა.

„2010-დან ამას ვაშენებ. ამ დილას შვიდ საათზე დაგვადგნენ. პირველი გაფრთხილება იყო 4 დღის წინ. აქ ვცხოვრობდი რამდენი ხანია“, – ამბობს იგი.

„სადაც უნდათ იქ ნახონ, თუ სადმე რამე ქონება მიფიქსირდება. ეს იყო ბოლო შანსი“, – თქვა მან.

„რადიოს“ ცნობით, ამ დილას შვიდი ნაგებობა დაანგრიეს, რომელთაგან ხუთი აუშენებელი, ორი კი თითქმის დასრულებული იყო.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა უნებართვო ერთბინიანი კერძო სახლების დაგეგმილი დემონტაჟის შესახებ 18 დეკემბერს განაცხადა.

სამსახურის წარმომადგენელმა საზოგადოებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოვლინდა 7 უკანონოდ მშენებარე ნაგებობა, რომელიც დანგრევას ექვემდებარება“.

ინსპექციის სამსახურმა მოქალაქეებს გარკვეული ვადა მისცა, რათა თავადვე დაენგრიათ ნაგებობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას სახელმწიფო თავად გააკეთებდა.

ინსპექციის განმარტებით, საუბარი იყო დაუსრულებელ შენობებზე, სადაც მოქალაქეები ჯერ შესახლებული არ იყვნენ.

ჩატარებული ბრიფინგის მიხედვით, მოსახლეობას სახლების დემონტაჟისთვის 4 დღე მიეცა, თუმცა განცხადებებში ნათქვამი იყო, რომ ამისთვის 2 დღე ჰქონდათ.


აფრიკაში სახლები რამდენიმე დღის წინ, 15 დეკემბერს, დაანგრიეს, რასაც პროტესტი მოჰყვა. მერიამ განაცხადა, რომ იქ არავინ ცხოვრობდა და ამ ადამიანებს სხვა ქონება უფიქსირდებათ.

21 დეკემბერს მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ განაცხადა, რომ „რეიდები გამკაცრდება“.

[განახლება: თავდაპირველად მასალაში დასახლების ადგილმდებარეობა არაზუსტად იყო მითითებული. მასალა დასახლების მდებარეობის დაზუსტების მიზნით განახლდა]

გირჩევთ წაიკითხოთ:

ცხოვრება ქუჩაში პანდემიისა და ცივი ზამთრის პირობებში

აფრიკა: რატომ ჩნდება ასეთი დასახლებები და როგორია სახელმწიფოს საცხოვრისის პოლიტიკა

“გავამკაცრებთ რეიდებს” – მუნიციპალური ინსპექცია

10000-ლარიანი გირაო შეუფარდეს აფრიკაში მცხოვრებ ვანო ფოცხვერაშვილს

მასალების გადაბეჭდვის წესი