ახალი ამბები

აფრიკის დასახლებაში მცხოვრები პირები სამგორის გამგეობასთან აქციას მართავენ

14 თებერვალი, 2022 • 964
აფრიკის დასახლებაში მცხოვრები პირები სამგორის გამგეობასთან აქციას მართავენ

სამგორის გამგეობასთან აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები აქციას მართავენ. ისინი თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრასა და მიწების დაკანონებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები სამგორის გამგეობის შენობაში იმყოფებოდნენ, ისინი პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შსს-ის თანამშრომლებს გამგეობის შენობასთან ცოცხალი კედელი აქვთ აღმართული:

„მინდა მთავრობას ვთხოვო, არ დამინგრიონ სახლი. სხვა სახლ-კარი არ მაქვს. რომ დამინგრიონ, ქუჩაში დავრჩები. არ წავალთ, სანამ პირობას არ მოგვცემს კალაძე“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე „მთავარ არხთან“.

14 დეკემბერს თბილისის მუნიციპალური ინსპექტირების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფრიკის დასახლებაში გამოავლინა უკანონო მშენებლობის 12 ფაქტი, შემდეგ კი აღნიშნული ნაგებობები დაანგრია.

ნგრევის პროცესს მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. დაშავდა ერთი ფეხმძიმე ქალიც.

პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა ერთი პირი, რასაც მოგვიანებით სასამართლომ სასჯელის სახით 10 000- ლარიანი გირაო შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი